Facebook Twitter

საქმე Nბს-43-43(კ-18) 27 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ტ. შ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი (მოპასუხე); ბ. ბ-ი (მესამე პირი)

მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა; აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; სს „...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ტ. შ-მა 2013 წლის 17 ივლისს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირის ბ. ბ-ის მიმართ და მოთხოვნათა არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა ტ. შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №..., ამავე სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 02 მაისის №... და 2012 წლის 07 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ტ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №... ბ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ტ. შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ბათუმი, ...) გადაფარვის ნაწილში (არაუმეტეს 1520.00 კვ.მ ფართისა) და ამ ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ტ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და ბ. ბ-მა, რომლებმაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და სს „...“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და ბ. ბ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტმბრის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისა და ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ტ. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განაწილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. შ-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. შ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღდეგობრივია სასამართლოს ამავე შემადგენლობის მიერ 2014 წლის 9 ოქტომბერს საქმეზე N3/ბ-460-2015 მიღებული განჩინებისთან მიმართებით. 2014 წელს მიღებულ განჩინებაში სააპელაციო პალატა მიიჩნევდა, რომ სწორი სამართლებრივი შეფასებები მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო შემდგომ საკასაციო პალატის მიერ გაკეთდა გაურკვეველი შენიშვნები ტ. შ-ის უფლების პირველადი რეგისტრაციის, კერძოდ, ... მდებარე 1520 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სისხლის სამართლებრივი წარმოების თუ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სადავოობის შესახებ, რაც შესაძლებელია გამხდარიყო კანონიერი ინტერესის არარსებობის წინაპირობა. კასატორი არ იზიარებს საკასაციო პალატის მითითებების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და და განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით ტ. შ-ი სასარგებლოდაა გადაწყვეტილი დავა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და საქმეზე წარდგენილ იქნა სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რითაც დადასტურებულია ტ. შ-ის იურიდიული ინტერესის არსებობა.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებისა და გასაჩივრებული 2017 წლის 25 სექტებრის გადაწყვეტილების განსხვავებული შედეგი სასამართლიოს არაობიექტურობას მიანიშნებს, სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს რამდენად კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რეგისტრაციის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით ტ. შ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საკასაციო სასამართლოს მითითებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დამატებით გამოიკვლია ბ. ბ-ის უფლების რეგისტრაციის საფუძვლები და დადგენდა, რომ ბ. ბ-მა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება - 9575 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...), 722 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...) და 24703 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთები 2012 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სს ”...”-ისაგან. ბ. ბ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. თავის მხრივ, მითითებული უძრავი ქონება 2009 წლის 6 მარტის ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის N01-13/76 მიმართვის საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 სექტემბრის N01-22/3586 მიმართვის საფუძველზე უძრავი ქონება დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით უძრავი ქონება განიკარგა და 2009 წლის 4 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2009 წლის 29 ოქტომბერს გაცემული N1063-ა საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა სს ”...”-ის საკუთრებად. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში ბ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობას, ხოლო თავად უფლების დამდგენ დოკუმენტს ან ამ რეგისტრაციამდე არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას სადავოდ არ ხდიდა.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი დანაწესიდან გამომდინარე, მხოლოდ სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობით ვერ მიიღწევა მოსარჩელის მიზანი - სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საკუთრების უფლების აღდგენა, რამდენადაც ბ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და მისი საკუთრების უფლების წარმოშობამდე არსებული რეგისტრაციის საფუძველბი არ არის გახდილი სადავოდ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - ტ. შ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 31.01.2018წ. საგადასახადო დავალებით ბ. კ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე