Facebook Twitter

საქმეNბს-1119-1113(კ-17) 30 იანვარი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)

მესამე პირი - ი. გ-ი;

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი იდდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. გ-მა 2016 წლის 8 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „დ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2016 წლის 2 თებერვლის №კ/26 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დ. გ-ის ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დ. გ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის დღიდან მის აღდგენამდე; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დ. გ-ის სასარგებლოდ 2013 წლიდან 2017 წლამდე პერიოდისათვის ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დ. გ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის 55 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დ. გ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მატერიალური ზიანის ანაზღაურება მისაღები განაცდური ხელფასის წლიური 10%-ის ოდენობით; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დ. გ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მატერიალური ზიანის 55 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დ. გ-ის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დადასტურებული სქესის ნიშნით დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება - 20 000 ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 10 000 ლარის ოდენობით; სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა ,,დ. გ-ის შენიშვნის შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 30 სექტემბრის №2/35 ბრძანების ბათილად ცნობა და ,,დ. გ-ის გაფრთხილების შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2015 წლის 5 თებერვლის №2/12 ბრძანების ბათილად ცნობა; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დ. გ-ის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 26.02.2015წ. ბრძანებით გათვალისწინებული თანხის დაყოვნებისათვის ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის, დაყოვნებული თანხის 10% ოდენობით, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის გათვალისწინებით; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დ. გ-ის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 26.02.2015წ. ბრძანებით გათვალისწინებული თანხის მიუღებელი ნაწილის - 1000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს განჩინების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით აპელანტის - დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებს ძირითადად იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დ. გ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-მა, რომლის მიმართაც უკვე იყო გამოყენებული დისციპლინური სახდელის ზომა შენიშვნა, ხოლო შემდეგ გაფრთხილება, არაერთგზის ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოვლინდა დ. გ-ის მხრიდან საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი ქცევის წესების არაერთგზის უხეშად დარღვევისა და მასზედ დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულებაში, სამუშაო ადგილის თვითნებურად დატოვებაში და სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებაში. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე დ. გ-მა, ერთი მხრივ, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შრომისუუნარობის საფუძვლით მისი ხელმძღვანელობისაგან ითხოვა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობებისაგან დროებით განთავისუფლება, ხოლო იმავე პერიოდში იგი შრომით მოვალეობას ასრულებდა სხვა დაწესებულების სასარგებლოდ, აღნიშნული კი ადასტურებდა მისი მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევის ფაქტს.

საკასაციო პალატა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დ. გ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას, რაც გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულებაში.

საკასაციო პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთებულობა, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება დ. გ-თან მიმართებაში რაც გამორიცხავს სადავო აქტის კანონშეუსაბამოდ მიჩნევისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე