# ბს-1066-1060 (3კ-17) 28 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ჩ-ის, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2016წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ჩ-ემ 03.04.2015წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 13.08.2014წ. N644 და ქ. რუსთავის მერიის 27.10.2014წ. N1168 ბრძანებების, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 03.03.2015წ. N16 და 06.03.2015 წ. N17 ოქმების, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 16.03.2015წ. 257/კ ბრძანების ბათილად ცნობა, ვ. ჩ-ის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება 2015 წლის 16 მარტიდან აღდგენამდე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 08.10.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 13.08.2014წ. N644 და 27.10.2014წ. N1168 ბრძანებები, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 16.03.2015 წ. 257/კ ბრძანება, რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 03.03.2015წ. N16 და 06.03.2015 წ. N17 ოქმები, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშნვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ. ვ. ჩ-ემ გადაწყვეტილებაზე წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2016წ. გადაწყვეტილებით რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 08.10.2015წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 13.08.2014წ. N664 და 27.10.2014წ. N1168 ბრძანებები და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი. ვ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 13.08.2014წ. N664 და 27.10.2014წ. N1168 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 08.10.2015წ. გადაწყვეტილება. ვ. ჩ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ჩ-ემ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ.
კასატორი ვ. ჩ-ე ითხოვს სარჩელის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება და აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია მატერიალურ-საპროცესო ნორმების დარღვევით. სააპელაციო პალატამ არსწორი შეფასება მისცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რითაც დაარღვია სსკ-ის 105.2 მუხლი.
კასატორი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სწორი შეაფასება არ მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ იყო აქტის ბათილად ცნობის კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობები. სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა აქტის გამოცემის პროცედურული დარღვევების არსებობის საკითხი, რადგან კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე ვ. ჩ-ეს მიეცა თავისი საქმიანობის შესახებ საუბრის შესაძლებლობა, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება იყო ობიექტური და მიუკერძოებელი.
კასატორი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა 16.03.2015წ. N257 ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავდა საჯარო სამსახურში კონკურსის წესით დანიშვნისა და კონკურენციის წესით შესავსებ თანამდებობაზე დროებით შემსრულებლად დანიშნული მოხელეების ზღვრულ ვადას (29-ე და 30-ე მუხ.). სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 16.03.2015წ. N257 ბრძანების საფუძველი ეს ნორმები იყო. ამასთან, გასული იყო კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობაზე დროებით შემსრულებლად დანიშნული ვ. ჩ-ის თანამდებობაზე დანიშვნის ზღვრული ვადა. ვ. ჩ-ე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ოქმების არარსებობის შემთხვევაშიც უნდა გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-ის, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისობაშია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან. დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 13.08.2014წ. N644 და ქ. რუსთავის მერიის 27.10.2014წ. N1168 ბრძანებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან მოცემული ბრძანებების გამოცემიდან სამსახურიდან განთავისუფლებამდე პერიოდში ვ. ჩ-ეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ბრძანებები, იგი დაეთანხმა მათ და აღნიშნული ბრძანებებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული მუშაკის სტატუსით საქმიანობდა საჯარო სამსახურში. საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 03.03.2015წ. N16 და 06.03.2015 წ. N17 ოქმების, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 16.03.2015წ. 257/კ ბრძანების ბათილად ცნობისა და საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევის დავალების ნაწილშიც, რადგან მართალია შედგა გასაუბრების ოქმი, თუმცა აღნიშნული ატარებდა ფორმალურ ხასიათს, ოქმი არ ასახავდა გასაუბრების მსვლელობას, არ დგინდებოდა დასმული კითხვებისა და გაცემული პასუხების შინაარსი, რაც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ ვ. ჩ-ესთან ჩატარებული გასაუბრების მართლზომიერების შემოწმების შესაძლებლობას. ამასთანავე, კანონმდებლობით დადგენილია საკონკურსო კომისიის გასაუბრების ოქმის შედგენის წესი, რაც განსახილველ შემთხვევაში დაცული არ არის. სათანადო წესით შედგენილი გასაუბრების ოქმის არსებობა მნიშვნელოვანია ვაკანტური თანამდებობებისათვის კანდიდატების შერჩევისა და საჯარო სამსახურში განწესების პროცესის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, მით უფრო, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაუბრების წარმართვასთან და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით სასამართლომ სხვადასხვა განმარტებები მიიღო მხარეთაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე საფუძველს მოკლებულია ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მოსაზრებები, გასაჩივრებული აქტების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემის და ვ. ჩ-ის გათავისუფლების მართლზომიერების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ჩ-ის, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2016წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი