# ბს-917-913 (კ-17) 28 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
24.03.15წ. თ. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირის ი. კ-ის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.05.2014წ. და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.03.2015წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ამ.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღწერს დავის ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან არსებობდა სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, თ. ხ-ას სახელზე რეგისტრირებული ვალდებულება სადავო არ გამხდარა და ძალაშია, რის გამოც ის უნდა გადატანილიყო ი. კ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად საჯარო რეესტრის ჩანაწერში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება მითითებულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მითითებებს. ასევე არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.03.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, ვინაიდან არასწორი შეფასება მიეცა აქტის ჩაბარებისა და გასაჩივრების ვადის ათვლის საკითხს. 10.12.2014წ. ჩაბარებული აქტის შემდეგ ჰქონდა მოლოდინი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას თ. ხ-ას თავდაპირველი განცხადების თაობაზე. თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 10 დეკემბრიდან და არა 2015 წლის 03 თებერვლიდან, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.05.2014წ. გადაწყვეტილება ჩაბარდა ი. კ-ეს. ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იქნა 26.02.2014წ.. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეფასდა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლების არარსებობის თაობაზე. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ამავე საკითხზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მითითებებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „სარეგისტრაციო მონაცემებში ხარვეზის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.05.10წ. გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გასაჩივრებული (06.05.2014წ. #...) გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც შესაბამისობაშია სასამართლოს გადაწყვეტილების მითითებებთან. კერძოდ, გასაჩივრებული აქტი შეიცავს დასაბუთებას უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შეცვლის მიზეზისა და ი. კ-ის სახელზე 01.10.2009წ. რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე თ. ხ-ას მიმართ არსებული ვალდებულების არ ასახვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არ იკვეთება ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლების არსებობა.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.03.2015წ. გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად მოხდა ადმინისტრაციული აქტის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.05.2014წ. #... გადაწყვეტილება) გასაჩივრების ვადის ათვლა, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება აქტის 13.12.2014წ. ჩაბარება თ. ხ-ას უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის (ტ.1.ს.ფ.104). შესაბამისად, მართებულია გასაჩივრების ვადის ათვლა და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება, ვინაიდან იგი შეტანილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოში 26.02.2015წ., გასაჩივრების 30 დღიანი ვადის დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის თ. ხ-ას საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2017წ. განჩინება;
3. დ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.11.2017წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი