№ბს-363-363(კ-18) 5 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 4 ნოემბერს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - შპს „...“ მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხე შპს „...“ გაწეული მომსახურების საფასურის დავალიანების - 3 562,66 ლარის, ვადაგადაცილებულ დღეებზე 2016 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით ჯარიმის - 2 764,54 ლარისა და 2016 წლის 19 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 3 562,66 ლარის 0,2 პროცენტის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „...“ მოსარჩელე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 2896,5 ლარის გადახდა, საიდანაც 2633,5 ლარი წარმოადგენს ძირითად დავალიანებს, ხოლო 263 ლარი პირგასამტეხლოს; მასვე დაეკისრა 2016 წლის 19 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2633,5 ლარის 0,1 პროცენტი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების საფასურის დავალიანების - 3 562,66 ლარის, ვადაგადაცილებულ დღეებზე 2016 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით ჯარიმის - 2 764,54 ლარისა და 2016 წლის 19 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 3 562,66 ლარის 0,2 პროცენტის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „...“ მოსარჩელე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 2896,5 ლარის გადახდა, საიდანაც 2633,5 ლარი წარმოადგენს ძირითად დავალიანებს, ხოლო 263 ლარი პირგასამტეხლოს; მასვე დაეკისრა 2016 წლის 19 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2633,5 ლარის 0,1 პროცენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „...“ არ გაუსაჩივრებია. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებითაც. ამდენად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „...“ ძირითადი ვალდებულების ნაწილში სარჩელი ცნო. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ შპს „...“ ძირითადი დავალიანების - 929,16 ლარის, ჯარიმის - 2501,54 ლარისა და 2016 წლის 19 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 3562.66 ლარის 0,2 პროცენტის გადახდის დაკისრება წარმოადგენს.
საქმის მასალების შესაბამისად, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...“ შორის 2014 წლის 16 სექტემბერსა და 31 დეკემბერს გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ №84 და №77 ხელშეკრულებები, რომლებითაც განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები, კერძოდ სააგენტომ აიღო ვალდებულება საწარმოსათვის გაეწია „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების გაწევის ვადებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებით განსაზღვრული ვეტერინარული ზედამხედველობა, ხოლო მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება მომსახურების გაწევისათვის გადაეხადა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული საფასური. ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველი თვის 5 რიცხვამდე გაწეულ მომსახურებაზე დგებოდა შედარების აქტი და ანგარიშსწორება წარმოებდა ყოველთვიურად, შედარების აქტის საფუძველზე, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში შპს „...“ ეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ფაქტიურად გაწეული მომსახურების 0,2 პროცენტის ოდენობით. სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, მომსახურების საფასურმა შეადგინა 8 474,25 ლარი, მოპასუხე მხარის მიერ 2015 წელს შესრულებულმა გადახდებმა კი - 5 840 ლარი.
2014 წლის 10 ოქტომბრის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „...“ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 35 ლარი, 2014 წლის 3 ნოემბრის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „...“ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 645 ლარი, 2014 წლის 3 დეკემბრის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „...“ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 675 ლარი, 2015 წლის 12 იანვრის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „...“ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 569 ლარი, 2015 წლის 3 თებერვლის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „...“ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 389 ლარი, 2015 წლის 4 მარტის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „...“ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 531 ლარი, 2015 წლის 2 აპრილის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 611 ლარი, 2015 წლის 4 მაისის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 708 ლარი, 2015 წლის 04 ივნისის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1022 ლარი, 2015 წლის 25 ივნისის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 283,75 ლარი, 2015 წლის 3 ივლისის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1006,25 ლარი, 2015 წლის 4 აგვისტოს სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 428,25 ლარი, 2015 წლის 2 სექტემბრის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1193,75 ლარი, ხოლო 2015 წლის 6 ოქტომბრის სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 377,25 ლარი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს სათანადო მოვალის მიერ, სათანადო ვალდებულების, სათანადო კრედიტორის წინაშე შესრულებას სათანადო დროსა და ადგილას. კრედიტორისთვის მნიშვნელოვანია ვალდებულების შესრულების შედეგის დადგომა, რომელიც შესრულების ქმედებით მიიღწევა და აშკარაა, რომ შესრულების შედეგი ნაკისრ ვალდებულებას შეესაბამება.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 16 სექტემბერსა და 31 დეკემბერს დადებული მომსახურების გაწევის შესახებ №84 და №77 ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ასევე მართებულია მოპასუხე მხარის მითითება შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას მასზედ, რომ პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს მხარის მიერ დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში, მხარემ ზიანი უნდა მოითხოვოს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი წესით. პალატა ამასთან აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია და სწორედ ამიტომ აქვს უფლება სასამართლოს პირგასამტეხლო შეამციროს იმ ოდენობამდე, რომ იგი ამ დანიშნულებას არ გასცდეს. დაკისრებული თანხა გამანადგურებლად არ უნდა მოქმედებდეს ვალდებული პირის ფინანსურ მდგომარეობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 15.03.2018წ. #04761 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 205142200) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 205142200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.03.2018წ. #04761 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი