# ბს-977-973 (2კ-17) 13 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
08.09.2015წ. გ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 16.03.2015წ. №1/1-864 ბრძანების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ჯ. გ-ის კუთვნილ და სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ზედდების ნაწილში მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საზღვრების კორექტირების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.08.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 16.03.2015წ. №1/1-864 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები. გასაჩივრებული აქტები მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად. სახელმწიფოს სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები. საქმეზე არ დგინდება სახელმწიფოს და გ. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა. გ. გ-ის განცხადების განხილვისას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 19.02.2015წ. წერილში გამოთქმული მოსაზრება, რომლითაც დეპარტამენტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია სადავო ტერიტორიის პრივატიზება იმის გამო, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზასთან 100 მეტრიან ზოლში.
კასატორი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გ. გ-ის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს შინაგანი რწმენით, რაც ობიექტურ მონაცემებს უნდა ეყრდნობოდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გარემოებები, რომელთა დადგენა სასამართლოს მიერ შეუძლებელი იყო და საჭიროებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით კვლევას და შეფასებას. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს საკასაციო პალატა და აღნიშნავს, რომ სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება (სასკ-ის 32.4 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ სადავო 16.03.2015წ. №1/1-864 ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების გარეშე, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ მიუღია გადაწყვეტილება გ. გ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ამდენად, ამ საკითხთან მიმართებით უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრების ავტორთა პრეტენზიები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია აქტის კანონიერების დასადასტურებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტის 19.02.2015წ. წერილში გამოთქმული მოსაზრების მოყვანა, ვინაიდან დეპარტამენტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია სადავო ტერიტორიის პრივატიზება, გ. გ-ის მოთხოვნას კი პრივატიზება არ წარმოადგენდა, იგი ითხოვდა მისი მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმებას/კორექტირებას. საქმეში დაცული მასალებით 1998 წლის 02 მარტიდან უდავოდ დგინდება გ. გ-ის მამკვიდრებლის საკუთრების უფლების არსებობა 0.18 ჰა მიწის ნაკვეთზე, რაც (1792.4 კვ.მ.) რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში 2007 წლიდან. სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელდა მოგვიანებით - 30.08.2011წ.. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.05.2016წ. დასკვნა ცალსახად ადგენს 221 კვ.მ.-ით გადაფარვის არსებობას. საწინააღმდეგო შინაარსის დასკვნა ადმინისტრაციული ორგანოებს არ წარმოუდგენიათ, ამდენად, არ არსებობდა სასამართლოს მხრიდან აღნიშნული დასკვნის არ გაზიარების საფუძველი.
ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორების საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი