Facebook Twitter

ბს-547-544(2კ-17) 01 აგვისტო, 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-მა 27.08.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირის შპს „...“ მიმართ მოპასუხის 30.06.2015წ. Nმ/1593 და 28.07.2015წ. Nმ/1870 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2016წ. გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. გ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2017წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ვ. გ-ს უარი ეთქვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 28.07.2015წ. Nმ/1870 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 28.07.2015წ. Nმ/1870 ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ვ. გ-ის სახელზე რეგისტრირებულ, ქ. ბათუმში, ... ქ. N33-ში მდებარე 2000 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს (სართული II (მიწიდან I) ... ღერძებს შორის), დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 28.04.2016წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვ. გ-ის მიერ.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანებით პროექტში ცვლილება არ შესულა მოსარჩელის ფართთან მიმართებით. საქმეზე დადგენას საჭიროებდა მოსარჩელის საკუთრების ადგილმდებარეობა, ვ. გ-ი უთითებს, რომ ფართი მდებარეობს პირველ სართულზე, თუმცა დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ფართი მეორე სართულზეა განთავსებული. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები არ არის არსებითი და ეხება მხოლოდ ფართების დაგეგმარებას. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ცვლილებები არ ეხება მოსარჩელის ფართს, ვ. გ-ი ვერ ადასტურებს თავის ფართის მიმართ განხორციელებულ კონკრეტულ ცვლილებებს. ამასთანავე, მართალია, სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანამ არ უნდა გამოიწვიოს მესამე პირთა უფლებების შელახვა, თუმცა აღნიშნული ვალდებულება ეკისრება დამკვეთს, მშენებელ ორგანიზაციას და არა ადმინისტრაციულ ორგანოს. კასატორმა მოითხოვა ვ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

ვ. გ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება სამშენებლო ნებართვის პროცედურული წესების დარღვევით გამოცემის შესახებ, თუმცა აქტის ბათილად ცნობაზე დაუსაბუთებლად თქვა უარი. მშენებლობის ნებართვის გაცემა მოხდა დაინტერესებულ პირთა მოწვევის, მათი კანონიერი ინტერესების გათვალისწინების გარეშე. შპს „...“ ორგანოსაგან მოითხოვა ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება და არა ახალი ნებართვის გაცემა, თუმცა ორგანომ თვითონ გარდაქმნა მოთხოვნა და გასცა ახალი ნებართვა. სადავო აქტი, რომელსაც არ აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სტრუქტურა, დაუსაბუთებელია და გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირთა მიუწვევლობა წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას და ქმნის აქტის ბათილად ცნობის საკმარის საფუძველს.

კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს სასკ-ის 34.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, რადგან საქმე მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო პალატის პრაქტიკა (საქმე Nბს-52-52(08)), რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება - განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებდეს მართლმსაჯულებას. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტით მის კანონიერ ინტერესებს ადგება ზიანი. კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 11.01.2017წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 28.04.2016წ. გადაწყვეტილება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 30.06.2015წ. Nმ/1593 ბრძანების ბათილად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

არასწორია კასატორ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრება ვ. გ-ის საკუთრებაში რიცხული ფართის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის შესახებ, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.02.2014წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „...“ დაეკისრა ვ. გ-ისათვის კონკრეტული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტით ზუსტად განისაზღვრა ობიექტის მდებარეობა. საფუძველსმოკლებულია აგრეთვე კასატორის მოსაზრება სანებართვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანისას მესამე პირთა ინტერესების მხოლოდ შემკვეთის (მშენებლის) მიერ დაცვის საჭიროებაზე. ადმინისტრაციული ორგანო, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტი, ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებისას სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, შეაფასოს მესამე პირთა ინტერესები, არ დაუშვას პირთა კანონიერი უფლებების დაუსაბუთებელი შელახვა (სზაკ-ის 53, 96 მუხ.). ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მითითება „არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 28.07.2015წ. ბრძანების არამართლზომიერების თაობაზე, რადგან სადავო აქტის გამოცემისას არ ყოფილა გათვალისწინებული ინდივიდუალურ მესაკუთრეთა ინტერესები, სრულად და ყოველმხრივ არ გამოკვლეულა საქმის გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა ვ. გ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართის ცვლილება, მისი კანონიერი ინტერესის შელახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება 28.07.2015წ. ბრძანების ვ. გ-ის სახელზე რეგისტრირებულ ფართთან მიმართებით ბათილად ცნობის ნაწილში.

ვ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთმა მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლამდე უნდა მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია არა ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება, არამედ მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება („მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. N57 დადგენილების 57-ე მუხ.). მოცემულ შემთხვევაში 12.02.2013წ. ბრძანებით მოქმედების ვადის 14.08.2014წ. გასვლის გამო მშენებლობის დასასრულებლად შესაძლებელი იყო მხოლოდ ახალი ნებართვის გაცემა. ამდენად, განმცხადებლის ნება მშენებლობის დასასრულებლად ნებართვის გაცემის შესახებ სავსებით ცხადი იყო, მოთხოვნის კორექტირების შესაძლებლობა არ ადასტურებს მოთხოვნის ფარგლების გაცდენას და აღნიშნულის გამო გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობას. მართებულია კასატორ ვ. გ-ის მითითება „ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ 30.06.2015წ. ბრძანების პროცედურული წესების დარღვევით გამოცემის თაობაზე, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ ქმნის აქტის ბათილად ცნობის საკმარის საფუძველს, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია არსებით დარღვევას (სზაკ-ის 601.2 მუხ.), რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (იხ. მაგ. სუს 20.07.2017წ. Nბს-161-159(კ-17) განჩინება, 15.11.2016წ. Nბს-496-491(2კ-16) გადაწყვეტილება), შესაბამისად სახეზე არ არის სასკ-ის 34.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დაშვების პირობა. კასატორი ვერ ასაბუთებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 30.06.2015წ. ბრძანებით მისი უფლებებისა და პატივსადები, კანონიერი ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ბათილად არის ცნობილი „არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 28.07.2015წ. ბრძანება ვ. გ-ის კუთვნილ ფართთან მიმართებით. სადავო აქტი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს, რომლის ბათილად ცნობა დაიშვება მესამე პირის უფლების არსებითი დარღვევის შემთხვევაში (სზაკ-ის 601.4 მუხ.). ვ. გ-ი საკასაციო საჩივარში უთითებს სადავო აქტის გამოცემისას სზაკ-ით განსაზღვრული წესების დარღვევაზე, თუმცა ვერ ასაბუთებს აქტის ბათილად ცნობის ინტერესის არსებობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2017წ. გადაწყვეტილება;

3. ვ. გ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.05.2017წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N 00773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი