Facebook Twitter

ბს-176-176(კ-18) 21 ივნისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ყ-მა 12.01.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 08.12.2016წ. N1920/02-02-22/03-01 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის კ. ყ-ის მიერ წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვის დავალების, მოსარჩელისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებისა და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად შესაბამისი დოკუმენტის გაცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.05.2017წ. გადაწყვეტილებით კ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 08.12.2016წ. N1920/02-02-22/03-01 გადაწყვეტილება, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა კ. ყ-ის მიერ წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2017წ. განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.05.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ კ. ყ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და არ შეესაბამებოდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 26.08.2016წ. N281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის "ე.ზ" და "ე.ე" ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ საბრძოლო მოკვლევას ხელმოწერით უნდა ადასტურებდეს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი, ამავე ინსტრუქციის თანახმად ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა აგრეთვე ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები და სასამართლოს გადაწყვეტილება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან/და გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არ იყო წარმოდგენილი რაიმე საბუთი ან ინფორმაცია, რომლითაც დადგინდებოდა ჯ. რ-ის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ან გარდაცვალების ფაქტი, ასევე კანონის მოთხოვნით შედგენილი საბრძოლო მოკვლევა და მისი რომელიმე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხვა-ამორიცხვა. ყოველივე ზემოაღნიშნული ქმნიდა კ. ყ-ის განცხადებაზე ხარვეზის დადგენის საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კ. ყ-მა პირველად 21.07.2016წ. მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 28.07.2016წ. წერილით კ. ყ-ს ეცნობა, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად და ამავე წერილით განესაზღვრა საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი. კ. ყ-მა 06.12.2016წ. განმეორებით მიმართა განცხადებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და წარუდგინა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კ. ყ-ის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს შორის იყო საბრძოლო მოკვლევა, რომელიც უთითებდა ჯ. რ-ის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ, ასევე ჯ. რ-ის გარდაცვალების მოწმობა, რომელშიც გარდაცვალების მიზეზად აღნიშნული იყო საომარი მოქმედებების დროს დაღუპვის ფაქტი, აგრეთვე შესაბამისი უწყებების მიერ კ. ყ-ის სახელზე გაცემული ცნობები საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და მთლიანობისათვის ომში დაღუპული მარჩენალი მეუღლის ჯ. რ-ის დაღუპვის გამო ერთჯერადი სადაზღვევო თანხისა და პენსიის გაცემის შესახებ. ზემოაღნიშნული გარემოებები და დოკუმენტაცია ერთობლიობაში ქმნიდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიერ ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვის საფუძველს. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 26.08.2016წ. N281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით წარმოსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის არც "ე.ე" და არც "ე.ზ" ქვეპუნქტები არ ითვალისწინებს საბრძოლო მოკვლევის სავალდებულო რეკვიზიტებს, ხოლო ჯ. რ-ის გარდაცვალების ფაქტის და მისი საომარ მოქმედებებთან მიზეზობრივი კავშირის დადგენა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებიდან, მათ შორის გარდაცვალების მოწმობის შეფასებით შეეძლო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის, შეფასებისა და შესწავლის შემდეგ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (ზაკ-ის 53.5 მუხლი). ამდენად, ვინაიდან კ. ყ-ის მიერ წარდგენილი იყო ყველა ის დოკუმენტი, რისი წარდგენაც მას შეეძლო, შესაბამისად სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხრიდან არსებობდა კ. ყ-ის განცხადებისა და წარდგენილი დოკუმენტების არსებითად განხილვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი