Facebook Twitter

#ბს-412-412(კ-18) 14 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხ. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 10 ივლისს ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიისა და ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ კომისიის თავჯდომარის მიერ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების ნაწილში - რესურსცენტრის ... თანამდებობაზე ხ. ღ-ის წარდგენის თაობაზე ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 8 ივნისის #4 სხდომის ოქმის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 30 ივნისის #53 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის ნ. ბ-ის ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... თანამდებობაზე 2017 წლის 30 ივნისიდან დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემის დავალება და საქართველოს განათებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის 2017 წლის 30 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ნ. ბ-ის სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგო 860 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასამართლოს წინაშე ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 30 ივნისის #53 ბრძანების მოქმედების შეჩერებისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების საფუძველზე ნ. ბ-ის ... თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დროებითი განჩინების მიღების თაობაზე იშუამდგომლა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით შეჩერდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 30 ივნისის #53 ბრძანება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ხ. ღ-ე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 8 ივნისის #4 სხდომის ოქმის ნაწილი, კერძოდ, კომისიის თავჯდომარის მიერ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების ნაწილში - რესურსცენტრის ... თანამდებობაზე ხ. ღ-ის წარდგენის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 30 ივნისის #53 ბრძანება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაევალა ნ. ბ-ის ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... თანამდებობაზე 2017 წლის 30 ივნისიდან დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა; საქართველოს განათებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა თანამდებობრივი სარგოს 860 ლარის გადახდა 2017 წლის 30 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად 3 თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ნ. ბ-ის შუამდგომლობა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ღ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წინაშე ნ. ბ-ემ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე იშუამდგომლა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით ხ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება; ნ. ბ-ის შუამდგომლობა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ღ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რასაც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ღ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ აქტებს წარმოადგენს კომისიის თავჯდომარის მიერ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების ნაწილში - რესურსცენტრის ... თანამდებობაზე ხ. ღ-ის წარდგენის თაობაზე ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 8 ივნისის #4 სხდომის ოქმი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 30 ივნისის #53 ბრძანება.

დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 05.01.2017წ. #49 ბრძანებით განისაზღვრა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. რესურსცენტრის მიერ გამოცხადდა ... ორი ვაკანსია 2017 წლის 18 აპრილს და განცხადებების მიღება დასრულდა 2017 წლის 27 აპრილს; კონკურის მესამე ეტაპზე (გასაუბრება) გადავიდა რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის ნ. ბ-ე. გასაუბრებაზე მუდმივმოქმედი ხუთი კომისიის წევრიდან გამოცხადდა ოთხი წევრი. 2017 წლის 8 ივნისის #4 ოქმის თანახმად, კომისიის წევრთა უმრავლესობამ (სამი წევრი) მხარი დაუჭირა ნ. რ-ისა და ნ. ბ-ის კანდიდატურებს. კომისიის თავჯდომარემ კი, არ გაითვალისწინა კომისიის სხვა წევრების მოსაზრება და ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, რესურსცენტრის ... თანამდებობაზე ნ. რ-ისა და ხ. ღ-ის დანიშვნის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 19 თებერვლის #ბს-525-512(კ-14) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას.

დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე გასცდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესით მინიჭებულ უფლებამოსილებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს კომისიის თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებას. აღნიშნული ქმედება კი გამოიხატება იმაში, რომ მან დასანიშნად წარადგინა და მოგვიანებით თანამდებობაზე დანიშნა კიდეც ის კანდიდატი, რომლის წარდგენას კომისიის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

იქიდან გამომდინარე, რომ ნ. ბ-ის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არსებითად დაირღვა კანონის მოთხოვნები, რითაც ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ... თანამდებობაზე ნ. ბ-ის დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემის დავალდებულებისა და ნ. ბ-ის სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოს დაკისრების ნაწილში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი