ბს-1026-1021 (2კ-17) 13 სექტემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ლ. ჯ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჯ-ემ 02.09.2015წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ .... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 19.08.2004წ. №... განაცხადის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, .... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის შესახებ 22.10.2009წ. №...; 13.11.2009წ. №...; 14.12.2010წ. №... და 12.04.2013წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, .... (მანამდე არსებული ....) საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, 325 კვ.მ. ფართობის რეგისტრაციის ნაწილში ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ... . საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 08.05.2006წ. №... განაცხადის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის 325 კვ.მ. ფართობის რეგისტრაციის ნაწილში ბათილად ცნობა, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ 11.02.2009წ. №...; 28.10.2009წ. №... და 19.04.2011წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ 28.01.2014წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (... . და .... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთების ერთ .... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთად გაერთიანების თაობაზე), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 12.08.2015წ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... და 14.09.2015წ. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.10.2015წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №241885 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 07.08.2015წ. №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების დავალება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 03.09.2015წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ კ. ქ-ე, ჭ. ს-ი, ბ. ჯ-ა და ვ. ა-ე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2016წ. გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 12.08.2015წ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... და 14.09.2015წ. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.10.2015წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მოპასუხეს- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს, დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლად დადებული დოკუმენტების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად კანონის ნორმების შესაბამისად დასაბუთებული ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2016წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ჯ-ემ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2017წ. გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2016წ. გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ .... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 19.08.2004წ. №... განაცხადის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ .... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 08.05.2006წ. №... განაცხადის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია 325 კვ.მ. ფართობის რეგისტრაციის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში, დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა ლ. ჯ-ემ.
კასატორი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაზე და აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით დგინდება, რომ .... საკადასტრო კოდით 08.05.2006წ. №... განაცხადის საფუძველზე განხორციელდა ჭ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, .... საკადასტრო კოდით 19.08.2004წ. №... განაცხადის საფუძველზე განხორციელდა კ. ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ... . საკადასტრო კოდით 24.01.2007წ. №... განაცხადის საფუძველზე განხორციელდა ლ. ჩ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია. თითოეული მათგანი დარეგისტრირდა დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით. სადავო რეგისტრაციები განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე და სანამ აღნიშნული დოკუმენტები ძალაში იქნება რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში ლ. ჯ-ის მიერ №... განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით დაფიქსირდა ზედდება სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ და ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის, რაც წარმოადგენდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს. ლ. ჯ-ის მიერ აღნიშნული შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით რაიმე დოკუმენტი/ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. სადავო მიწის ნაკვეთების საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი რეგისტრაციების შემდეგ. ასევე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი პირვანდელი სახით საერთოდ აღარ არსებობს და მასზე განხორციელებულია სხვადასხვა ტრანზაქციები (მათ შორის გაერთიანება). სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაშიც კი ლ. ჯ-ის მიერ ვერ მოხდება მისი უფლების რეალიზაცია. ლ. ჯ-ის მიერ სადავოდ არ გამხდარა მესამე პირების საკუთრების უფლების არსებობა/არარსებობა, იგი სადაოდ ხდიდა მხოლოდ მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობას. სასამართლომ კი ბათილად ცნო პირველადი რეგისტრაციები, ხოლო მიწის ნაკვეთების საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების თაობაზე მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიიჩნია კანონიერად. მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა უფრო ადრე (2004, 2006 წლებში), ვიდრე ლ. ჯ-ის (2007წ.), მოცემულ ფაქტზე არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია უფლებათა კონკურენციის პირობებში, ვისი საკუთრების უფლება წარმოადგენდა დაცვის ღირს უფლებას და რატომ უნდა მინიჭებოდა უპირატესობა ლ. ჯ-ის უფლებას. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის განხილვისას დადგენილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები საშუალებას აძლევდა სააპელაციო სასამართლოს სადავო საკითხი არსებითად გადაეწყვიტა და უარი ეთქვა აპელანტისთვის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი რამეთუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
კასატორი - ლ. ჯ-ე შეგებებულ საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ... . და .... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრის მიერ არასწორი ადგილმდებარეობით იქნა რეგისტრირებული, მათ დაიკავეს ის ტერიტორია, რომელიც ლ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთს ეკუთვნის. ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ იქნა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მოცემულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. შესაბამისად, რეგისტრირებული უფლება დარჩა სარეგისტრაციო ობიექტის გარეშე, რითაც საჯარო რეესტრმა ფაქტობრივად უკანონოდ და დაუსაბუთებლად ჩამოართვა საკუთრების უფლება ლ. ჯ-ეს. მნიშვნელოვანია, რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში დაინტერესებული პირების მხრიდან კანონიერი ნდობის საკითხის სწორად შეფასება. კანონიერ ნდობაზე საუბარი გამორიცხულია, ვინაიდან აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების ადრესატები არიან ის პირველადი მესაკუთრეები, რომლებსაც მათ სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე უნდა სცოდნოდათ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები არ შეესაბამებოდა მათივე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში დაფიქსირებულ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. კასატორი აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებში არ არის დასაბუთებული რატომ იყო შეუძლებელი კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა, მაშინ როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად იძლევა სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების შეფასების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ლ. ჯ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის მოტივები და მიუთითებს, რომ საქმის მასალებით შესაბამისად, ლ. ჯ-ემ 13.02.2007წ. N2-61 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დაირეგისტრირა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით აღნიშნული მიწის ნაკვეთი ლ. ჯ-ის სახელზე რეგისტრირებულია დაუზუსტებელი სახით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა კი უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტების გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში. შესაბამისად ლ. ჯ-ის სახელზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი (სამკვიდრო მოწმობა) სადავოდ არ გამხდარა და არ გაუქმებულა, არ არსებობს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების გადასვლის ან შეწყვეტის, საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდით N... და N... სარეგისტრაციო მონაცემები დაზუსტდა 2009 წელს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ N... და N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები არასწორი ადგილმდებარეობით დარეგისტრირდა. შესაბამისად, კასატორის - ლ. ჯ-ის მითითება სასამართლოს მიერ საკითხის არსებითად გადაწყვეტის თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების განსაზღვრა. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ლ. ჯ-ის მიწის ნაკვეთის რეკვიზიტები აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში 2007 წლიდან. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს ჰქონდა შესაძლებლობა, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთების გეოგრაფიული მდებარეობა, მესაკუთრეები, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ინფორმაცია საარქივო მონაცემებთან, დაედგინა დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ჩაერთო იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში და თავიდან აეცილებინათ უძრავ ქონებაზე ჩანაწერების დუბლირება. ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა, საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას განეკუთვნება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ უფლების მოპოვებას, შემძენს თავის უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს. რეესტრის უტყუარობის ფიქციას და ნივთზე უფლების შეძენას არღვევს შემძენის არაკეთილსინდისიერება. შესაბამისად ლ. ჯ-ის მითითება სადავო მიწის ნაკვეთების როგორც პირველადი, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული მესაკუთრეების არაკეთილსინდისიერებაზე დაუსაბუთებელია, რადგან არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ზემოაღნიშნულმა მესაკუთრეებმა უფლების მოპოვებამდე იცოდნენ საჯარო რეესტრის მონაცემების უზუსტობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ლ. ჯ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ლ. ჯ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2017წ. გადაწყვეტილება;
3. ლ. ჯ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შეგებებულ საკასაციო საჩივარზე 12.02.2018წ. N01 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.12.2017წ. N34605 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი