Facebook Twitter

ბს-1048-1042 (კ-17) 13 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

28.10.2016წ. შპს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 26.09.2016წ. №249595 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 10.01.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ სარჩელის შეტანისას წარმომადგენელმა დაუშვა ტექნიკური შეცდომა, როდესაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაცვლად, სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულებად არასასოფლო-სამეურნეო მიუთითა. შპს-ს დირექტორს არ ჰქონდა სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა, ამდენად, მისთვის უცნობია წარმომადგენლის განმარტებები აღნიშნულ საკითხზე. აღნიშნული უსწორობის გამოვლენა შესაძლებელი იყო საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, რაც არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია და შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს-ს 17 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გამოეყო. ხოლო მიწის ნაკვეთზე შესრულებული პროექტები შპს-ს საკუთრების ფორმით უნდა გადასცემოდა მიწის კანონის მიღების შემდეგ. 2 ჰა ტბის ტერიტორია შპს-ს გადაცემული ჰქონდა სარგებლობის უფლებით. საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა შპს-ს დირექტორის სახელით, მისი თანხმობის გარეშე, დაწერეს განცხადებები იმ მიზნით, რომ განცხადებები განხილულიყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რაც არ შეესაბამებოდა შპს-ს დირექტორის სურვილს. აღნიშნულს ადასტურებს ამავე განცხადებებზე შპს-ს დირექტორის ხელმოწერის არარსებობა, თუმცა სასამართლომ ამ ნაწილშიც არ გაიზიარა შპს-ს პოზიცია იმ დასაბუთებით, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობაზე. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს შპს-ს დირექტორმა დაურთო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 05.08.1988წ. №356 დადგენილება და აღნიშნა, რომ დადგენილება ადასტურებს მიწის ნაკვეთის შპს-სთვის საკუთრების უფლებით გადაცემას. დადგენილების მოძიება ამ დრომდე ვერ შეძლო, მისი შინაარსის გაცნობა სასამართლოს დაარწმუნებს, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს-ს მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში ცაგერის გამგეობის 05.07.1995წ. №61 გადაწყვეტილების წარდგენა არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საკმარის საფუძველს. სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოქმედება იურიდიულ პირების მიმართ შეიზღუდა 2012 წლის 01 იანვრიდან, შპს-ს დირექტორმა კი განცხადებით 2016 წლის 27 ივლისს მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს. აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება შპს-ს დირექტორის ე. ლ-ის მიერ საქმის მასალების გაცნობის შეუძლებლობა. ამასთან, სასარჩელო განცხადებას ხელს აწერს პირადად ე. ლ-ი და მასში მიწის ნაკვეთის დანიშნულებად მითითებულია არასასოფლო-სამეურნეო. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ წარმომადგენლის მიერ შეცდომით მითითებული მიწის ნაკვეთის დანიშნულება გახდა არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიკვლია აღნიშნული გარემოება.

დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 05.08.1988წ. №356 დადგენილება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან საკასაციო სასამართლო განსხვავებით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსგან არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, კანონმდებლობა არ უშვებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას (სასკ-ის 407-ე მუხ.), ამასთანვე, მითითებული დადგენილებით დადგინდა დაწესებულებათა და ორგანიზაციებისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფა, დამტკიცდა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს 22.07.1987წ. #251, #252 დადგენილებები, სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოების აღმასკომის გადაწყვეტილებანი. დადგენილებაში მითითებულია, რომ ცაგერის რაიონის სოფ. … კოლმეურნეობის მიწებიდან 6 ჰექტარი ბუჩქნარიანი საძოვარი გადაეცა ტურიზმისა და ექსკურსიების საქართველოს რესპუბლიკურ საბჭოს ტურისტული ბაზის მშენებლობისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული დოკუმენტი არ ადასტურებს შპს-სთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას, მით უფრო, ის არ წარმოადგენს საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებას. ხსენებული პერიოდის კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებდა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწის კერძო პირთა საკუთრებაში გადაცემას.

საქმის მასალებით არ დგინდება შპს-სთვის საკუთრების ფორმით მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ მინისტრთა კაბინეტის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომლის საჭიროებაზე მიუთითებდა ცაგერის გამგეობის 05.07.1995წ. №61 გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომელმა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დაწერეს განცხადება საკუთრების უფლების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის თაობაზე. საქმეზე არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის - შპს „…“ საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს -წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2017წ. განჩინება;

3. ე. ლ-ს (პ/ნ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.12.2017წ. N12 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი