ბს-749-745(2კ-17) 13 სექტემბერი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,…“ 17.04.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.03.2014წ. გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.04.2013წ. ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.12.2012წ. N194 საგადასახადო მოთხოვნისა და 18.12.2012წ. N29402 ბრძანების ბათილად ცნობა უიმედო ვალად აღიარებული თანხების გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.08.2016წ. გადაწყვეტილებით სს „…“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.12.2012წ. N194 საგადასახადო მოთხოვნა და 18.12.2012წ. N29402 ბრძანება უიმედო ვალად აღიარებული თანხების გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღების ნაწილში და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.03.2014წ. გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.04.2013წ. N14316 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2017წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ გადამხდელმა ვერ წარადგინა გადახდის ვადის გადაცილების და დებიტორთა მიერ თანხების გადაუხდელობის აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულებები. უიმედო ვალი არის აღიარებული მოთხოვნა, რომლის გადახდის ვადა გასულია, რომელიც არ იქნა ანაზღაურებული და რომლის ამოღების ალბათობა ნულის ტოლია. გადამხდელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები. გასათალისწინებელია, რომ მოვალეთა უმეტესობა ლიკვიდირებულია 2006 წლამდე, რაც ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ მათ მიმართ არსებული მოთხოვნების უიმედო ვალებად აღიარება 2006 წლამდე მოხდებოდა. საგადასახადო ორგანომ, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა სს-ს მიერ წარდგენილი ხელშეკრულებებისა და დოკუმენტაციის შედარება დებიტორებთან არსებულ ინფორმაციასთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საგადასახადო ორგანოებს სათანადოდ, სრულად და ყოველმხრივ უნდა გამოეკვლიათ სს „…“ მიერ მათთან წარდგენილი დოკუმენტაცია და უნდა გაეთვალისწინებინათ საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დებიტორთა ვალდებულებები წარმოშობილია 1997-2002 წლებში, მათი უიმედო ვალად აღიარება განხორციელდა 2006 წელს, ხოლო შემოწმება ჩატარდა 2012 წელს, რა დროსაც უკვე გასული იყო კონკრეტული საგადასახადო ოპერაციის მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შენახვის ხანდაზმულობის ვადა. დაუშვებელია გადასახადის გადამხდელს მოეთხოვოს იმ დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის წარდგენის ვალდებულებას კანონი არ ითალისწინებს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტაციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადაცო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და ძირითადად ეფუძნება საგადასახადო ორგანოს დაუსაბუთებელ ვარაუდებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი