234აპ-11 ქ. თბილისი
13 ივნისი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. მ-ისა და შ. პ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განაჩენზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის განაჩენით მ. ი-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარი; დანაშაულთა ერთობლიობით მ. ი-ეს საბოლოოდ მიესაჯა 27 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5500 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 21 მარტიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა თავის სახელზე რიცხული ავტომანქანა „ფორდ-მონდეო”, სახ. ¹---.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. მ-ისა და შ. პ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.