# ბს-1129-1123 (2კ-17) 13 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შემოსავლების სამსახურის და შპს „…“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
12.08.14წ. შპს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემოსავლების სამსახურის და აუდიტის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2014წ. საგადასახადო შემოწმების აქტის, 15.07.2014წ. №33725 ბრძანების და 15.07.2014წ. №7-344 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2014წ. საგადასახადო შემოწმების აქტი, 15.07.2014წ. №33725 ბრძანება, 15.07.2014წ. №7-344 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 863 (რვაას სამოცდასამი) ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შემოსავლების სამსახურმა და შპს „…“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შემოსავლების სამსახურმა და შპს „…“.
კასატორი შემოსავლების სამსახური ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, აღწერს დავის ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები. გასაჩივრებული აქტები მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად. შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმო 2008-2012 წლებში არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულის გამო შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. არასწორია ასევე გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე.
კასატორი შპს „…“ ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, აღწერს დავის ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები. სასამართლოს თავად უნდა შეეფასებინა ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან დადგინდა, რომ საგადასახადო ორგანომ უკანონოდ დაარიცხა საწარმოს საგადასახადო დავალიანება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გარემოებები, რომელთა დადგენა სასამართლოს მიერ შეუძლებელი იყო და საჭიროებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით კვლევას და შეფასებას. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს საკასაციო პალატა და აღნიშნავს, რომ სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას (სასკ-ის 32.4 მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები დამატებით კვლევას საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რის შესახებაც მართებულად იქნა მითითებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
საფუძველს მოკლებულია აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მითითება მისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების არამართლზომიერების შესახებ, რადგან იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (სსკ-ის 53.1 მუხ.). ამდენად, სსიპშემოსავლების სამსახურის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, არ ათავისუფლებს მას მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის და შპს „…“ საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შემოსავლების სამსახურის და შპს „…“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2017წ. განჩინება;
3. დ. ქ-ს (პ/ნ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.11.2017წ. სალაროს შემოსავლის N1816362040 ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი