Facebook Twitter

ბს-91-91(2კ-18) 11 ივლისი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ხ-მა 17.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 26.06.2015წ. N01/02/09 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 11.07.2016წ. N1-1204 ბრძანების ბათილად ცნობის და სამგორის რაიონის გამგეობისათვის 2015 წლის ივლისიდან ამავე წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით ბინის ქირის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.2017წ. გადაწყვეტილებით თ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 26.06.2015წ. N01/02/09 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 11.07.2016წ. N1-1204 ბრძანება და სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა თ. ხ-ისთვის ბინის ქირის გადახდა 2015 წლის ივლისიდან 19 დეკემბრამდე მდგომარეობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ.

კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში დაცული მტკიცებულებები, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დასადგენად გამოიყენა არასათანადო მტკიცებულებები, რითაც დაირღვა სსკ-ის 102.3 მუხლი. უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ინსპექტირების ოქმი არის ის ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება დაქირავებულ ფართში ბენეფიციარის ცხოვრების ფაქტი. ინსპექტირების ოქმით დგინდება, რომ რამდენჯერმე შემოწმების მიუხედავად თ. ხ-ი არ იმყოფებოდა მისამართზე, მასთან დაკავშირება ვერც ტელეფონის მეშვეობით მოხერხდა. სწორედ ინსპექტირების ოქმში ასახული მონაცემების საფუძველზე იღებს ორგანო გადაწყვეტილებას ბენეფიციარისათვის ქირის გაცემის შეწყვეტის შესახებ. მხოლოდ გამგეობის სამუშაო ჯგუფს გააჩნია ბენეფიციარის დაქირავებულ ფართში ცხოვრების დადასტურების/უარყოფის უფლებამოსილება.

კასატორი უთითებს, რომ საქმეში არის ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების 22.12.2015წ. ცნობა, რომლის თანახმად, თ.ხ-ი არ ცხოვრობს დაქირავებულ ფართში. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ თ. ხ-ისათვის დაქირავებული ფართის მისამართზე გაგზავნილი კორესპონდენცია ჩაბარდა ა. გ-ს. კასატორი მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები არასარწმუნოა და არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა აღნიშნავს, რომ დაქირავებულ ფართში ბენეფიციარის ცხოვრების შეწვეტა, ორგანოს მიერ კომპენსაციის გაცემის შეწყვეტის საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული ინსპექტირების ოქმით დასტურდება, რომ თ. ხ-ი და მისი შვილი აღარ ცხოვრობდნენ დაქირავებულ ფართში. უფლებამოსილმა პირმა რამდენიმე ვიზიტი განახორციელა მისამართზე, თუმცა თ. ხ-თან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ბენეფიციარის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის დადგენის უფლებამოსილება მხოლოდ ინსპექტირების ჯგუფს აქვს, სწორედ ინსპექტირების ოქმზე დაყრდნობით იღებს ორგანო გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის შეწყვეტის შესახებ. ოქმში ასახული მონაცემების გაბათილება მოწმეთა ჩვენებებით დაუშვებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება თ. ხ-ისათვის ქირის გაცემის შეწყვეტის არამართლზომიერების შესახებ, რადგან ისნპექტირების ოქმში ასახული გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. მოწმეები, მათ შორის დაქირავებული ბინის მესაკუთრე, ადასტურებენ ფართში თ. ხ-ისა და მისი შვილის ცხოვრების ფაქტს. ამასთანავე, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თ. ხ-ის სახელზე გაგზავნილი კორესპონდენციები ადრესატს პირადად ჩაბარდა დაქირავებული ფართის მისამართზე 2015 წლის სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში. ის, რომ თ. ხ-ისათვის გაგზავნილი ერთ-ერთი კორესპონდენცია ჩაბარდა ა. გ-ს, არ გამორიცხავს იმავე მისამართზე თ. ხ-ის ცხოვრებას, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ხ-ი დაქირავებულ ფართში ცხოვრობდა ფართის მესაკუთრესთან - ა. გ-თან ერთად. რაც შეეხება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების წერილს, ის გაცემულია 22.12.2015წ. - ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ამასთანავე არ დგინდება წერილში ასახული ინფორმაციის საფუძველი.

არასწორია კასატორთა მოსაზრება, რომ ფართში პირის ცხოვრების დამადასტურებელი ერთადერთი სარწმუნო მტკიცებულება ინსპექტირების ოქმია. მოწმეთა ჩვენებები, საფოსტო გზავნილების ჩაბარების დამადასტურებელი მონაცემები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე შეიძლება იყოს კონკრეტულ მისამართზე პირის ცხოვრების ფაქტის დამდგენი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი