ბს-60-60(კ-18) 13 სექტემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. თ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. თ-ამ 25.09.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის მიმართ ზიანის - 5112075 აშშ დოლარის ან 3637196,43 ევროს ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.09.2015წ. განჩინებით ი. თ-ას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. თ-ას მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.03.2016წ. განჩინებით ი. თ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.09.2015წ. განჩინება და ი. თ-ას სარჩელი დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.10.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.03.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. თ-ას მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია, ამასთან საქმე განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ, რადგან საქმეში ჩართულ იქნა მოსამართლე მ. ლომიძე, რომელიც ამავე მოპასუხეების მიმართ მიმდინარე სხვა დავის განხილვისას აცილებულ იქნა. კასატორი თვლის, რომ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები: საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა ვალდებულნი არიან დაიცვან თავისი მოქალაქის უფლებები და სათანადო კონტროლი გაუწიონ მათ ქვემდგომ ორგანოებს. მოპასუხეებს ევალებოდათ ქვემდგომი ორგანოებისათვის დაევალებინათ ი. თ-ას მიერ მოთხოვნილი ქმედებების განხორციელება. მოპასუხეები არასწორად ახდენდნენ მათთან შესული განცხადებების გადაგზავნას ქვემდგომ ორგანოებში. კასატორმა იშუამდგომლა აგრეთვე დავის განსჯადობით გადაგზავნა სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების საფუძვლები. მართალია საქართველოს მთავრობის შემაგენლობაშია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომლის სსიპ თავის მხრივ არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თუმცა ეს არ გამორიცხავს მათი უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების გამიჯვნის საჭიროებას, თითოეულ ორგანოს აქვს კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული უფლებამოსილებები, რომლის ფარგლებშიც ახორციელებენ მოქმედებებს. ამდენად, აღნიშნული ორგანოები დამოუკიდებლად აგებენ პასუხს მათ მიერ განხორციელებული ქმედებებისა და უმოქმედობისთვის, დამოუკიდებლად გამოდიან სასამართლოებში მხარეებად. კონკრეტული ორგანოს მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების არამართლზომიერი შეუსრულებლობის შემთხვევაში, უშუალოდ აღნიშნული ორგანო აგებს პასუხს დამდგარი ზიანისათვის, უკეთუ არსებობს ზიანის ანაზღაურების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის ერთობლიობა. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების/უმოქმედობის განხორციელება და ი. თ-ასათვის ზიანის მიყენება, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან შესული განცხადებების უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის ვალდებულება სზაკ-ით არის დადგენილი (მე-80 მუხ.). გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ი. თ-ას სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის კონკრეტული ქმედებების განხორციელების დავალებას, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ იქნა დაკმაყოფილებული (საქმე Nბს-299-299(კ-18)). შესაბამისად დასტურდება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი კომპონენტის - მართლწინააღმდეგობის არსებობა.
ი. თ-ას მოსაზრება განსახილველი საქმის სამოქალაქო კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ, არ არის დასაბუთებული, რადგან დავაში მოპასუხეებად დასახელებულები არიან ადმინისტრაციული ორგანოები და ი. თ-ას სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს მათზე კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, ამდენად, დავა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოების წინააღმდეგ და გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, რაც მის ადმინისტრაციულ ხასიათს ადასტურებს.
ასევე დაუსაბუთებელია ი. თ-ას მოსაზრება სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის შესახებ, კერძოდ მოსამართლე მ. ლომიძის აცილების საჭიროების შესახებ. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსამართლე იმავე ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობდა იმავე მოსარჩელის მიერ აღძრული დავის განხილვაში, არ ასაბუთებს მოსამართლის მიკერძოებას ან კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების სხვა საფუძვლის არსებობას. ის, რომ მ. ლომიძე ი. თ-ას სარჩელის საფუძველზე მიმდინარე სხვა ადმინისტრაციულ წარმოებაში აცილებულ იქნა აგრეთვე არ გამორიცხავს მიმდინარე დავის განხილვისას მისი მონაწილეობის შესაძლებლობას, რადგან არ დასტურდება დავის საგნის არსებითი მსგავსება, არ დასტურდება საპროცესო კანონმდებლობით (სსკ-ის 29-31-ე მუხ.) განსაზღვრული მოსამართლის აცილების რომელიმე საფუძვლის არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. თ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.თ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე