Facebook Twitter

ბს-1150-1144(კ-17) 13 სექტემბერი , 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2017წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ხ-ემ 11.08.2016წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედევლობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ნ. ხ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 16.04.2016წ. N159 დადგენილებისა და „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 26.04.2016წ. N159 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ნ. ხ-ის 19.05.2016წ. N15477/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 28.07.2016წ. N02/112 ბრძანების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ნ. ხ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 16.04.2016წ. N159 დადგენილება და „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 26.04.2016წ. N159 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ნ. ხ-ის 19.05.2016წ. N15477/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 28.07.2016წ. N02/112 ბრძანება, რაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2017წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მუნიციპლაიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.01.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 16.04.2016წ. N159 დადგენილება და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 28.07.2016წ. N02/112 ბრძანება, რაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედევლობის სამსახურის 06.04.2016წ. მითითების თანახმად, ნ. ხ-ემ ქ. ბათუმში, ... ქ. N65-ში აწარმოა უკანონო მშენებლობა. ზემოხსენებული მითითებით მოსარჩელეს მიეცა 10 დღიანი ვადა სათანადო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უკანონო მშენებლობის დემოტაჟისათვის. ზედამხედველობის სამსახურის 19.04.2016წ. შემოწმების აქტით დგინდება, რომ ნ. ხ-ემ მითითებით გასაზღვრული პირობები არ შეასრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა 3 000 ლარით. იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და დაკისრებული სახდელის ოდენობა სადავო არ არის, კასატორისათვის გაუგებარია დამატებით რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ. სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერიას არ მიმართა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26.8 მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ... N65-ში მდებარე უძრავ ნივთზე ნ. ხ-ის მიერ სადავო მშენებლობა განხორციელებულია 2007 წლამდე. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცდა „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“, რომლის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ზემოხსენებული ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზებისათვის დაინტერესებულმა მხარემ უნდა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში ორგანოსთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოება, რაც მიუთითებდა დარღვევის აღმოფხვრის შესაძლებლობაზე. ორგანოს მიერ აღნიშნული გარემოების გათვალისწინების შედეგად, შესაძლოა, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებულიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2017წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი