Facebook Twitter

ბს-165-165(2კ-18) 21 ივნისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ლ-ამ, გ. გ-ამ, ბ. გ-ამ, გი. გ-ამ 30.09.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოითხოვეს მოსარჩელეთა ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. №62 განკარგულების ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. ლ-ას შორის 11.03.2009წ. გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელე მხარემ 26.10.2016წ. განცხადებით დააზუსტა მოპასუხეთა წრე და დამატებით მოპასუხედ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2016წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ზ. ლ-ა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. ლ-ას, გ. გ-ას, ბ. გ-ას, გი. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. ლ-ას, გ. გ-ას, ბ, გ-ას და გი. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელეთა ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. №62 განკარგულება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. ლ-ას შორის 11.03.2009წ. გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 28.05.2009წ. №403 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012წ-ში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 1.3, 5.6, 2.1.5 პუნქტებზე, "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნა, რომ დამაჯერებლობასაა მოკლებული, რომ ნ. ლ-ამ, გ. გ-ამ, ბ. გ-ამ, გი. გ-ამ წლების განმავლობაში არ იცოდნენ გასაჩივრებული გარიგების შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის ერთ-ერთი და აუცილებელი მოთხოვნა იყო ოჯახის წევრთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ხელშეკრულების თაობაზე ცნობილიც რომ არ ყოფილიყო მოსარჩელეთათვის, ამ უკანასკნელთა პრეტენზია მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ოჯახის უფროსის, ზ. ლ-ას მიმართ. ამასთანავე, ინფორმაცია დევნილთა ოჯახის შემადგენლობის დადგენის, მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობის შესახებ და დაკავებული ფართების აზომვითი სამუშაოების წარმოება არ შედიოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავოდ ქცეული ხელშეკრულების დადებისას აუცილებელი იყო ხელშეკრულებაში მითითებული ყველა პირის წერილობითი თანხმობა, უსაფუძვლოა, რადგან მათ აღნიშნული ხელშეკრულებით არ დაკისრებიათ რაიმე ვალდებულება სზაკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად.

კასატორმა - საქართველოს პრეზიდენტმა „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ„ კანონის 6.1 და 6.5 მუხლებზე და „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე მითითებით აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. №62 განკარგულება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. სადავო ურთიერთობა რეგულირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონით, რომელიც არ ითვალისწინებს მხარის მონაწილეობას ადმინისტრცაიული წარმოების პროცესში. ამასთანავე, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეთათვის ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში იყო ცნობილი, რომ ისინი, როგორც დევნილები, დაკმაყოფილებულნი იყვნენ საცხოვრებელი ფართით.

კასატორებმა სსკ-ს 128-130-ე მუხლებზე, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონზე მითითებით აღნიშნეს, რომ გასულია სადავო ხელშეკრულების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი სამ წლიანი ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 06.03.2012წ. წერილით ნ. ლ-ას ეცნობა, რომ მის ოჯახს საკუთრებაში ჰქონდა გადაცემული ფართი, რის გამოც მათი საცხოვრებელი პირობების ხელმეორედ განხილვა მიზანშეუწონელი იყო. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ აღნიშნული წერილის ჩაბარება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების მომენტად, რადგან მოსარჩელეს არ ჩაბარებია სადავო განკარგულება და ხელშეკრულება. საკასაციო პალატა, აგრეთვე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელეთათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მაგთან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე