Facebook Twitter

ბს-154-154 (კ-18) 13 სექტემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ს-მა 16.05.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ზ. ს-ის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ქონებრივი ზიანის სახით 2000 (ორი ათასი) ლარის და არაქონებრივი ზიანის სახით 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.01.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ზ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 221.39 (ორას ოცდაერთი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლის მიხედვით ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამ მუხლში არ იგულისხმება კანონიერი მმართველობითი ღონისძიების შედეგად მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი, როგორც გვერდითი ეფექტი. სკ-ის 1005-ე მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია მხარის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურდეს ქმედებასა და დამდგარ მძიმე შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. კონკრეტულ შემთხვევაში ზ. ს-ის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტები ვერ ადასტურებენ მიზეზობრივ კავშირს მოსარჩელის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და 2011 წელს განხორციელებულ მოვლენებს შორის. სასკ-ის მე-17 მუხლის შესაბამისად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. შესაბამისად, ზ. ს-ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია. სკ-ის 413.1 მუხლის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით განსაზღვრავს სასამართლო. კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის სახით 3000 (სამი ათასი) ლარის დაკისრება დაუსაბუთებელი და გადაჭარბებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატორის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის 22.07.2013წ. დადგენილებით ზ. ს-ი დაზარალებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის N 074270513801 საქმეზე, რომელიც ეხება 26.05.2011წ. აქციის დაშლას. ასევე ზ. ს-ის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას. სკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ზ. ს-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ზ. ს-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის დაკისრება განხორციელდა 2011 წელს დათარიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ამდენად ზ. ს-ის მიერ მკურნალობაზე დახარჯული თანხები, რომელთა ანაზღაურებაც დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 413.2 მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს, სუბიექტურ დამოკიდებულებას ზიანის სიმძიმის მიმართ, ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მორალური ზიანის განსაზღვრულ ოდენობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი