საქმე Nბს-787-783(2კ-17) 27 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. მ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხეები: ნ. ქ-ე; გ. კ-ე
მესამე პირი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისი განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-ემ 2016 წლის 1 იანვარს სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის, ნ. ქ-ის, გ. კ-ისა და მესამე პირის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 2 ოქტომბრის № ... -05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 14 აპრილის №... -03 გადაწყვეტილება ნ. ქ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ; ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 ივნისის №... -03 გადაწყვეტილება ნ. ქ-ის სახელზე დაყოფის რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 ივლისის №...-03 გადაწყვეტილება გ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 18 სექტემბრის №...-03 გადაწყვეტილება გ. კ-ის სახელზე დაყოფის რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ნოემბრის №244327 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს გადაწყვეტილების მიღება ლ. მ-ის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, 2014 წლის 25 აგვისტოს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით; დაევალოს მოპასუხეებს (გარდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა) სოლიდარულად მიყენებული ზიანის - 1437 (ათას ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარის ანაზღაურება; დაევალოს მოპასუხეებს (გარდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა) მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის (400 ლარი), ჩატარებული ექსპერტიზის საფასურისა (200 ლარი) და 2016 წლის 30 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიღებისათვის გაწეული ხარჯის (60 ლარი) ანაზღაურება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 14 აპრილის №...-03 გადაწყვეტილება ნ. ქ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ - 1350 კვ.მ ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 ივლისის №...-03 გადაწყვეტილება გ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ - 1062 კვ.მ ნაწილში; მოსარჩელე ლ. მ-ეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 2 ოქტომბრის №...-05 გადაწყვეტილების, 2013 წლის 13 ივნისის №...-03, 2013 წლის 18 სექტემბრის №...-03 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ნოემბრის №244327 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების, ზიანის - 1437 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის- 200 ლარის ანაზღაურების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო/იმერეთის რეგიონული ოფისმა;
ნ. ქ-ემ და ლ. მ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს/იმერეთის რეგიონული ოფისის, ნ. ქ-ისა და ლ. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისმა და ლ. მ-ემ.
კასატრმა - ლ. მ-ემ მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამარტლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოში, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქმეზე დადგენილია, რომ მიწის მიღება-ჩაბარების №420 აქტის საფუძველზე, ლ. ზ-ეს (იგივე ლ. მ-ე) დამატებით გამოეყო 2900 კვ.მ მიწის საყანე ნაკვეთი, რომლის მოსაზღვრეებია - აღმოსავლეთით ესაზღვრება კ-ე, დასავლეთით ზ-ე, ჩრდილოეთით ... გზა, ხოლო სამხრეთით გზა. მოპასუხე გ. კ-ის სახელზე გაცემულ მიწის მიღება-ჩაბარების №48 აქტში დამატებით გამოყოფილ 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებში მითითებული არ არის მოპასუხე ნ. ქ-ის ნაკვეთი. ზ. ზ-ის (რომელიც არმოადგენს ლ. … მოსაზღვრეს) სახელზე გაცემულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტში №77 დამატებით გამოყოფილ სახნავ 1975 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ არ არის მითითებული ნ. ქ-ის ნაკვეთი. ნ. ქ-ის სახელზე გაცემულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტში №101 დამატებით გამოყოფილ 1600 კვ.მ, მიწის ნაკვეთის (...), მოსაზღვრეებად არ არიან მითითებულები არც გ. კ-ისა და არც ზ. ზ-ის მიწის ნაკვეთები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპსერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის №004816415 დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში ნ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთები და მიწის მიღება-ჩაბარების №101 აქტით მიღებული მიწის ნაკვეთი ფართის მიხედვით იდენტურია, არ არის იდენტური კონფიგურაციითა და ზომებით. მიღება-ჩაბარების აქტით ნაკვეთის ზუსტი მდებარეობის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული სამეზობლო წრე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამეზობლო წრეს არ ემთხვევა. საჯარო რეესტრში გ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთები და მიწის მიღება-ჩაბარების №48 აქტით მიღებული მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური არც ფართის მიხედვით, არც კონფიგურაციითა და ზომებით. მიღება-ჩაბარების აქტით ნაკვეთის ზუსტი მდებარეობის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული სამეზობლო წრე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამეზობლო წრეს ნაწილობრივ ემთხვევა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა მიუთითებს იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ნ. ქ-ისა და გ. კ-ის სახელზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესახებ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული 2010 წლის 14 აპრილისა და 2013 წლის 22 ივლისის აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. აღნიშნულის გარეშე კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისი განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 27.09.2017წ. №25948 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე