საქმე #ბს-911(კს-18) 25 ივლისი, 2018წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ა-ე, წარმომადგენლები: ა. გ-ი, დ.მ-ე (04.05.2017წ. N170474782 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2018წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ა-ემ 28.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 07.04.2017წ. გადაწყვეტილების (N14347/2/17 საჩივარზე), სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.03.2017წ. N5652 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.10.2016წ. NCB690921 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2018წ. განჩინებით ლ. ა-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში, რომლის შევსების საპროცესო ვადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ რამდენჯერმე იქნა გაგრძელებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2018წ. განჩინებით ლ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რაც 02.07.2018წ. კერძო საჩივრით გასაჩივრდა ლ. ა-ის წარმომადგენლის ა. გ-ის მიერ, ხოლო ლ. ა-ის წარმომადგენლმა დ. მ-ემ 09.07.2018წ. განცხადებით უარი თქვა 02.07.2018წ. წარმოდგენილ კერძო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ლ. ა-ის წარმომადგენლის დ. მ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ლ. ა-ის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლითაც გარანტირებულია მხარეთა ნების თავისუფლება შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები: დაიწყონ საქმის წარმოება სასამართლოში, დაამთავრონ საქმე მორიგებით, უარი თქვან სარჩელზე და ა.შ.
სასკ-ის 1.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო სსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმებით, დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მხარეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი ნების შესაბამისად განკარგოს საკუთარი საპროცესო უფლებები. განსახილველ შემთხვევაში ლ. ა-ის წარმომადგენელმა დ. მ-ემ უარი განაცხადა კერძო საჩივარზე, რითაც მოახდინა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის `გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ 09.07.2018წ. განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (სასკ-ის 3.2 მუხ.) და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. საქმეში წარმოდგენილია ვადაში მყოფი 04.05.2017წ. N170474782 მინდობილობა, რომლითაც დ. მ-ეს მარწმუნებლისგან მინიჭებული აქვს კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ა-ის წარმომადგენელის დ. მ-ის განცხადება კერძო საჩივაზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 378-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნავს, რომ ლ. ა-ეს კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტისას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272, 378-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ა-ის წარმომადგენლის დ. მ-ის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ლ. ა-ის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. კერძო საჩივრის ავტორს განემარტოს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს იგივე გადაწყვეტილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი