საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-787-783(კ-17) 09.01.2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ლ. მ-ე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი
მოპასუხეები - ნ. კ-ე, გ. ქ-ე
მესამე პირი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის, ნ. ქ-ის, გ. კ-ისა და მესამე პირის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ლ. მ-ის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 1437 ლარის ანაზღაურების, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის, საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის (400 ლარი), ჩატარებული ექსპერტიზის საფასურისა (200 ლარის) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიღებისათვის გაწეული ხარჯის (60 ლარი) ანაზღაურების მოპასუხეებისათვის დავალება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 14 აპრილის №...-03 გადაწყვეტილება ნ. ქ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ1350 კვ.მ ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 ივლისის №...-03 გადაწყვეტილება გ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ 1062 კვ.მ ნაწილში, მოსარჩელე ლ. მ-ეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 02 ოქტომბრის №...-05 გადაწყვეტილების, 2013 წლის 13 ივნისის №...-03, 2013 წლის 18 სექტემბრის №...-03 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ნოემბრის №244327 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების, ზიანის - 1437 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის- 200 ლარის
ანაზღაურების ნაწილში, მოპასუხეებს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს, ნ. ქ-ესა და გ. კ-ეს მოსარჩელე ლ. მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარისა და საადვოკატო მომსახურების თანხის 400 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. მ-ის, ნ. ქ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით ლ. მ-ის, ნ. ქ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. მ-ემ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, 2017 წლის 22 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე და 396-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, ლ. მ-ეს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ასევე, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა მინდობილობა, რომელიც დაადასტურებდა წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით ლ. მ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითარი და სსსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა ლ. მ-ის შუამდგომლობების საფუძველზე გაგრძელდა ორჯერ - 2017 წლის 16 ნოემბრისა და 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ლ. მ-ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... 17/26) გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი 2017 წლის 15 დეკემბერს ჩაბარდა ადრესატის - ლ. მ-ის ოჯახის წევრს (შვილს - ნ. ზ-ეს). შესაბამისად, კასატორის - ლ. მ-ისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5 დღიანი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 16 დეკემბერს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2017 წლის 21 დეკემბრის ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
2017 წლის 20 დეკემბერს ლ. მ-ის მიერ საქართველოს ფოსტის მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილ იქნა განცხადება, რომლითაც კასატორი კვლავ ითხოვს საპროცესო ვადის გაგრძელებას 10 დღით. საკასაციო სასამართლო კასატორს - ლ. მ-ეს განუმარტავს, რომ ვინაიდან, მას ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2017 წლის 21 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ მოცემული განჩინების მიღების დროისათვის კასატორის - ლ. მ-ის მიერ არ იქნა ხარვეზი შევსებული, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე