Facebook Twitter

საქმე Nბს-790-782(კ-16) 5 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ. ჯ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების ბოლნისის რაიონული განყოფილება (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჯ-ემ 2014 წლის 30 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების ბოლნისის რაიონული განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2012 წლის პირველი ივლისის №2012/1 და 2012 წლის პირველი სექტემბრის №2013/1 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 27 აგვისტოს №04/71985 წერილი ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2012 წლის 1 ივლისის №2012/1 გადაწყვეტილებით შეუჩერდა ასაკით პენსიის გაცემა „ბანკის ინფორმაციით ექვსი თვის მიუღებლობის გამო“. 2012 წლის 1 სექტემბრის №2013/1 გადაწყვეტილებით შეუწყდა პენსია. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილებები მოგვიანებით, მხოლოდ მისი მოთხოვნის შემდეგ 2012 წლის 22 აპრილს ჩააბარა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონულმა განყოფილებამ. შესაბამისად იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას მანამდე მოეთხოვა იმ გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლებმაც გააუარესეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. 2013 წელს საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მას არ ჰქონდა საშუალება ეჭქვეშ დაეყენებინა სადავო აქტების კანონიერება, რადგან გადაწყვეტილებები მოგვიანებით ჩაბარდა მისი მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, მოგვიანებით შეძლო ხსენებული აქტების გასაჩივრება, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტომ არ განიხილა მისი საჩივარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 27 აგვისტოს N04/71985 წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ლ. ჯ-ის 2014 წლის 22 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა; სხვა მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კონპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა, გადაანგარიშება, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის შეჩერების საფუძველია პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა. ამავე კანონის მე-17 მუხლი ადგენს პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან;დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას; ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ;თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

კოლეგიამ განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ეს ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის საფუძვლით შეუჩერდა დანიშნული სახელმწიფო პენსია, ხოლო შემდეგ შეუწყდა. სახელმწიფო პენსიის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები მოსარჩელეს 2014 წლის 22 აპრილს ჩაბარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელემ 2014 წლის 22 მაისს საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. კოლეგიამ ასევე დაადგინა, რომ 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სააგენტოს არ განუხილავს სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი, არამედ განიხილა სახელმწიფო პენსიის აღდგენისა და მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ საჩივარი. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ლ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს (სააპელაციო საჩივრის ფარგლებში) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 27 აგვისტოს №04/71985 წერილის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ლ. ჯ-ის 2014 წლის 22 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა;

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს განმეორებით მიმართა ლ. ჯ-ის წარმომადგენელმა (2014 წლის 21 აგვისტოს N85342 განცხადება), რომლითაც ითხოვდა ლ. ჯ-ის მიერ სააგენტოში მიმდინარე წლის 22 მაისს წარმოდგენილ საჩივარში (N52375) მითითებული გარემოებების ხელახლა განხილვას და ახალი აქტის გამოცემას. 28 მაისის N0443963 წერილით ლ. ჯ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის (ნაწილი პირველი) თანახმად, სააგენტოს არ გააჩნდა საჩივრის ხელახალი განხილვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ასევე, აღნიშნული წერილით ლ. ჯ-ეს განემარტა, რომ მის მიერ წარმოდგენილი 2013 წლის 21 მაისის N57963 ადმინისტრაციული საჩივრის (ანალოგიური მოთხოვნა, ბოლნისის რაიონული განყოფილების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურება) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სააგენტოს 2013 წლის 16 ივლისის N04/65777 გადაწყვეტილება მისთვის ცნობილი იყო.

ლ. ჯ-ის 2014 წლის 30 ივლისის N78307 განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა სააგენტოში წარმოდგენილ (2013 წელი) საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების განახლების საკითხს, პასუხი განმეორებით ეცნობა სააგენტოს 2014 წლის 11 აგვისტოს N04/67893 წერილით და განემარტა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. 2014 წლის 21 აგვისტოს N85342 განცხადებით არ დასტურდებოდა, ლ. ჯ-ის მიმდინარე წლის 22 მაისს N52375 განმეორებით წარმოდგენილი საჩივრის ხელახალი განხილვის საფუძვლები, ასევე 2013 წლის 21 მაისის N57963 ადმინისტრაციულ საჩივარზე სააგენტოს 2013 წლის 16 ივლისის N04/65777 გადაწყვეტილება გაეგზავნა პირადად და განემარტა მისი გასაჩივრების პირობები. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სოციალური მომსახურების საგენტოს ხელახლა უნდა შეესწავლა ლ. ჯ-ის 2014 წლის 22 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი, უსაფუძვლოა, ვინაიდან არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ სააგენტომ 2013 წლის 16 ივლისს N04/65777 მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჯ-ემ რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2012 წლის 1 ივლისის N2012/1 და 2012 წლის 1 სექტემბრის N2013/1 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საჩივარში დაყენებულ საკითხზე მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სააგენტოს დაავალა ხელახლა მომხდარიყო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნდა საჩივრის ხელახალი განხილვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რაც კასატორის მოსაზრებით არ შეესაბამება საქმის ვითარებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნწეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, ლ. ჯ-ე 2006 წლიდან იღებს სახელმწიფო პენსიას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2012 წლის 1 ივლისის №2012/1 გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ეს 2012 წლის 1 ივლისიდან შეუჩედა პენსია ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2012 წლის 1 სექტემბრის №2013/1 გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №01-46/ნ ბრძანების საფუძველზე. 2013 წლის 21 მაისს ლ. ჯ-ემ საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მის სასარგებლოდ ოთხი თვის სახელმწიფო გასაცემლის აღდგენა და დავალიანების ანაზღაურება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 16 ივლისის N04/65777 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ლ. ჯ-ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2012 წლის 1 სექტემბრის №2013/1 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ მოსარჩელეს ჩაბარდა 2014 წლის 22 აპრილს. ლ. ჯ-ემ 2014 წლის 22 მაისს საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგნეტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2012 წლის 1 ივლისის №2012/1- სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და 2012 წლის 1 სექტემბრის №2013/1 - სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგნეტოს 2014 წლის 27 აგვისტოს №04/71985 წერილით ლ. ჯ-ეს ეცნობა, რომ სააგენტოს ლ. ჯ-ის განმეორებითი საჩივრის ხელახლა განხილვის საფუძველი არ გააჩნდა. ვინაიდან, 2013 წლის 16 ივლისის N04/65777 გადაწყვეტილებით სააგენტომ იმსჯელა მოსარჩელის ანალოგიურ მოთხოვნებზე და ამასთან, არ დასტურდებოდა საჩივრის ხელახლა განხილვის საფუძვლები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2012 წლის 1 ივლისის №2012/1 და 2012 წლის 1 სექტემბრის №2013/1 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ლ. ჯ-ის მოთხოვნა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს ერთი და იმავე სამართლებრივი საფუძვლებიდან და წარმოადგენს ერთი და იგივე დავის საგანს.

სახელმწიფო პენსიის აღდგენისა და მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ ლ. ჯ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ იქნა 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება, რომელიც მხარეს არ გაუსაჩივრებია. ლ. ჯ-ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2012 წლის 1 ივლისის №2012/1 გადაწყვეტიელბა სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და 2012 წლის 1 სექტემბრის №2013/1 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ 2014 წლის 22 მაისს გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 27 აგვისტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა 2014 წლის 22 მაისის საჩივრის განხილვაზე.

ლ. ჯ-ის 2014 წლის 30 სექტემბერს აღძრული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ 2012 წლის 1 ივლისის №2012/1 გადაწყვეტიელბის, სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ 2012 წლის 1 სექტემბრის №2013/1 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 27 აგვისტოს 04/71985 წერილის ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 27 აგვისტოს N04/71985 წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ლ. ჯ-ის 2014 წლის 22 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა; სხვა მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია მოსარჩელეს და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო პალატას არ გააჩნია შესაძლებლობა იმსჯელოს სარჩელის იმ ნაწილზე, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა 2012 წლის 1 ივლისის №2012/1 და 2012 წლის 1 სექტემბრის №2013/1 გადაწყვეტიელებების კანონიერების შემოწმებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუღებელი პენსიის ანაზრაურების საკითხი განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ №ბს-815-807(კ-16) საქმეზე 2017 წლის 25 მაისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, საკასაციო საჩვრით გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 27 აგვისტოს №04/71985 წერილის კანონიერება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ლ. ჯ-ის 2014 წლის 22 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება.

სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 27 აგვისტოს №04/71985 წერილის თანახმად, ლ. ჯ-ე 2014 წლის 22 მაისის №52375 საჩივარში აპელირებდა, რომ სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2012 წლის 1 ივლისის №2012/1, 2012 წლის 1 სექტემბრის №2013/1 გადაწყვეტილებები ხელზე ჩაბარდა მიმდინარე წლის 22 აპრილს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების ერთ თვიანი ვადის ათვლა უნდა მოხდეს აღნიშნული პრეიოდიდან, 2014 წლის 22 აპრილიდან. შესაბამისად, ითხოვდა ბოლნისის რაიონული განყოფილების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. აღნიშნულის პასუხად, სააგენტოს 2014 წლის 28 მაისის N0443963 წერილით ლ. ჯ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის (ნაწილი პირველი) თანახმად, სააგენტოს არ გააჩნდა საჩივრის ხელახალი განხილვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, აღნიშნული წერილით ლ. ჯ-ეს განემარტა, რომ მის მიერ წარმოდგენილი 2013 წლის 21 მაისის N57963 ადმინისტრაციული საჩივრის (ანალოგიური მოთხოვნა, ბოლნისის რაიონული განყოფილების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურება) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სააგენტოს 2013 წლის 16 ივლისის N04/65777 გადაწყვეტილება მას გაეგზავნა. გარდა აღნიშნულისა ლ. ჯ-ის 2014 წლის 30 ივლისის N78307 განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა სააგენტოში წარდგენილ (2013 წელი) საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების განახლების საკითხს, პასუხი განმეორებით ეცნობა სააგენტოს 2014 წლის 11 აგვისტოს N04/67893 წერილით და განემარტა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2014 წლის 21 აგვისტოს N85342 განცხადებით არ დასტურდებოდა, ლ. ჯ-ის 1014 წლის 22 მაისს N52375 განმეორებით წარდგენილი საჩივრის ხელახალი განხილვის საფუძვლები. ამასთან, 2013 წლის 21 მაისის N57963 ადმინისტრაციულ საჩივარზე სააგენტოს 2013 წლის 16 ივლისის N04/65777 გადაწყვეტილება გაეგზავნა პირადად და განემარტა მისი გასაჩივრების პირობები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგნეტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2012 წლის 1 ივლისის №2012/1 და 2012 წლის 1 სექტემბრის №2013/1 გადაწყვეტილებების საფუძველზე მიუღებელი პენსიის თანხის ანაზღაურების თაობაზე ლ. ჯ-ის მოთხოვნაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წლის 16 ივლისს მიიღო N04/65777 გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების არსებობა წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ლ. ჯ-ის 2014 წლის 22 მაისის საჩივარზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე