Facebook Twitter

საქმე Nბს-87-87(კ-18) 17 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ფ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. მ-მა 2016 წლის 7 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა გარემოსდაცვითი ზედასმხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 მარტის № DES 8 16 00000380 და № DES 3 16 0000051 ბრძანებების ბათილად ცნობა; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის დავალება აღადგინოს ფ. მ-ი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ... განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაეკისრა ფ. მ-ის იძულებით გაცდენილი შრომის ანაზღაურების გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ფ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 2 მარტის № DES 8 16 00000380 და № DES 3 16 0000051 ბრძანებები; დაევალა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ფ. მ-ის აღდგენა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ... ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაეკისრა ფ. მ-ის იძულებით გაცდენილი შრომის ანაზღაურების გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან, არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში კანონით დადგენილი წესით.

კასატორი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ფ. მ-ის პირდაპირ სამსახურიდან განთავისუფლება სხვა დისციპლინური ზომის შეუფარდებლად, გამომდინარე იქიდან, რომ თავად გამოსაცდელი ვადის არსი გულისხმობს მოხელის უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციისა და პიროვნული თვისებების შემოწმებას მის მიერ დასაკავებელი თანამდებობისა თუ პოზიციის მოთხოვნებთან მიმართებით, მისი ქმედებები შეფასდა სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებად და მის მიერ განვლილი გამოსაცდელი და პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით ჩაითვალა არადამაკმაყოფილებლად.

კასატორი არ იზირებს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რადგან სადავო აქტი, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე, კანონიერი და დასაბუთებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში იმავე საკითხზე ახალი დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოცემულ იქნა 2016 წლის 2 მარტის N DES 3 16 00000051 ბრძანება, რომლითაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციას დაევალა ფ. მ-ის განთავისუფლების შესახებ ახალი ბრძანების მომზადება და ხელმოსაწერად წარდგენა, ხოლო 2016 წლის 2 მარტის № DES 8 16 00000380 ბრძანებით ფ. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლებზე და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ის უნდა შესრულდეს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულია შესაბამისი განმარტება, ასეთ პირობებში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მითითებული გარემოებები და ფ. მ-ის მიმართ საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და დასაბუთების შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, (გათავისუფლების ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი) პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ასევე ადგენს, რომ მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე აღნიშნული კანონის დანაწესებიდან გამომდინარე, გამოსაცდელი ვადით სამსახურში მიღებული მოხელე შესაბამის ვადაში ექვემდებარება შემოწმებას. მართალია, გამოსაცდელი ვადის შედეგების შეფასება განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, თუმცა ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს მოხელის თანამდებობასთან შესაბამისობა ან შეუსაბამობა შესაბამისი შეფასების აქტით და ამის საფუძველზე მოხელის თანამდებობაზე დანიშვნაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოხელის უვადოდ სამსახურში დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის დადასტურებული. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას არ შეაფასა ფ. მ-ის შესაძლო არაჯეროვანი სამსახურებრივი შესრულებით ადმინისტრაციული ორგანოსადმი და საჯარო ინტერესებისადმი მიყენებული ზიანის ხასიათი და ასევე არ არის დასაბუთებული, რომ ფ. მ-ის განთავისუფლება არის უკიდურესი პრევენციული ღონისძიება, რომელიც მიღებულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოსი და საჯარო ინტერესისათვის.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა რატომ მოხდა ფ. მ-ის პირდაპირ სამსახურიდან გათავისუფლება, ასევე ვერ იქნა დადასტურებული ფ. მ-ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტიც კი, აღნიშნული გარემოების დაუდასტურებლობის პირობებში კი მოსარჩელის გათავისუფლება გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებლად გავლის მოტივით, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

,,საჯარო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის და ამავე კანონის 112-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით ვინაიდან სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ფ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები, იგი კანონით დადგენილი წესით ექვემდებარება სამსახურში აღდგენას, და სახეზეა მისთვის იძულებით განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე