Facebook Twitter
Nბს-983-979(გ-17) 1 აგვისტო, 2018წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოქალაქეების ზ. კ-ის, ი. ო-ის, დ. კ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე ამბროლაურის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. კ-ემ, დ. კ-ემ და ი. ო-მა 31.07.2017წ. სარჩელით მიმართეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის, იმერეთის რეგიონალური ოფისის ამროლაურის ფილიალის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 10.11.2011წ. №...-03 გადაწყვეტილების, 10.11.2011წ. №...-03 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესხებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.05.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ შუამდგომლობის სახით ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ა. კ-ის საკუთრებაში რიცხულ ამბროლაურის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ქონებაზე, რაიმე სახის სარეგისტრაციო მოქმედების აკრძალვა, რაც დაკავშირებული იქნებოდა ამ უძრავი ქონების გასხვისებასთან და უფლებრივ დატვირთვასთან.
მოსარჩელეება აღნიშნეს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა 08.10.2011წ. ე. კ-ის ოჯახის საკუთრებად დაარეგისტრირა 651 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზედ არსებული საცხოვრებელი სახლითა და დამხმარე სათავსოებით, საერთო ფართით 277,569 კვ.მ. და ამბროლაურის რ-ის სოფ. ... მდებარე 1002 კვ.მ. სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც წარმოადგენდა ე. კ-ის, ზ. კ-ის, ი. ო-ის და დ. კ-ის კომლის საკუთრებას, რომელშიც ისინი ირიცხებოდნენ. ე. კ-ემ კომლის დანარჩენი წევრების შეტყობინების გარეშე 03.11.2011წ. აღნიშნული ქონება ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა თავის შვილს - ა. კ-ის საკუთრებაში. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ’’ კანონის თანახმად, მესაკუთრეს, რომელიც საადგილმამულო საკომლო მეურნეობას უძღვება ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, უფლება არ აქვს უძრავი ქონება გაასხვისოს ოჯახის სხვა წევრთა სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის გარეშე. მოსარჩელეებმა 08.07.2015წ. მოცემული გარემოებების შეტყობინების შემდეგ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო კოლეგიას. 30.03.2017წ. განჩინებით სარჩელი დარჩა განუხიველი იმ მოტივით, რომ ადმნისტრაციული კოლეგიის განსჯადი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.06.2017წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 09.08.2017წ. განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სარეგისტრაციო წარმოება ამბროლაურის რაიონის სოფ. … მდებარე უძრავ ნივთზე ს/კ ... და ..., მესაკუთრე ა. კ-ე.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 23.08.2017წ. განჩინებით მოსარჩელეების ზ. კ-ის, დ. კ-ის და ი. ო-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის 3.2 მუხლზე, სასკ-ის 2.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, სასკ-ის 26.1 მუხლზე, სსსკ-ის მე-15 მუხლზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. №134 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე“ მითითებით აღნიშნა, რომ განსჯადობის საერთო წესის თანახმად სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ, სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალური ოფისი არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში, ირ. …ის №20-ში, შესაბამისად სარჩელი უნდა გადაიგზავნოს მოპასუხეების იურიდიული მისამართების მიხედვით განსახილველად. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, შესაბამისად განსჯადი სასამართლოს დადგენისას მნიშვნელოვანია თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანო. ვინაიდან მოსარჩეელების მოთხოვნა მიმართული იყო მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტემენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალური ოფისის მიმართ, შესაბამისად ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებითაც განსჯად სასამართლოს მოპასუხის ადილსამყოფელის მიხედვით წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლო. სასამართლო წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით განჩინების გამოტანისას აგრეთვე დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.02.2014წ. №ბს-32-31(გ-14) ჩამოყალიბებულ სამართელებრივ დასკვნას, იმის შესახებ, რომ სასამრთლოებმა სადავო აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას, უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ რას ეხება განხორციელებული რეგისტრაცია და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გამორკვიონ, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვენა საქმე განსახილველად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.10.2017წ. განჩინებით მოსარჩელეების ზ. კ-ის, დ. კ-ის და ი. ო-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 3.2 მუხლზე, სასკ-ის 1.2 მუხლზე, სასკ-ის 26.1 მუხლზე, სსსკ-ის მე-15 მუხლზე, სსსკ-ის მე-18 მუხლზე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. №134 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე“ მითითებით აღნიშნა, რომ დავა შეეხება უძრავ ნივთს, რომელიც მდებარეობს ამბროლაურში და მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული ადმნისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. №134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის და მე-10 მუხლის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ ამბროლაურის ფილიალი არ წარმოადგენს იმერეთის რეგიონალური ოფისის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიულ სამსახურს, არამედ თითოეული მათგანი არის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული სამსახური. ტერიტორიული სამსახურების - რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების ფუნქციები არის გამიჯნული, ფილიალი მონაწილეობას იღებს რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ წარმოებაში და უფლებამოსილია შესაბამის საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფაზე, რასაც ადგილი აქვს ფილიალის ტერიტორიაზე, რეგიონის მიხედვით შესაბამისი უძრავი ნივთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დავების წარმოშობისას. ფილიალი არ წარმოადგენს რეგიონალური ოფისის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიულ სამსახურს, შესაბამისად იმ ადინისტრაციულ სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე სარჩელები, რომლებიც შეეხება ფილიალის ტერიტორიაზე მყოფ უძრავი ნივთების რეგისტრაციას, შესაძლებელია განხილულ იქნეს ფილიალის ადგილსამყოფელის მიხედვით. გარდა ამისა, სსსკ-ის მე-18 მუხლი ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას და შესაბამისი სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვრება უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით. სასამართლომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-964-955(გ-16) საქმეზე მიცემული განმარტებით, რომლის თანახმადაც იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს რიგი კრიტერიუმების გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების განმახორციელებელი ფილიალის ადგილსამყოფელის და სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. აღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება, მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე. საკასაციო პალატამ აგრეთვე მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ №134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებით“ ფილიალების უფლებამოსილების შეზღუდვა, ფილიალების იურიდიული მისამართის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ სასამართლოს არ აქცევს არაგანსჯადად, რამდენადაც აღნიშნული გამოიწვევს რეგიონალური ოფისების მიხედვით სასამართლოების გადატვირთვას და ფილიალების ადგილსამყოფელის მიხედვით სასამართლოების გათვალისწინებული ფუნქციის შემცირებას, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სარჩელზე განსჯად სასამართლოდ მიიჩნია ამბროლაურის რაიონული სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტაციის შესახებ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ.). სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია რეგიონალური ოფისი და ფილიალი (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 6.2 მუხ.), რომლებიც თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ნორმატიულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებენ სააგენტოს ფუნქციებს (დებულების 30.1, 31.1 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებად დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით. ამდენად, წარდგენილ განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების ჩატარებას და შემდგომში აქტის გამოცემას ახდენს არა უშუალოდ სააგენტო, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, სწორედ ტერიტორიულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება და სხვ.. სადავო აქტის გამოცემის დროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი სტრუქტურა ითვალისწინებდა ადგილზე სარეგისტრაციო ორგანოების ფუნქციონირებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. კ-ემ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურს 04.11.2011წ., საჯარო რეესტრის ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 10.11.2011წ. №...-03 გადაწყვეტილებით ა. კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ამბროლაურში, სოფ. … მდებარე უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ა.კ-ის სახელზე. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.07.2004წ. №835 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 6.1-ის მუხლის მიხედვით, სააგენტო თავის უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფდა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით. დებულების 6.3 მუხლის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებს წარმოადგენდა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური და ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახური. შესაბამისად მოცემულ პერიოდში ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურს ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება წარმოებაში მიეღო დაინტერესებული პირის განაცხადი და გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავ ნივთებზე რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებათა პირველადი და შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსკ-ის მე-15 მუხ.). სარჩელი ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში აღიძრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. №134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებით“ გაუქმდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.07.2004წ. №835 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულება, მოქმედი დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, ისევე როგორც სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურის-ფილიალის ხელმძღვანელი - უფროსი ოპერატორი ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს ქონების რეგისტრააციის დეპარტამენტისა და რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსის წინაშე. ამბროლაურის ფილიალი არ წარმოადგენს იმერეთის რეგიონალური ოფისის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიულ სამსახურს, თითოეული მათგანი არის სააგენტოს რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული სამსახური. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. №134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 30-31-ე მუხლებით გამიჯნულია ტერიტორიული სამსახურების-რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების ფუნქციები, ფილიალი მონაწილეობას იღებს რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ წარმოებაში, აგრეთვე მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შესაბამის საქმეებზე ფილიალის ტერიტორიაზე რეგიონის მიხედვით, უძრავი ნივთების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავების წარმოშობისას, სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ფუნქციით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებით“ სააგენტოს ადგილობრივი ორგანოების სტუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების გადანაწილება არ აქცევს ფილიალების იურიდიული მისამართის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ სასამართლოს არაგანსჯადად, ოფისების მიხედვით განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა გამოიწვევს რეგიონალური ოფისების მიხედვით (დებულებით სულ რვა ოფისის ფუნქციონირებაა გათვალისწინებული) სასამართლოების გადატვირთვას. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით. სსკ-ის 18.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღიძრა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებულ იქნა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ. სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, განსჯადი სასამართლო მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში, სასარჩელო დავა შეეხება უძრავ ნივთს, რომელიც მდებარეობს ამბროლაურში და მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გამოცემული ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული აქტების უცვლელად დატოვება, იწვევს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას არსებითი გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის, სადავო აქტების გამომცემი ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიხედვით. შესაბამისად, საერთო განსჯადობის წესების გათვალისწინებით, აგრეთვე განსაკუთრებული ნოვთობრივი და ალტერნატიული განსჯადობის წესების თანახმად, განსჯადი სასამართლო არის ამბროლაურის რაიონული სასამართლო.
„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. №1/150-2007 გადაწყვეტილების 3.2 მუხლის მიხედვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ამბროლაურის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. კ-ის, დ. კ-ის და ი. ო-ის სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. კ-ის, დ. კ-ის და ი. ო-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე,


მოსამართლეები: ვ.როინიშვილი


პ. სილაგაძე