საქმე Nბს-101-100(კ-17) 5 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. შ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. შ-ემ 2016 წლის 25 აპრილს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 31 მარტი MOD 3 1600300919 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და თ. შ-ისათვის ერთჯერადი დახმარების სახით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის გაცემის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მისი ოჯახი არის ეკომიგრანტი აჭარიდან და ცხოვრობს გორის რაიონში, სოფ. .. . მისი შვილი - რ. შ-ე გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს გორის რაიონში, სოფელ … განთავსებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ძალების მე-3 ბატალიონში, 1995 წლის 27 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯავშანმანქანის აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 2015 წლის 25 ივნისს ოჯახმა აიღო რ. შ-ის გარდაცვალების მოწმობა, ხოლო 2015 წლის 28 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გასცა დასკვნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რ. შ-ის გარდაცვალების თაობაზე.
მოსარჩელეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 31 მარტის MOD 3 16 00300919 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მის სასარგებლოდ 15000 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 31 მარტის MOD 3 16 00300919 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. შ-ისათვის ერთჯერადი დახმარების სახით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის გაცემის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ რ. შ-ე 1994 წლის 10 ივნისს გაწვეული იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამხედრო სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამხედრო სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს მეთაური (უფროსი) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად. ამავე კანონის ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურისა, დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო მე-41 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების დროს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკის ს. ძ-ის მიერ 2015 წლის 8 დეკემბერს დამტკიცებულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა სამშვიდობო ძალების მე-3 ბატალიონის სარეზერვო ასეულის მესამე ოცეულის მეტყვიამფრქვევის, რიგითი რ. დ. შ-ის გარდაცვალების ფაქტის დადგომა 1995 წლის 27 მაისს, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეაფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა გათვალისწინებით, სახეზეა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნტით გათვალისწინებული ურთიერთობა, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე - თ. შ-ე წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რ. შ-ის დედას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით ის გარემოება, რომ რ. შ-ე გარდაიცვალა 1995 წლის 27 მაისს დადგენილია არაერთი მტკიცებულებით, რომლებსაც ეფუძნება, როგორც 2015 წლის 30 ივნისს გაცემული გარდაცვალების მოწმობა, ასევე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოლკოვნიკი ს. ძ-ის მიერ 2015 წლის 8 დეკემბერს გაცემული დასკვნა. როგორც ირკვევა ჯერ გარდაცვალების მოწმობაა გაცემული და შემდგომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დასკვნა, შესაბამისად ის გარემოება, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება და აღნიშნავს - თითქოს რ. შ-ის გარდაცვალება მითითებული სამხედრო პოლიციის დასკვნით დადგინდა, სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია. გარდა ამისა, რ. შ-ის გარდაცვალება არ უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 21-ე და 22-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებს გამომდინარე იქიდან, რომ მისი გარდაცვალების ფაქტი 1995 წლის 27 მაისს იყო ცნობილი ოჯახისთვის და მისი გარდაცვალების აღიარება არ განხორციელებულა 2015 წელს.
კასატორი აღნიშნავს, რომ გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმის დოკუმენტაცია საიდანაც ირკვევა, რომ რ. შ-ის გარდაცვალების ფაქტზე ჯერ კიდევ 1995 წლის 27 მაისს დაიწყო გამოძიება და დადგინდა, რომ მისი გარდაცვალების ფაქტზე ბრალი შეერაცხა ს. ხ-ს (მტკიცებულება საქართველოს გენერალური პროკურატურის 2005 წლის დადგენილება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღძრული წარმოების შეწყვეტის შესახებ). საქმეში წარმოდგენილი სამშვიდობო ძალების მე-3 ბატალიონის მეთაურის 1995 წლის 28 მაისის №99 ბრძანებით დასტურდება, რომ რ. შ-ე მოხსნილია ყველა სახის კმაყოფიდან და ამორიცხულია ბატალიონის სიებიდან გარდაცვალების გამო. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად გამოიყენა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები მოსარჩელის მიმართ, რადგან სამართალურთიერთობა მოცემულ შემთხვევაში გამომდინარეობს 1995 წლის 27 მაისიდან, ხოლო მოთითებული ნორმის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის ამოქმედების შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე - 2005 წლიდან. რამდენადაც, 2005 წელს „სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლში განხორციელებულმა №1337 ცვლილებამ მოახდინა დათქმა, რომ ნორმის მოქმედება არ გავრცელებულიყო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და ემსჯელა 1995 წელს მოქმედი კანონმდებლობით (ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი იმ დროისათვის უკვე დადასტურებული იყო), კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 31 მაისის №421 დადგენილებით, რომელიც იმ დროისთვის არეგულირებდა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით სადავოა ასევე ხანდაზმულობის საკითხიც, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მიუხედავად მოპასუხის მოთხოვნისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართელოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. შ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ 1975 წლის 10 დეკემბრის N114 სააქტო ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დაბადების მოწმობის თანახმად, რ. დ. შ-ე დაიბადა 1975 წლის..., მამა - დ. ე. შ.ე, დედა - თ. რ. შ-ე.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის N59 ცნობის თანახმად, რ. დ. შ-ე (დაბ. 1975წ.) 1994 წლის 10 ივნისს გაწვეული იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გორის სამხედრო კომისარიატის მიერ.
სამშვიდობო ძალების მე-3 ბატალიონის მეთაურის 1995 წლის 1 იანვრის N1 ბრძანების (ამონაწერი N308ა, 13.10.2015წ.) თანახმად, სამშვიდობო ძალების მე-3 ბატალიონის სარეზერვო ასეულის მესამე ოცეულის მეტყვიამფრქვევის თანამდებობაზე დაინიშნა რიგითი შ-ე რ.დ.
სამშვიდობო ძალების მე-3 ბატალიონის მეთაურის 1995 წლის 28 მაისის N99 ბრძანების (ამონაწერი N145ა, 16.05.2016წ.) საფუძველზე 27 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო (ფეხოსანთა საბრძოლო აფეთქება ნაღმით) ჯარისკაცთა დაღუპვასთან დაკავშირებით ბატალიონიდან ამოირიცხნენ და ყველა სახის კმაყოფიდან მოიხსნენ სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის რიგითი შ-ე რ. დ. - სარეზერვო ასეულიდან.
სსგს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 30 ივნისს N67157000832 აქტის ჩანაწერის საფუძველზე, გაიცა რ. შ-ის (დაბ. თარიღი: 08.11.1975წ.) გარდაცვალების მოწმობა N67157002399. მოწმობის თანახმად, რ. შ-ე გარდაიცვალა 1995 წლის 27 მაისს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოლკოვნიკი ს. ძ-ის მიერ 2015 წლის 8 დეკემბერს დამტკიცებული დასკვნის მიხედვით, სამსახურებრივი შემოწმებით დადგენილ იქნა, რომ სამშვიდობო ძალების მე-3 ბატალიონის სარეზერვო ასეულის მესამე ოცეულის მეტყვიამფრქვევის, რიგითი რ. დ. შ-ის გარდაცვალება დადგა 1995 წლის 27 მაისს, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
თ. შ-ის წარმოამდგენელმა 2016 წლის 11 მარტს №241936 განცხადებით მიმართა საქართელოს თავდაცვის სამინისტროს რ. შ-ის გარდაცვალების გამო, მისი ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის მოთხოვნით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 31 მარტის MOD 3 16 00300919 გადაწყვეტილებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში 2005 წლის 20 აპრილს განხორციელებული ცვლილების მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა რ. შ-ის გარდაცვალების გამო მისი ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე ითხოვს მისი შვილის -რ. შ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების გამო „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დახმარებას. მითითებული უფლება წარმოშობილია „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში 2005 წლის 20 აპრილის №1337-Iს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად (პარლამენტის უწყებანი, N25-26, 15.07.1998, გვ.14), რომლითაც მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით“. იმავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ რ. შ-ის 1995 წლის 27 მაისს გარდაცვალების სამართლებრივი შედეგი დადგა 2015 წლის 8 დეკემბრის დასკვნით, ვინაიდან კანონმდებელი ერთჯერადი კომპენსაციის გაცემისათვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების ფაქტის დადგენას, არამედ მისი სამხედრო სამსახურის ტერიტორიაზე და უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ფაქტის დადასტურებასაც. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიზეზობრივი კავშირი პირის გადრაცვალებასა და სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას შორის დადასტურდა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2015 წლის 8 დეკემბრის დასკვნის გაცემით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უფლების წარმოიშობის მომენტად მიიჩნია 2015 წელი, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, ანუ ივარაუდება, რომ პირმა იცის კანონი, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების ძალაში შესვლის, გაუქმებისა და კანონის ცოდნის პრეზუმფციის ზოგად დებულებებს და მას რაიმე მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიური დანიშნულება და ფუნქცია არ გააჩნია. იმავე კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, 131-ე მუხლით თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში თ. შ-ის უფლება მოთხოვნის წარმოშობის შესახებ უკავშირდება იმ დროს, როდესაც მან შეიტყო მისი შვილის - რ. შ-ის გარდაცვალების შესახებ. რამდენადაც, სამშვიდობო ძალების მე-3 ბატალიონის მეთაურის 1995 წლის 28 მაისის №99 ბრძანებით 27 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო (ფეხოსანთა საბრძოლო აფეთქება ნაღმით) ჯარისკაცთა დაღუპვასთან დაკავშირებით ბატალიონიდან ამოირიცხნენ და ყველა სახის კმაყოფიდან მოიხსნენ სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის რიგითი შ-ე რ. დ. - სარეზერვო ასეულიდან. შესაბამისად, მოსარჩელისათვის 1995 წლის 27 მაისს ცნობილი იყო მისი შვილის თ. შ-ის გარდაცვალების, გარდაცვალების მიზეზისა და გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ, თუმცა სამართალურთიერთობის წარმოშობა - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ფაქტის დადგენის მიზნით უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვა დამოკიდებული იყო მოსარჩელის მოქმედებაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი სადავო არ გამხდარა.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირების სამსახურის 2015 წლის 28 დეკემბრის დასკვნის თანახმად, თ. შ-ემ 2015 წლის 4 ნოემბერს მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების უზრუნველსაყოფად, რომელიც შეეხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ძალების მე-3 ბატალიონის სარეზერვო ასეულის მესამე ოცეულის მეტყვიამფრქვევის, რიგით რ. დ. შ-ის 1995 წლის 27 მაისს გარდაცვალების ფაქტს. სამსახურებრივი შემოწმებით დადგენილ იქნა, რომ სამშვიდობო ძალების მე-3 ბატალიონის სარეზერვო ასეულის მესამე ოცეულის მეტყვიამფრქვევის, რიგით რ. დ. შ-ის გარდაცვალება დადგა 1995 წლის 27 მაისს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ შვილის გარდაცვალების შესახებ თ. შ-ისთვის ცნობილი გახდა მისი გარდაცვალების დღეს 1995 წლის 27 მაისს, თუმცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტის დასადგენად 20 წლის შემდეგ - 2015 წლის 4 ნოემბერს მიმართა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის მე-2 თავით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის არსებობის ფაქტი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ მოთხოვნის წარდგენამდე - 2016 წლის 11 მარტამდე განვლილი დრო არ მიეღო მხედველობაში. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობას დავუკავშირებთ პირის სამხედრო სამსახურის ტერიტორიაზე და უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტის დადასტურების თარიღს - 2015 წლის 28 დეკემბერს, აღნიშნული ვერ შეცვლის იმ გარემოებას, რომ თ. შ-ემ 2015 წლის 4 ნოემბერს მიმართა უფლებამოსილ ორგანოს რ. შ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტის დასადგენად, როცა უკვე გასული იყო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის - 2005 წლის 20 აპრილის №1337-Iს კანონის ამოქმედებიდან მოთხოვნის ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა. რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებული იყო თ. შ-ის მოქმედებაზე, რაც მან განახორციელა კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები); ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა - საქართელოს თავდაცვის სამინისტრომ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა, სააპელაციო სასამართლომ კი არასწორი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საკასაციო პალატის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე