საქმეNბს-1134-1128(კ-17) 13 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ზ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური;
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. გ-მა 2016 წლის 28 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2016 წლის 10 ივნისის Nკ/110 ზ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ზ. გ-ის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე და იძულებით განაცდური ხელფასის დაუყოვნებლივ ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე სრულად, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას ზ. გ-ის სასარგებლოდ დავის მიმდინარეობის პერიოდამდე ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით აპელანტის -ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებს ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში, კერძოდ, განმარტავს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიღებულია საავადმყოფო ფურცლის მოქმედების პერიოდში, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ასევე სასამართლო დაუსაბუთებლად საუბრობს უხეშ დარღვევაზე და არ აქცევს ყურადღებას, თუ როდის არის ეს დარღვევები ჩადენილი, ამასთან, არც ერთი დარღვევა ცალკე აღებული არ წარმოადგენს უხეშ დარღვევას, მით უმეტეს, რომ მათზე თავის დროზე არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა. საქმეში არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებული უგულებელყოფა ან უხეში დაუდევრობა. გათავისუფლების გარდა, შესაძლებელია განისაზღვროს პროფესიული მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების დადგენა, დაქვეითება, სხვა პოზიციაზე გადაყვანა ან თუნდაც შენიშვნის მიცემა. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლო აპელირება გასაჩივრებული აქტების გამოცემის წუთებზე, მეტყველებს სასამართლოს მხრიდან მნიშვნელოვანი მტკიცებულებების უგულებელყოფასა და რეალობისათვის თვალის არიდებაზე. სამედიცინო დაწესებულებას აქვს თავისი წესები, რომლის გამოც გახსნილი საავადმყოფო ფურცლის წარდგენა ვერ მოხერხდებოდა მისი გახსნის წუთიდან. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის N113 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს გამოუცხადებლობის მიზეზი და სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ, დასაქმებულმა უშუალო უფროსის მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს მას ახსნა-განმარტებითი ბარათი ან დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორის მოსაზრებით, ამ ნორმის მიხედვით, მას არ ევალებოდა გახსნილი საავადმყოფო ფურცლის წარდგენა სამსახურში გამოცხადებამდე. იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელისათვის სადავო აქტის გადაცემა და გაცნობა ვერ მოხდებოდა აქტის გამოცემის მომენტისათვის 11:04 საათზე, რადგან იგი არ იმყოფებოდა სამსახურში, სასამართლოს არგუმენტაცია ბრძანების გამოცემის დროზე მოკლებულია ლოგიკურ და სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 08 ივნისის დასკვნის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. გ-მა არაერთგზის ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოვლინდა ზ. გ-ის მხრიდან საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი ქცევის წესების არაერთგზის უხეშად დარღვევისა და მასზედ დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებაში, სამსახურის ტერიტორიის ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე არაერთგზის დატოვებაში, რაც სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ განმეორებით ხასიათს ატარებდა, აღნიშნული კი ადასტურებდა მისი მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევის ფაქტს.
საკასაციო პალატა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ზ. გ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას, რაც გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობებისადმი სისტემატიურად დაუდევარ დამოკიდებულებაში და შესაბამისად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადავო აქტის გამოცემამდე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა, არ ადასტურებს სადავო აქტის უკანონობას, გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეუსაბამობას.
საკასაციო პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთებულობა, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზ. გ-თან მიმართებაში, რაც გამორიცხავს სადავო აქტის კანონშეუსაბამოდ მიჩნევისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე