#ბს-300-300(კს-18) 5 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „..."
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მესამე პირი - ზ. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 3 ივლისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ზ. ქ-ისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის #40/15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ზ. ქ-ის ჩაბმასთან დაკავშირებით იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ქ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით აპელანტ - შპს „...“ დაუდგინდა ხარვეზი და განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (დედნის სახით) წარდგენა დაევალა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დინება იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2017 წლის 28 დეკემბერს, მხარისათვის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 29 დეკემბერს და ამოიწურა 2018 წლის 4 იანვარს. სახელმწიფო ბაჯის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ იქნა. ამდენად, შპს „...“ მიერ არ იქნა შევსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტ შპს „...“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად უნდა ყპფილიყო დატოვებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილ იქნა ფოსტის (…) მეშვეობით. შესაბამისად, მიმდინარეობდა გაგზავნის დამადასტურებელი ქვითრის მოძიება, რომელიც უახლოეს მომავალში იქნებოდა წარმოდგენილი საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით შპს „...“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქმის მასალებით დადგენილია, ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება შპს „...“ კანცელარიას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაჰბარდა 2017 წლის 28 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება შპს „...“ ჩაჰბარდა 2017 წლის 28 დეკემბერს, სასამართლოს მიერ ხარვეზი შევსებისათვის დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 29 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა 2018 წლის 4 იანვარს (ხუთშაბათი), 24:00 საათზე იწურებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - სააპელაციო საჩივარი წარადგინოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, აპელანტის მიერ წარდგენილი საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და ამასთან, მითითებული მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აპელანტი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შეავსოს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით დადგენილ ვადაში წარდგენა სააპელაციო სასამართლოში არ მომხდარა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შპს „...“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მითითებულ დანაწესზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა იცნობს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის მხოლოდ მხარეთა თხოვნით გაგრძელების შესაძლებლობას, ხოლო აღნიშნულის თაობაზე განცხადება აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში უტყუარად დაედგინა, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებისა და მასთან ერთად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ფოსტის მეშვეობით წარდგენა სააპელაციო სასამართლოში განჩინებით დადგენილი 7-დღიანი ვადის დაცვით განხორციელდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368-ე მუხლების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის პირობებში, შპს „...“ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, შპს „...“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი