ბს-447-447(2კ-18) 21 ივნისი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილეულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2018 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. ჩ-ემ 20.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილეულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 14.09.2012წ. N14/09/01 განკარგულების ბათილად ცნობა ფ. ჩ-ის, მ. პ-ის, ლ. პ-ისა და ს. პ-ის ნაწილში; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. ჩ-ეს შორის 16.09.2012 წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ფ. ჩ-ის, მ. პ-ის, ლ. პ-ისა და ს. პ-ის ნაწილში; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დევნილთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების განხორციელების დავალება იმის შესახებ, რომ ფ. ჩ-ეს, მ. პ-ს, ლ. პ-სა და ს. პ-ს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში არ გადასცემიათ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 17.05.2016წ. N01-02/08/13605 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ფ. ჩ-ის 10.05.2016წ. N23286/01 განცხადების განხილვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.09.2016 წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ჩ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.11.2016 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო ქონების და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 14.09.2012წ. №14/09/01 განკარგულება ფ. ჩ-ის, მ. პ-ის, ლ. პ-ის და ს. პ-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. ჩ-ეს შორის 16.09.2012 წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ფ. ჩ-ის, მ. პ-ის, ლ.პ-ის და ს. პ-ის ნაწილში; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების განხორციელბა იმის თაობაზე, რომ ფ. ჩ-ეს, მ.პ-ს, ლ. პ-ს და ს. პ-ს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნელყოფის ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში არ გადასცემიათ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 17.05.2016წ. №01-02/08/13605 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ფ. ჩ-ის 10.05.2016 წ. №23286/01 განცხადების განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2018 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
კასატორი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეტანა ხდება პრეზიდენტის განკარგულების და არა პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, ვინაიდან პრეზიდენტის განკარგულებაში მოსარჩელე მითითებულია ფართით დაკმაყოფილებული ოჯახის შემადგენლობაში, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა ვერ განხორციელდება. მიიჩნევა, რომ მოსარჩელის ოჯახი ერთხელ უკვე დაკმაყოფილდა სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ფართით, შესაბამისად მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი მეორედ აღარ განიხილება. კასატორი უთითებს, რომ პრივატიზების ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს არ აქვს, რადგან იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და მასთან ხელშეკრულების ასლი არ ინახება. როდესაც სამინისტროსათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილები არ იყვნენ გათვალისწინებული პრივატიზების ხელშეკრულებაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეთხოვა პრეზიდენტის განკარგულების ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც არ განხორციელდა, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის ფართით დაკმაყოფილებულ დევნილთა მონაცემთა ბაზიდან ამოღების საფუძველი. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ დევნილი ოჯახისათვის უძრავი ქონების გამოყოფაზე პასუხისმგებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო იმ პერიოდისათვის, როდესაც მოსარჩელის ოჯახთან დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება საბოლოო გადაწყვეტილებას საცხოვრებლის საკუთრებაში გაცემაზე იღებდა საქართველოს პრეზიდენტი.
კასატორი საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასრულყოფილად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პრეზიდენტის განკარგულება გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს არ დაუსაბუთებია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა, სზაკ-ის 67-ე მუხლზე მითითება ვერ გახდება პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეა მხოლოდ ფ. ჩ-ე, თუმცა პრეზიდენტის სადავო განკარგულების ბათილად ცნობა მოთხოვნილია აგრეთვე მისი ოჯახის წევრების ნაწილში, რომლებიც არ წარმოადგენდნენ მოსარჩელეებს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება, დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ოჯახს 2012 წელს გადაეცა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში, რასაც მოჰყვა დევნილის შემწეობის გაზრდა 22-დან 28 ლარამდე, შესაბამისად ფ. ჩ-ეს უნდა სცოდნოდა პრივატიზების ხელშეკრულების არსებობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილეულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა დევნილისათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფ. ჩ-ე და მისი არასრულწლოვანი შვილები გასაჩივრებული ხელშეკრულების 2.2 პუნქტში არ სახელდებიან იმ პირებს შორის, რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებაც ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირს - ა. ჩ-ეს დაეკისრა. აღნიშნულის მიუხედავად მართალია პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო სადავო ხელშეკრულება მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილების ნაწილში, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად იქნა დატოვებული, თუმცა საკასაციო პალატა სასამართლოს გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილის მართლზომირებაზე ვერ იმსჯელებს, რადგან სააპელაციო პალატის განჩინება არ გაუსაჩივრებია ხელშეკრულების მხარეს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. საკასაციო საჩივრები წარმოადგინეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელთა საკასაციო საჩივრებიც ეხებოდა მხოლოდ მათ მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობისა და მათთვის გარკვეული ქმედებების განხორციელების დავალების საკითხებს.
ის გარემოება, რომ მოსარჩელედ დასახელებულია მხოლოდ ფ. ჩ-ე, ხოლო პრეზიდენტის სადავო განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე მისი არასრულწლოვანი შვილების ნაწილში, არ ქმნის სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძველს, რადგან მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში (სკ-ის 1198.6 მუხ.).
დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან არ დგინდება ხელშეკრულების დადების ფაქტის და მისი შინაარსის შესახებ ფ. ჩ-ისთვის ინფორმაციის მიწოდების კონკრეტული პერიოდი. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს. ამდენად, ვარაუდი, რომ ფ. ჩ-ეს უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების შინაარსის შესახებ, არ დასტურდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილეულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილეულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი