№ბს-457-457(კ-18) 5 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. კ-ის, ტ. ხ-ის, გ. უ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 24 აგვისტოს დ. კ-მა, დ. ტ-ემ, ტ. ხ-მა, გ. უ-მა, ე. ყ-მა, ა. მ-მა, ა. ვ-მა, ნ. შ-ემ, ვ. ც-მა, ა. ა-მა, ზ. ს-ემ, ს. ზ-ემ და ლ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დ. ტ-ის, ტ. ხ-ის, გ. უ-ის, ე. ყ-ის, ა. მ-ის, ა. ვ-ის, ნ. შ-ის, ვ. ც-ის, ა. ა-ის, ზ. ს-ის, ს. ზ-ისა და ლ. მ-ის სასარგებლოდ, თითოეულისათვის, 2006 წლის 1 იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის, 128 თვისათვის, მიუღებელი კომპენსაციის 190 ლარის, სულ ჯამში 24320 ლარის ანაზღაურებისა და გადაწყვეტილების მიღებიდან, ყოველთვიური კომპენსაციის - 750 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე დ. კ-ის სასარგებლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აგვისტომდე პერიოდისათვის მიუღებელი კომპენსაციის, ჯამში - 15960 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის, დ. ტ-ის, ტ. ხ-ის, გ. უ-ის, ე. ყ-ის, ა. მ-ის, ა. ვ-ის, ნ. შ-ის, ვ. ც-ის, ა. ა-ის, ზ. ს-ის, ს. ზ-ისა და ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-მა, ტ. ხ-მა, გ. უ-მა, ე. ყ-მა, ა. მ-მა, ა. ვ-მა, ნ. შ-ემ, ვ. ც-მა, ა. ა-მა, ზ. ს-ემ, ს. ზ-ემ და ლ. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დ. კ-ის, ტ. ხ-ის, გ. უ-ის, ე. ყ-ის, ა. მ-ის, ა. ვ-ის, ნ. შ-ის, ვ. ც-ის, ა. ა-ის, ზ. ს-ის, ს. ზ-ისა და ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-მა, ტ. ხ-მა, გ. უ-მა, ე. ყ-მა, ა. მ-მა, ა. ვ-მა, ნ. შ-ემ, ვ. ც-მა, ა. ა-მა, ზ. ს-ემ, ს. ზ-ემ და ლ. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. კასატორები საკასაციო საჩივარს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. კ-ის, ტ. ხ-ის, გ. უ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ის, ტ. ხ-ის, გ. უ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კასატორებს, როგორც პარლამენტის ყოფილ წევრებს განემარტათ, რომ 2006 წლის 1 იანვრამდე პარლამენტის ყოფილი წევრების საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდებოდა „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის შესაბამისად, რომლის თანახმად, პარლამენტის ყოფილი წევრების სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) ოდენობა შეადგენდა: 2001 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 1 აპრილამდე - 495 ლარს; 2005 წლის 1 აპრილიდან - 2006 წლის 1 იანვრამდე 750 ლარს. 2006 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა ხორციელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული კომპენსაციის (პენსიის) ოდენობები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი მე-7 მუხლთან. შესაბამისად, პარლამენტის ყოფილი წევრების სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა 2006 წლის 1 იანვრიდან შეადგენს 560 ლარს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდოს შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა. აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 თავების მიხედვით, კერძოდ: ა) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონით „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“; გ) საქართველოს კანონით „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ და საქართველოს კანონით „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“; დ) საქართველოს კანონით „ფინანსური პოლიციის შესახებ“; ე) საქართველოს ორგანული კანონით „პროკურატურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონით „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონით „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“; თ) საქართველოს კანონით „მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“ ან „ო“ „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეები, რომლებიც წარმოადგენენ პარლამენტის (უზენაესი საბჭო) ყოფილ წევრებს არ განეკუთვნებიან ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“ ან „ო“ „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, შესაბამისად, მათზე ვრცელდება მე-7 მუხლის რეგულაცია, რომელიც ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვარს 560 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მასზედ, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ ადგენს გამონაკლისს კანონით დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვარის გავრცელებაზე პარლამენტის (უმაღლესი საბჭოს) ყოფილ წევრთა მიმართ, რომელთაც 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული ჰქონდათ სახელმწიფო კომპენსაცია.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით; ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა განმარტებული, რომ სახელმწიფოს მხრიდან პენსიის (კომპენსაციის) ზედაზღვარის შემოღება და მისი გადაანგარიშება, გათანაბრების მიზნით, არ შეიძლება იურიდიულად დაკვალიფიცირდეს და გაუთანაბრდეს პასუხისმგებლობის ღონისძიებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამოირიცხება კანონის უკუძალის თაობაზე წარმოდგენილი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. კ-ის, ტ. ხ-ის, გ. უ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი