Facebook Twitter

საქმე N313-313(კ-18) 12 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ა-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-მა 2017 წლის 21 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 15 მაისის №12 ,,მოქალაქე ი. ა-ის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’ განკარგულებისა და 2017 წლის 20 მარტის №587 საოქმო გადაწვეტილების (დღის წესრიგის 34-ე საკითხი) ი. ა-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე ი. ა-ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ... ქუჩა №34-ის მოპირდაპირედ, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 15 მაისის №12 განკარგულება ი. ა-ზე ქ.თბილისი, ... ქუჩა №34-ის მოპირდაპირედ მდებარე 422 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისი, ... ქუჩა №34-ის მოპირდაპირედ მდებარე 422 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ი. ა-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით კანონმდებლობა განმარტავს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთისა და დაინტერესებული პირის ცნებებს. ორივე შემთხვევაში ცალსახად არის ჩამოყალიბებული, რომ მიწის ნაკვეთზე, რომლის აღიარებასაც ითხოვს კონკრეტული ფიზიკური პირი, უნდა არსებობდეს საცხოვრებელი სახლი, მისი ნანგრევები ან/და აშენებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა. გამონაკლისს წარმოადგენს ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც განთავსებულია დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მისივე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი, გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ი. ა-ი საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა არა როგორც მის საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, არამედ ცალკე არსებულ იმ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაშიც კანონმდებლობა ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობას. შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიამ უნდა გამოიკვლიოს ის გარემოება, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთს, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული გარემოება.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მიღებისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია რკინის დროებითი შენობა-ნაგებობა, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ქმნიდა სზაკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორი განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა. საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოდან დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია რკინის დროებით შენობა-ნაგებობა, აღსანიშნავია, რომ მითითებული გარემოება თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მიერაც იქნა დადასტურებული კომისიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, რაც დასტურდება სადავო 2017 წლის 20 მარტის N587 ოქმით. გარდა აღნიშნულისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავად მოსარჩელის მიერ იქნა წარმოდგენილი ფერადი ფოტოსურათები, რომლიდანაც ნათლად ჩანს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის „დროებითი" ხასიათი. რაც შეეხება იმ გარემოებაზე მითითებას, თითქოსდა, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლის ნანგრევები, აღნიშნულს კომისია არ იზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არა საცხოვრებელი სახლის ნანგრევები, არამედ სამშენებლო მასალები, კერძოდ კი, სამშენებლო ბლოკი და ხის მასალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან საქმეზე არ არის გამოკვლეული, მიწის ნაკვეთზე ი. ა-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ გასაჩივრებულ აქტში მითითებული უარის თქმის საფუძველი (მიწის ნაკვეთზე განთავსებულია რკინის დროებითი შენობა-ნაგებობა და მასზე საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას) არ ქმნის მისი კანონირად მიჩნევის შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებულ და დანგრეულ შენობა ნაგებობებზე და აღნიშნავდა, რომ შენობის ნანგრევი წარმოადგენდა საცხოვრებელი მიზნით აგებული შენობის ნანგრევებს, აღნიშნულის გასაბათილებლად მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცება, შესაბამისი დასაბუთებული არგუმენტაციით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოებები, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.

საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მხარისათვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე