Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-439-439(კ-18) 25 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ამხანაგობა „...-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური).

2016 წლის 11 ივლისს ამხანაგობა „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 ივნისის #1-933 ბრძანების, მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის ნაწილში სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 მარტის #736 ბრძანების ბათილად ცნობა და აღნიშნული სამსახურისათვის #... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გეგმის კორექტირების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით ამხანაგობა ,,...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2018 წლის 4 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ ამხანაგობა „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ 2018 წლის 4 მაისის განჩინებით ამხანაგობა „...-ს“ დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან/და რამაზ ქანთარიას ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულება და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 2018 წლის 18 მაისს ჩაჰბარდა.

2018 წლის 28 მაისს კასატორმა - ამხანაგობა „...-მა“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მაგრამ არ წარმოუდგენია უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან/და რ. ქ-ს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულება და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით ამხანაგობა ,,...-ს“ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით.

ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს - ამხანაგობა „...-ს“ 2018 წლის 18 ივნისს ჩაჰბარდა.

2018 წლის 22 ივნისს, 28 ივნისსა და 2 ივლისს ამხანაგობა „...-მა“ განცხადებებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით ამხანაგობა ,,...-ს“ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით.

ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს - ამხანაგობა „...-ს“ 2018 წლის 12 ივლისს ჩაჰბარდა.

2018 წლის 17 ივლისს ამხანაგობა „...-მა“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა მხოლოდ უფლებამოსილი პირის - ამხანაგობის თავმჯდომარის - ნ. ჯ-ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, რომელიც შეიცავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული საკასაციო საჩივრის ფორმის მხოლოდ პირველ და ბოლო გვერდებს, მაგრამ არ წარმოუდგენია შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, საკასაციო საჩივარი და წარმოდგენილი განცხადებები შესრულებულია გაურკვეველი ხელნაწერით, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის საკასაციო საჩივრის მოტივებისა და ზოგადად, მისი შინაარსის აღქმას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამხანაგობა „...-ის“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ამხანაგობა „...-ის“ საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი