Facebook Twitter

საქმე №ბს-1210-1204(2კ-17) 27 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ბ-მა 2016 წლის 9 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ რ. ბ-ისათვის არაპრივატიზირებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2016 წლის 8 აპრილის №23/89616 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და რ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 7 ნოემბრის №1-2100 ბრძანების ბათილად ცნობა და რ. ბ-ისათის ქ. თბილისში, ... ქ. №65-ში მდებარე №35 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2016 წლის 8 აპრილის N23/89616 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 7 ნოემბრის N1-2100 ბრძანება რ. ბ-ისათვის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“; მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობას დაევალა ქ. თბილისში, ქ. ... N65-ში მდებარე N35 ბინის რ. ბ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგონოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის პირი, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერი სარგებლობის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და რომელიც ფაქტობრივად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით. შესაბამისად, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფუძველი შეიძლება გახდეს იმგვარი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს პრივატიზება მოთხოვნილი ფართის კანონიერ სარგებლობას. რობიზონ ბეგაურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები მოქალაქის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისა და ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს. რამდენადაც, სააპელაციო სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, არამართებულია, რადგან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება რ. ბ-ის საკუთრების უფლების ფორმალურად არსებობაც კი, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი. საქართველოს საბინაო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო საბინაო ფონდი არის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების გამგებლობაში“. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი „საუწყებო საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელ სადგომებს მოქალაქეებს აძლევენ საწარმოს, დაწესებულებების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი“. 57-ე მუხლის მიხედვით კი, „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევს ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია“.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებით საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189-ე დადგენილებით პრივატიზაციის განხორციელებას საფუძვლად უნდა დაედოს სწორედ სახელმწიფო/ადგილობრივი ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი. სხვა შემთხვევაში ადგილი ექნება კანონის უხეშ დარღვევას და სახელმწიფო/ადგილობრივი ქონების მართლსაწინააღმდეგო განკარგვას.

კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა აღნიშნავს, რომ არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის მე-2 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, „კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე“. აღნიშნულიდან გამომდინარე, წესში ხაზგასმით არის მითითებული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის მოთხოვნა და არა ფაქტობრივი სარგებლობა. ფაქტობრივი სარგებლობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას სადავო არ გაუხდია, მოქალაქეს უარი ეთქვა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობის გამო.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის განმარტება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ანალიზი, რისი მიხედვითაც, უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არამარტო კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტით, როგორიცაა საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემის შესახებ უფლებომოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ - სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც, რომლებიც ადასტურებენ საცხოვრებელი ფართის მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემას.

კასატორი აღნიშნავს, რომ კანონიერი მოსარგებლეა ის პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით იქნება ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი თუ სხვა დოკუმენტი, ხოლო ნებისმიერ სხვა დოკუმენტში მოიაზრება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება ფართის გაცემა. კასატორის მოსაზრებით რ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობაში შეფასებით არ დადგინდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ რ. ბ-ისათვის კანონიერად საცხოვრებელი ფართის გადაცემის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში კასატორები სადავოდ არ ხდიან რ. ბ-ის მიერ ქ. თბილისში, ... ქ. №65-ში მდებარე №35 ბინის 1980 წლიდან ფლობის ფაქტს და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემის შესახებ უფლებომოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რამდენადაც „საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“ განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა სახოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს“. (იხ. სუს. 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება №ბს-180-177(კ-15) საქმეზე).

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე