Facebook Twitter

საქმე Nბს-129-129 (კ-18) 1 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ბ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - საჯარო ინფორმაციის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-ემ 2016 წლის 16 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სრულყოფილი სახით იქნეს გაცემული 2016 წლის 29 აგვისტოს განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია - საქართველოს მთავრობასა და შპს „...“ შორის „...ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულების ასლი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საჯარო ინფორმაციის გაცემა, კერძოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სრულყოფილი სახით იქნა გაცემული 2016 წლის 29 აგვისტოს განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია - საქართველოს მთავრობასა და შპს „...“ შორის „... თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულების ასლი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემობა, რომ მოთხოვნილი ხელშეკრულება დადებულია საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნული ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობდა, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, კერძოდ: საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2539 განკარგულებით მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობასა და შპს „...“ შორის „... თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულება. ამავე განკარგულების შესაბამისად ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს - დიმიტრი ქუმსიშვილს.

კასატორი მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ კანონიდან გამომდინარეობს ან/და წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ხელშეკრულების დადების მიზნით.

ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. შესაბამისად, წარმომადგენელი მოქმედებს სხვისი სახელით და ხარჯით, ხოლო გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები წარმოეშობა არა წარმომადგენელს არამედ წარმოდგენილ პირს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, მათ შორის ხელშეკრულების გაცნობის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მხარის მიმართ.

კასატორი ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნტზე მითითებით მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობასა და შპს „...“ შორის ,,... თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულება განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ ისეთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციას და არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პერსონალურ საიდუმლოებას, ამასთან არც ადმინისტრაციული წარმოებისას და არც სასამართლოში დავის მიმდნარეობისას სამინისტროს არ დაუსაბუთებია მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას წარმომადგენლობით უფლებამოსილებათან დაკავშირებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ხელშეკრულების დადების მიზნით, რაც არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას, იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის მოპასუხესთან შენახვის ფაქტი დადასტურებულია თავად მოპასუხის მიერ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე