# ბს-932-928 (კ-18) 28 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
16.06.2016წ. შ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 29.02.2016წ. #1/2-99 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 26.08.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სარჩელის აღძვრამდე ახალციხის რაიონული სასამართლოს 01.06.2016წ. განჩინებით დადგენილი უზრუნველყოფის - სადავო უძრავი ქონების განკარგვის აკრძალვის ღონისძიება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ლ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2017წ. გადაწყვეტილებით შ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.02.2016წ. #1/2-99 ბრძანება ასპინძის მუნიციპალიტეტში „...“ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის ნაწილში და დაევალა მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 125 ლარის და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 125 ლარის (ჯამში 250 ლარის) გადახდა შ. ლ-ის სასარგებლოდ.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან იგი მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასების შედეგად. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შ. ლ-ის სარჩელი არ აკმაყოფილებდა სასკ-ის 2.5. მუხლით დადგენილ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია გასაჩივრებული აქტით ადგება თუ არა პირდაპირი და უშუალო ზიანი შ. ლ-ეს. ამასთან, შ. ლ-ეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.02.2016წ. #1/2-99 ბრძანების მიმართ არ გამოუყენებია ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთჯერადად გასაჩივრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობდა შ. ლ-ის სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, რაც არ გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ. ასპინძის მუნიციპალიტეტში „...“ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე შ. ლ-ეს საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა ასპინძის აღიარების კომისიის 09.08.2011წ. #3 სხდომის ოქმის საფუძველზე, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად დაუბრუნდა კომისიას ხელახლა განსახილველად. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ასპინძის აღიარების კომისიის მიერ მიღებული იქნა 02.10.2015წ. #9 ოქმი, რომლითაც შ. ლ-ეს უარი თქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნულის შედეგად საჯარო რეესტში გაუქმდა შ. ლ-ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე. გასაჩივრებული ბრძანებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფოს სახელზე სადავო უძრავი ქონების დარეგისტრირებამდე მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთზე საკურების უფლების არსებობის დადგენის მიზნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.02.2016წ. #38373 წერილით გვეცნობა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ იყო დარეგისტრირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე გაურკვეველია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რა გარემოების გამოკვლევა ევალებოდა სააგენტოს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1.6 მუხლის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელსაც უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისთვის უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი არ ესაჭიროება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივარის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება შ. ლ-ის სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძვლის არსებობის თაობაზე იმ მოტივით, რომ არ დგინდება შ. ლ-ის კანონიერი ინტერესი სადავო აქტის მიმართ. საქმის მასალებით დგინდება „...“ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობის შ. ლ-ისათვის გადაცემა ასპინძის რაიონის სოფ. ... საკრებულოს 22.04.2003 წ. #2 სხდომის ოქმის საფუძველზე. ასპინძის საკრებულოს აღიარების კომისიის 09.08.2011წ. გადაწყვეტილებით (#3 სხდომის ოქმი) დაკმაყოფილდა შ. ლ-ის მოთხოვნა ასპინძის რაიონში „...“ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების თაობაზე, რაც გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 23.07.2015წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ასპინძის საკრებულოს აღიარების კომისიამ ხელახლა იმსჯელა შ. ლ-ის განცხადებაზე, რის შედეგადაც 02.10.15წ. #9 ოქმით შ. ლ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასპინძის საკრებულოს აღიარების კომისიის 09.08.2011წ. #3 და 02.10.15წ. #9 სხდომის ოქმები ეხებოდა შ. ლ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებას და არა შენობა-ნაგებობებს. შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით შ. ლ-ე აღნიშნავს, რომ განახორციელა პრივატიზება. აღნიშნულიდან გამომდინარე მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული აქტით სახელმწიფოს სახელზე შენობა-ნაგებობების დარეგისტრირების მოთხოვნით შეილახა შ. ლ-ის საკუთრების უფლება, ვინაიდან შენობა-ნაგებობებზე შ. ლ-ეს სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი გააჩნდა, რომელიც დღემდე ძალაშია და სადავოდ არ გამხდარა.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გამოკვლევის თაობაზე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე სააგენტო დაადგენდა მიწის ნაკვეთზე 679 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობებაზე მესამე პირის უფლების არსებობას. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა და აღნიშნულის გამო არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.2017წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი