საქმე Nბს-120-120 (კ-18) 17 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-ემ 2015 წლის 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის გ. ბ-ის სასარგებლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების მართლსაწინააღმდეგო აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის 960 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ასევე მოითხოვა ამ თანხის მოვალიდან 2010 წლიდან დღემდე ამოუღებლობით მიყენებული ზიანის 1000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის დაკისრება, როგორც მიუღებელი შემოსავლის და აღსრულებაზე გადახდილი 50 ლარის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს დაეკისრათ მოსარჩელე გ. ბ-ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის - 960 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.
კასატორის განმარტებით, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება, ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშვება. აღნიშნული განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომელიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად, ზემოთხსენებული ნორმების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი, ამასთან ერთად, მოხელის ქმდება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი, ან უხეში გაუფრთხილებლობის სახით, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი, მოხელე შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელდებოდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად, ამასთან ერთად, უნდა არსებობდეს, პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირის საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. კასატორის განმარტებით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს მოპასუხეების ბრალეული უმოქმედობა, რამდენადაც არის ის ბრალეული უმოქმედობა და ასეთ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი და თუ არსებობს არის თუ არა საკმარისი იმისათვის, რომ მოპასუხე დავალდებულდეს აანაზღაუროს ზიანი.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი პირობები, რამდენადაც აღმასრულებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არ იკვეთება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი, რაც გამორიცხავს დელიქტური ვალდებულებების დადგენილი ნორმების გამოყენების შესაძლებლობას. ამასთან, კასატორი მნიშნველოვნად მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედება ან ბრალეული უმოქმედობა არასოდეს გასაჩივრებულა მოსარჩელე მხარის მიერ და მიუთითებს, რომ დღეის მდგომაროებით აღნიშნული საფუძვლით დავა ფორმალურ საფუძვლებსაც მოკლებულია, რამეთუ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსამსახურის მოქმედება თუ უმოქმედობა საჩივრდება 1 თვის ვადაში სასამართლოში, შესაბამისად მოქმედებებისა თუ ბრალეული უმოქმედობიდან გასულია 1 თვეზე მეტი, რის გამოც მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე დავა ხანდაზმულია.
კასატორი ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტორ გ. ბ-ის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის აღსრულების პერიოდში, მოვალე გ. მ-ის სახელზე დარეგისტრირდა და იმავე ადმინიტრაციულ ორგანოში სხვა საქმეზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესში ისე გასხვისდა უძრავი ქონება, რომ მოსარჩელეს არ მიეცა საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. გ. ბ-ის მიერ წარდგენილ სააღსრულებო ფურცელზე აღმასრუელბლის მიერ არ იქნა შესრულებული მასზე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის N221 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებები, ამდენად, უკანონოდ დაუბრუნდა მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცელი აღუსრულებელი სახით, რაც განაპირობებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, აანაზღაუროს მისი მოხელის მიერ, მასზე დაკისრებული ფუნციის შეუსრულებლობით გამოწვეული ფაქტობრივი შედეგით, ფიზიკურ პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი. ამასთან სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გამოყენების აღმასრულებლის მოქმედებების მიმართ გავრცელების თაობაზე, რაც ვერ ჩაანაცვლებს სამოქალაქო კოდექსით ზიანის მოთხოვნისათვის დადგენილ ხანდაზმულობის ვადას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს 30.01.2018წ. №00769 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე