Facebook Twitter

# ბს-238-238 (2კ-18) 28 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. კ-მა 20.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, მოპასუხის 07.05.2016წ. #1118625 ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.2017წ. გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 07.05.2016წ. #1118625 ბრძანება ზ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზ. კ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ზ. კ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ზ. კ-მა.

კასატორი ზ. კ-ი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობრივია სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ ერთი მხრივ არ გაიზიარა გენერალური ინსპექციის დასკვნაში მოყვანილი არგუმენტები, ხოლო მეორე მხრივ მიიჩნია, რომ საჭირო იყო საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევა. სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინებით გასაჩივრებული აქტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ხელახალი გამოკვლევის მიზნით დაბრუნების გარეშე ბათილად უნდა ცნობილიყო და ზ. კ-ი უნდა აღდგენილიყო სამსახურში.

კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ კანონის 4-ე, 16.2, 57.1 მუხლების დანაწესზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის მიერ 17.12.1979 წ. მიღებულ მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსის მოთხოვნებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამსახურებრივი მოკვლევით დადგინდა, რომ ზ. კ-მა ჩაიდინა პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედება, რაც კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მისი სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი გახდა. გაუგებარია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნაში მოყვანილი ფაქტების არსებობის შემთხვევაში საკითხი ცდება დისციპლინური სამართალწარმოების საკითხს, ვინაიდან აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდგება გადაწყვეტილების სამოტიცავიო ნაწილის მსჯელობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლად მითითებულ გენერალური ინსპექციის დასკვნასთან მიმართებაში. დასკვაში მითითებულ ფაქტებს არ ამყარებს შესაბამისი მტკიცებულებები. დაუსაბუთებელია მხოლოდ გამოკითხულ პირთა განმარტებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება, რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შეფასება არ მიეცა გასაჩივრებული ბრძანების მიღებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შესრულებულა საქმის გარემოებების გამოკვლევის თაობაზე სზაკ-ის 53-ე, 97-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება. გასაჩივრებული აქტი მიღებულ იქნა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე. დამატებით კვლევას საჭიროებს გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითებული საკითხები. სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. უკეთუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (საზკ-ის 32.4 მუხ.). მართებულია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნაში მოყვანილი ფაქტების არსებობის შემთხვევაში საკითხი ცდება დისციპლინური სამართალწარმოების საკითხს. ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დასტურდება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის მართებულობა სადავო საკითხზე და უსაფუძვლოა კასატორების საკასაციო პრეტენზიები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი