საქმე №ბ-1338-1(ბ-18) 7 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 429-ე მუხლის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს „მ…“ ყოფილი დირექტორისა და დამფუძნებლის - თ. მ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „...-მა“ 1997 წლის 10 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 6 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტის გაუქმება მოითხოვა. გასაჩივრებული დადგენილების მე-2 პუნქტით გაუქმდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №12.23.769 დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც შპს „...-ს“ ავტოსადგომისა და ავტოსერვისის კომპლექსის მოსაწყობად მიეცა მიწის ნაკვეთით დროებითი სარგებლობის უფლება.
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 6 მარტის №06.17.283 დადგენილების მეორე პუნქტი, რომლითაც იყო გაუქმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №12.23.769 დადგენილება.
შპს „მ...“ ყოფილმა დირექტორმა - თ. მ-ემ 2018 წლის 29 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის №12-10 გადაწყვეტილება ეხება თ. მ-ის, როგორც შპს „...“ პარტნიორისა და დირექტორის ინტერესებს, სადავო მიწის ნაკვეთზე ადგენს შპს „...-ის “ უფლებას იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ მონაწილეობდა დაინტერესებული პირი - შპს „მ...“. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის №12-10 გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების (20187 წლის 14 მაისის №271907/17 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით) პროცესში. კერძოდ, საჯარო რეესტრის 2018 წლის 31 ივლისის №333805 წერილით თ. მ-ის წარმომადგენელს გადაეგზავნა 2018 წლის 16 ივლისს შპს ... ...-ის“ წარმომადგენლის - ა. გ-ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №405407/17 განცხადება დანართთან ერთად, რომელიც ასევე მოიცავდა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის №12-10 გადაწყვეტილებას.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მის მიერ დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა. ამასთან, განმცხადებლის მოსაზრებით დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი განსჯადობის წესი, რამდენადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეზე და დღეის მდგომარეობით საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს №12-10 საქმეზე 1997 წლის 2 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ...“ ყოფილი დირექტორისა და დამფუძნებლის - თ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის №12-10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ...“ ყოფილი დირექტორისა და დამფუძნებლის - თ. მ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, „საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ“ კანონი, საქართველოს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლო წარმოების კოდექსი და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები. იმავე კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს კოლეგიები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავდნენ საქმეებს პირველი ინსტანციით, ზედამხედველობის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება მიღებულია „საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით საარბიტრაჟო სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის თანახმად, საარბიტრაჟო სასამართლო იხილავდა ეკონომიკური ხასიათის დავას საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის, რომლებიც იყვნენ იურიდიული პირები მათი უწყებრივი დაქვემდებარების, საკუთრების ფორმისა და სადავო თანხის ოდენობის მიუხედავად. მათ შორის, დავას სახელმწიფო და სხვა ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ მიღებული იმ აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რომლებიც ლახავენ ადგილობრივი მმართველობის, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ქონებრივ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისს მიღებული N767-IIს ორგანული კანონის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა „საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 აპრილის კანონი. 87-ე მუხლით დადგინდა საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების საერთო სასამართლოებისათვის გადაცემის წესი, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების წარმოებაში არსებული ყველა საქმე, რომელთა განხილვაც არ დაწყებულა 1997 წლის 15 ოქტომბრამდე, საპროცესო კანონის შესაბამისად, გადაეცემოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საერთო სასამართლოებისათვის გასანაწილებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. შპს „მ...“ ყოფილი დირექტორი და დამფუძნებელი თ. მ-ე სწორედ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვს პირველი ინსტანციის წესით განხილვის შედეგად იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე გამოტანილი საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 25 ივლისის №12.23.769 დადგენილების გაუქმების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 6 მარტის №06.17.283 დადგენილების მეორე პუნქტი. შესაბამისად, დავის საგანია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რომელსაც იმავე კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციით განხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესს, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვის დროს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ისეთი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის დადგენა, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანას. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვა სცილდება საკასაციო სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და შესაბამისად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს განცხადების დასაშვებობაზე, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის საფუძველზე, პირველი ინსტანციის წესით განხილვის შედეგად საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 1997 წლის 2 აპრილს №12-10 საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით 425-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ...“ ყოფილი დირექტორისა და დამფუძნებლის - თ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე