Facebook Twitter

ბს-16-16(2უს-18) 13 სექტემბერი, 2018

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ლ-მა 16.11.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.06.2016წ. N16/30128 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 14.11.2016წ. N1-1/614 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხეებისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004 წლიდან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა ... მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვარს (ს/კ ...), რაც მას აძლევდა შესაძლებლობას იმ დროს მოქმედი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" კანონის საფუძველზე მოეხდინა მიწის ნაკვეთის პრივატიზება, თუმცა აღნიშნული ვერ განახორციელა, რადგან იმავე მიწის ნაკვეთზე უკვე არსებობდა სახელმწიფოს მიერ რამდენიმე ფიზიკურ პირთან სხვადასხვა დროს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები. ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს 27.06.2006წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე დადებული ყველა იჯარის ხელშეკრულება და ნინოწმინდის რაიონის გამგეობას და მიწის იჯარით გამცემ კომისიას დაევალა ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ერთკვირიან ვადაში ახალი აქტების გამოცემა. სასამართლოს დავალების მიუხედავად ნინოწმინდის რაიონის გამგეობის მიერ რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 30.08.2006წ. სადავო მიწის ნაკვეთი იჯარით 10 წლის ვადით უკონკურსოდ გადასცა ვ. გ-ს, რომელმაც 18.07.2008წ. განახორციელა იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის მის სახელზე პრივატიზება. დ. ლ-ის მიერ სასამართლოში გასაჩივრების შედეგად ვ. გ-ის სახელზე გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტები ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 20.07.2011წ. გადაწყვეტილებით, იმ მოტივით, რომ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" კანონის ახალი რედაქციით პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვარი. ამის შემდეგ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 01.05.2012წ. ბრძანებით დ. ლ-ს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი იჯარით სარგებლობისათვის გადაეცა 10.10.2012 წლამდე, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგაც დ. ლ-მა ორჯერ, პირველად 31.03.2014წ. და მეორედ 13.06.2016წ. განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ერივნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემისა და პრივატიზების მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.06.2016წ. N16/30128 წერილით განემარტა, რომ პრივატიზებისთვის განმცხადებელს შესაბამისი ორგანოსათვის უნდა მიემართა არაუგვიანეს 2011 წლის 1 მაისისა, ხოლო რაც შეეხება იჯარით გაცემის საკითხს, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე ლოტი განთავსდებოდა შესაბამის ვებ გვერდზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.06.2016წ. N16/30128 წერილი დ. ლ-ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლის 14.11.2016წ. N1-1/614 გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2017წ. გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.06.2016წ. N16/30128 და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 14.11.2016წ. N1-1/614 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ლ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მოთხოვნა გადახდილი საადვოკატო ჰონორარის მოპასუხეებზე დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

დ. ლ-ის წარმომადგენელმა ლ. გ-მა 13.12.2017წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ გაზაფხულის მოახლოვებასთან ერთად შესაძლოა აქტუალური გახდეს მიწის ნაკვეთის სხვა პირებზე იჯარით გადაცემის საკითხი, ვინაიდან სადავო მიწა წარმოადგენს ზაფხულის საძოვარს და წინა სასამართლო დავების დროს არაერთხელ იყო გაცემული იჯარით, ხოლო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში არსებობს სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემის გამარტივების რისკი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2017წ. განჩინებით დ. ლ-ის წარმომადგენლის ლ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აეკრძალათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ... რაიონი, ... 2, ... საზაფხულო საძოვარი, საკადასტრო კოდი N..., გასხვისება, იჯარით გადაცემა და სანივთო სამართლებრივი უფლებით (იპოთეკა, აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 22.12.2017წ. და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 27.12.2017წ. შეიტანეს საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2017წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.01.2018წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2017წ. განჩინებებზე დაუსაბუთებულობის გამო არ დაკმაყოფილდა, საქმის მასალები საჩივრებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. განსახილველ შემთხვევაში დ. ლ-ის წარმომადგენელმა ლ. გ-მა 13.12.2017წ. განცხადებით მოითხოვა N... საკადასტო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის, გასხვისების, მასზე ოპოთეკის, შეზღუდული სარგებლობის ან სხვა ვალდებულების რეგისტრაციის აკრძალვა იმ დასაბუთებით, რომ მიწის ნაკვეთი, როგორც ზაფხულის საძოვარი, სეზონის მოახლოვებასთან ერთად შესაძლოა სხვა პირებზე გაცემულიყო იჯარით, რისი რეალური საშიშროებაც არსებობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ირგვლივ მანამდე არსებული დავებიდან გამომდინარე, ხოლო მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს შეიძლება გამოეწვია სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემის გამარტივება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებისათვის სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებაში გარკვეული მოქმედებების აკრძალვის შესახებ, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარსულში რამდენჯერმე იყო განკარგული სახელმწიფოს მიერ, რამაც დავა წარმოშვა მხარეთა შორის, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთი 2001 წელს კანონმდებლობის მათხოვნათა დარღვევით გაიცა იჯარით, რაც გაუქმდა ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს 27.06.2006წ. გადაწყვეტილებით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2006 წელს კვლავ გაიცა იჯარით. 2008 წელს მოხდა იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პრივატიზება, რომელიც დ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 20.07.2011წ. გადაწყვეტილებით. შესაბამისად დიდია აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობით შესაძლო გაცემის, გასხვისების ალბათობა, რაც გააძნელებს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას საქმის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში. რეგისტრაციასთან დაკავშირებული ქმედებების (გასხვისება, იჯარით გადაცემა, აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) განხორციელების აკრძალვის პირობებში მოპასუხეებს ერთმევათ შესაძლებლობა გაასხვისონ ან უფლებრივად დატვირთონ ის მიწის ნაკვეთი, რომლებზეც შესაძლოა მოსარჩელის უფლების არსებობა დადგინდეს. აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვნად გართულდება ან სულაც შეუძლებელი გახდება კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დაცვის საჭიროების გათვალისწინებით. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საჩივრების ავტორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაუსაბუთებლად, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე განხორციელდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პირობა, ასევე არსებობს საფუძველი, რომლის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

საჩივრების ავტორები მიიჩნევენ, რომ სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის არსებობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. რისკი არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის ნიშნებს, იგი ჯერ არ არის რეალიზებული, თუმცა შესაძლოა მომავალში განხროციელდეს. ამდენად, ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ადმინისტრაციულ ორგანოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ლ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასევე წარსულში სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული დავები, სსკ-ის 191-ე მუხლის საფუძველზე ქმნის სარჩელის უზრუნვეყლყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

თავმჯდომარე : ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი