Facebook Twitter

საქმე Nბს-229-229 (კ-18) 15 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ზ. რ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, შვებულების გამოუყენებელი დღეების ფულადი სარგოს (დანაკლისის) დაკისრება, ერთჯერადი დახმარების გაცემის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. რ-მა 2016 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისათვის ზ. რ-ის სასარგებლოდ 2011 წლის მარტის თვიდან 2011 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დავალება, რაც შეადგენდა - 5073,92 ლარს; ასევე მოითხოვა მის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების გაცემა 1102,50 ლარის ოდენობით და შვებულების გამოუყენებელი დღეების ფულადი სარგოს (დანაკლისის) ანაზღაურება 570.78 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. რ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ზ. რ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზ. რ-მა კანონით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრა საქართველოს სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის 2011 წლის 15 მარტის N48 ბრძნება ყველა სახის კმაყოფიდან უკანონოდ მოხსნის შესახებ, ნაწილობრივ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინების მე-2 პუნქტს, თუმცა ითხოვს 2011 წლის კუთვნილი შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურებას. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2011 წლის მარტში, ზ. რ-ის ზღვრული ასაკის შესრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო კასატორი გაეშვა კუთვნილ შვებულებაში, ხოლო ამავე მე-9 თავის მე-8 პუნქტის თანახმად, 10 კალენდარულ წელზე მეტი ნამსახურეობისათვის კუთვნილი შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 დღით.

კასატორი ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 22 აგვისტოს №2351 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის საზენიტო ბატარეის ... მე-2 საზენიტო ოცეულის მეთაური (შტატი №...), კაპიტანი ზ. ვ. რ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2011 წლის 12 მარტიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) თანახმად.

2011 წლის 16 ივნისის გასაუბრების ფურცლის მიხედვით, დადგენილია, ის გარემოება, რომ კაპიტან ზ. ვ. რ-ს ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით მეთაურთან არ ჰქონდა არანაირი პრეტენზია, ეთანხმებოდა გადაწყვეტილებას და მეთაურებთან არ ჰქონდა მოთხოვნები ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 09 მარტის №MOD 0 17 00221166 წერილით დადგენილია, რომ 2011 წლის საანგარიშო პერიოდში კაპიტან ზ. რ-ს ნასარგებლები აქვს კუთვნილი შვებულებით 3 დღით (ცნობა№9416), ხოლო დარჩენილი 27 დღის გამოუყენებელი შვებულების თანხა საერთო ჯამით 856,26 ლარი მიღებული აქვს 2011 წლის №239 უწყისით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობა შეწყვეტის საფუძველია ზღვრული ასაკის მიღწევა და არა დამსაქმებლის ინიციატივა, რაც გამორიცხავს დამსაქმებლისათვის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობას, იმის გათვალიწინებით, რომ ზ. რ-ს გამოუყენებელი შვებულების თანხა საერთო ჯამით 856,26 ლარი მიღებული აქვს 2011 წლის №239 უწყისით და 2011 წლის 16 ივნისის გასაუბრების ფურცლის მიხედვით, ზ. რ-ს ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით მეთაურთან არ ჰქონდა არანაირი პრეტენზია.

სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას 45 დღიანი საშვებულებო თანხის ანაზღაურების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, რამდენადაც მითითებული ნორმატიული აქტი, იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი აქტია, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის N609 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ დებულება, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს უფრო მაღლა მდგომი საკანონმდებლო აქტით. ამასთან, მართალია მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს, რომელზედაც როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე მის მოთხოვნაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ემუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა. განსახილველ საქმეზე, სააპელაციო პალატამ მართებულად იმსჯელა, რომ შრომითი ანაზღაურება და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და ზ. რ-ის მიერ სარჩელის წარდგენის მომენტისათვის გასული იყო მოთხოვნის წარდგენის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის18 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე