Facebook Twitter

#ბს-377-377(კს-18) 7 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. მ-ე

მესამე პირი - კ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 13 ივნისს ა. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, აგრეთვე, მესამე პირის - კ. ბ-ის მიმართ.

მოსარჩელემ ა. მ-ის ნაწილში „ბათუმის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 1 ივნისის #3 საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე ა. მ-ის სახელზე გაცემული #1671 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2011 წლის 22 სექტემბრის #12 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2011 წლის 22 სექტემბრის #12 საოქმო გადაწყვეტილება ა. მ-ის ნაწილში „ბათუმის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 1 ივნისის #3 საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე ა. მ-ის სახელზე გაცემული #1671 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ“; მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ა. მ-ის საკუთრების უფლების მოწმობასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (განჩინებით) ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (განჩინება) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გაეგზავნა 2017 წლის 14 დეკემბერს და ჩაჰბარდა 2018 წლის 22 იანვარს, ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ამოეწურა 2018 წლის 5 თებერვალს, 24:00 საათზე. ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევიდა 2018 წლის 6 თებერვალს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა არის ისეთი საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების ვადა კანონითაა განსაზღვრული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. იმავე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგანაც განსახილველ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაჰბარდა საქმეში მითითებულ მისამართზე 2018 წლის 22 იანვარს, ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ იგი გასაჩივრდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით - 2018 წლის 6 თებერვალს, ამდენად, სახეზეა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაჰბარდა 2018 წლის 22 იანვარს, რასაც იგი სადავოდ არ ხდის, თუმცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების საფუძველზე შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო დასახელებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე, საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მხარეთა უფლება-მოვალეობებს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიწის აღიარების კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს და მას არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მიწის აღიარების კომისიის აქტები საჩივრდება სასამართლოში. გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო დავის პირობებში ხშირია შემთხვევები, როდესაც მიწის აღიარების კომისია წარმოადგენს მოპასუხეს/მოსარჩელეს, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მონაწილეობს როგორც მესამე პირი.

ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიას 2018 წლის 22 იანვარს (სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში), ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის აღიარების კომისიას აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა მომდევნო დღეს - 2018 წლის 23 იანვარს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა 2018 წლის 6 თებერვალს, 24 საათზე იწურებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გაეგზავნა 2017 წლის 14 დეკემბერს და ჩაჰბარდა 2018 წლის 22 იანვარს. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 22 იანვრით დათარიღებული და ხელმოწერილი გზავნილით ცალსახად დგინდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორედ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ჩაჰბარდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ჩაჰბარდა 2018 წლის 22 იანვარს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2018 წლის 23 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14-დღიანი ვადა 2018 წლის 5 თებერვალს (ორშაბათი), 24:00 საათზე იწურებოდა. ამასთან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სააპელაციო საჩივრით, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 6 თებერვლით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვალს, ე.ი. სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული დანაწესი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა კანონით იმპერატიულად არის განსაზღვრული, იგი წარმოადგენს კანონისმიერ განსაზღვრულ შეუქცევად ვადას, შესაბამისად, იგი არ ექვემდებარება გაგრძელებასა და აღდგენას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაწესი დამოუკიდებელია ვადის დარღვევის მიზეზებისაგან, რაც გულისხმობს იმას, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით იმპერატიულად დადგენილი ვადის აღდგენა და გაგრძელება დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის, ვადის საპატიო მიზეზებით გაშვების დროსაც.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა რეალიზებული, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი, ხელმოწერილი და 2018 წლის 22 იანვრით დათარიღებული გზავნილის თანახმად, გზავნილის ადრესატს არა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, არამედ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის გაგზავნილი უწყებები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიას ბარდებოდა, რასაც ადასტურებს თითოეულ გზავნილზე არსებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის შტამპი. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიისათვის უწყების ჩაბარებას ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე მხარისათვის პრობლემა არ წარმოუქმნია. ამასთან, სასამართლო უწყება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმში, ლუკა ასათიანის ქ. #25) გაეგზავნა, სადაც ასევე მდებარებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეში არსებულ თავად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემულ უფლებამოსილების მინიჭების შესახებ 2017 წლის 9 აგვისტოს #636 განკარგულებაზე დასმულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის შტამპი.

საკასაციო სასამართლო მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია წარმოადგენდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის გაგზავნილი უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილ ორგანოს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მასზედ, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება 22 იანვარს ჩაჰბარდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიას, ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კი - მომდევნო დღეს, 2018 წლის 23 იანვარს, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო უწყების ჩაბარება დამოუკიდებელია მერიის აპარატში დოკუმენტაციათა შიდაუწყებრივი განაწილებისაგან. ამდენად, მერიის კანცელარიისათვის სასამართლო უწყების ჩაბარებით გზავნილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინების დაწყების თარიღის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მერიის აპარატის მიერ გზავნილის უშუალოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის გადაცემის მომენტი, არამედ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიისათვის უწყების ჩაბარების თარიღი და გასაჩივრების ვადის ათვლა სწორედ აღნიშნული თარიღიდან უნდა დაიწყოს.

საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ გარემოებებთან ერთად დამატებით აღნიშნავს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ კერძო საჩივართან ერთად არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა უშუალოდ მისთვის სასამართლო უწყების 2018 წლის 23 იანვარს ჩაბარებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით იმპერატიულად დადგენილი შეუქცევადი ვადის დარღვევით, რის გამოც კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი