ბს-92-92 (კ-18) 13 სექტემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. ბ-მა 21.03.2016წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 31.12.2015წ. №...-03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.02.2016წ. №42117 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება პ. ბ-ის სახელზე, საკუთრების რეგისტრაციის 17.04.03წ. №1369/2002 მოწმობის საფუძველზე ყაზბეგის რ-ნი, სოფ. ... მდებარე 920 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 31.12.2015წ. №...-03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.02.2016წ. №42118 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება პ. ბ-ის სახელზე, საკუთრების რეგისტრაციის 17.04.03წ. №1376/2002 მოწმობის საფუძველზე ყაზბეგის რ-ნი, სოფ. ... მდებარე 4995 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2016წ. გადაწყვეტილებით პ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 31.12.2015წ. №...-03 და №...-03 გადაწყვეტილებები რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.02.2016წ. №42117 და №42118 გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა პ. ბ-ის სახელზე, საკუთრების რეგისტრაციის 17.04.03წ. №1369/2002 მოწმობის საფუძველზე ყაზბეგის რ-ნი, სოფ. ... მდებარე 920 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე და პ. ბ-ის სახელზე, საკუთრების რეგისტრაციის 17.04.03წ. №1376/2002 მოწმობის საფუძველზე ყაზბეგის რ-ნი, სოფ. ... მდებარე 4995 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2017 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ განუმარტავს თუ რატომ უნდა იქნეს მიჩნეული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტად. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 14.11.1996წ. „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონით, რომლის 7.1. მუხლის შესაბამისად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწისა და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურში არ იყო გახსნილი სააღრიცხვო ბარათი, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებული უფლების ერთადერთ იურიდიულ საფუძველს, ხოლო მიწის საკუთრების სარეგისტრაციო 17.04.2003წ. №1376/2002 და №1369/2002 მოწმობები არ წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ რეგულაციაზე, რომლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებადაა მიჩნეული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ გაცემული აქტის საფუძველზე. აღნიშნული კანონი გულისხმობს შესაბამისი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან მიმართებით მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას და არა ისეთ დოკუმენტთან მიმართებაში, რომელიც კანონის თანახმად არ წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის/საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში სააგენტო არ მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არამედ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონშესაბამისობაზე. ამდენად, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა განსახილველ შემთხვევაში სრულად შესაძლებელი იყო სასამართლო წესით, ხოლო სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება გაუმართლებელია, ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. ასევე კასატორი აღნიშნავს, რომ არ დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებების გამოკვლევის ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მიწის სარეგისტრაციო მოწმობებით (17.04.03წ. №1369/2002 და 17.04.03წ. №1376/2002) დასტურდება, რომ ყაზბეგში, სოფ. ... 0.508 ჰა და 0.092 ჰა მიწის ნაკვეთები დაუზუსტებელი მონაცემებით, სარეგისტრაციო კოდებით N... და N...გაცემულია პ. ბ-ის სახელზე. აღსანიშნავია, რომ ორივე მოწმობაში ასახულია გრაფიკული მონაცემები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის განსაზღვრა მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღირების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში. მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ადგენს ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლი, რომელიც არ არის ამომწურავი და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში პ. ბ-მა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთებზე, რომელთა მართლზომიერი მფლობელობას პ. ბ-ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობების გარდა ადასტურებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის გუდაურის ტეროტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 14.05.2014წ. გაცემული N15 და N16 ცნობები, ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ დამოწმებული შესაბამისი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადასტურების შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგი უნდა ემყარებოდეს ყველა იმ დოკუმენტაციის ანალიზს, რომელიც გაცემულია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ერთობლიობაში ადასტურებს მოთხოვნის საფუძვლიანობას. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პ. ბ-ის მიერ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განაცხადებების დროს არ დაფიქსირებულა სხვა პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ზედდების შემთხვევები, რეგისტრაციის შეჩერების და შემდგომში რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი პ. ბ-ის საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ მომხდარა მითითება თუ კონკრეტულად რომელი უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი რეგისტრაციის განხორციელება. საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონზე და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას (16.1 მუხ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ მომხდარა წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვა-გამოკვლევა და სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2017წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.02.2018წ. N05395 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი