საქმე Nბს-1161-1155(კ-17) 13 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…“ 2015 წლის 8 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 6 ივლისის N23942 ბრძანებისა და 2015 წლის 13 აგვისტოს N30498 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,…“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 6 ივლისის N23942 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს N30498 ბრძანება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება იურიდიულად არასათანადო დასაბუთებას დაეფუძნა. კერძოდ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. აღნიშნული მუხლის საფუძველზე მიღებული „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების 2011 წლის 14 დეკემბრის №611-01013 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ასევე შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები ახორციელებენ „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნის და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების 51 და 61 მუხლების მოთხოვნების შესრულების შემოწმებას. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირები განიხილებიან მონიტორინგის განმახორციელებელ პირებად, შესაბამისად, ეკისრებათ აღნიშნული კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, განსახილველ შემთხვევაში კი კასატორი მიუთითებს, რომ დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები, რაც ადასტურებს ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას. „ლატარიები, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია, შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. კასატორის განმარტებით მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, მიჩნეულ იქნა, რომ ნებართვის მფლობელის მიერ დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების განსაზღვრული ვალდებულებები. აღნიშნულ ფაქტზე შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №309, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 6 ივლისს გამოიცა ბრძანება №23942 და შპს „…“ (ს/ნ 406136827) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე და მათი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2015 წლის 22 ივნისის N22130 ბრძანებით დაინიშნა შპს ,,…“ მიერ ტოტალიზატორის მოწყობის N19-05/203 ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში, სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება. სხვა ვალდებულებებთან ერთად შემოწმებას დაექვემდებარა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ზ“, ,,ი“, ,,კ“, ,,მ“, ,,ო“, ,,ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. შემოწმება დაევალათ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს სათამაშო ბიზნესის კონტროლის განყოფილების თანამშრომლებს.
ზემოაღნიშნული შემოწმების შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წლის 30 ივნისს გამოიცა N309 შემოწმების აქტი, სადაც აღინიშნა, რომ ორგანიზატორი ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არ ახორციელებს შიდა კონტროლს, არ აქვს შემუშავებული შიდა ინსტრუქცია კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჰყავს განსაზღვრული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისთვის შესაბამისი პასუხისმგებელი პირი. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 6 ივლისის N23942 ბრძანებით, შპს ,,…“ ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით. ბრძანებაში აღინიშნა, რომ ნებართვის მფლობელის მიერ დარღვეულია ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტითა და ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტიზე, რომლის თანახმად, ნებართვის გამცემი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე. აღნიშნული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ნებართვის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ნებართვის გამცემს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაცვასთან. ამდენად ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სანებართვო პირობების შემოწმება და შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი და ნებართვის მფლობელისათვის ზოგადად კანონმდებლობის მოთხოვნების შემოწმება. სანებართვო პირობების შემოწმება მოიცავს კონკრეტულად შემოწმების აქტში მითითებული პირობების შემოწმებას, რისთვისაც კონტროლს ახორციელებს ნებართვის გამცემი, ხოლო კანონმდებლობის მოთხოვნათა ზოგადი ვალდებულების შესრულებაზე, იმის გათვალისწინებით თუ როგორია ეს ვალდებულება, განისაზღვრება შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაზღვრულია ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის ვალდებულება შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებული მოვალეობები; ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივი ბრძანებით.
აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესი“ (შემდეგში „შემოწმების წესი“) არეგულირებს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესს და პირობებს, განსაზღვრავს შემოწმების წესის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ფორმებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრა როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებები სანებართვო პირობების შემოწმებისას. აღნიშნული ბრძანების თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილება მოიცავს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნის და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების 51 და 61 მუხლების მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, ხოლო რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას, ზემოაღნიშნული ერთობლივი ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის დარღვევის შემოწმებაზე უფლებამოსილი ორგანო არის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებისას გამოვლენილი დაღვევა ძირითადად ეფუძვნება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით კონკრეტულად განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობას, აღნიშნულ დარღვევაზე მითითება გაკეთდა „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობით, რაც ატარებს ზოგად ხასიათს.
საკასაციო პალატა განმარტავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან, აქტის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთან, ხოლო ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და რაც მოიცავს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით აქტის გამოცემას. ადმინისტრაციული წარმოების დროს კანონიერი გადაწყვეტილების მიღების უზრუნველსაყოფად, უნდა დადგინდეს გამოკვლეული ფაქტის სისწორე (რაც განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის) და ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლები, რაც გულისხმობს იმას, რომ დარღვევაზე შემოწება უნდა განახორციელოს უფლებამოსილმა პირმა. მითითებული ორი კრიტერიუმიდან ერთ - ერთის დაუცველობა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. განსახილველ საქმეზე, ჯარიმის შესახებ ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია მისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლები. როგორც უკვე აღინიშნა „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის დარღვევის შემოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივი ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი არ არის უფლებამოსილი ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტზე მითითებით, ამავე კანონით განსაზღვრული სანქცია გაავრცელოს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტზე, აღნიშნული კი ქმნის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობებს.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს დათქმას მითითებული კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული სანქციის გამოყენების და გადაცდომის სანებართვო პირობების დარღვევად შეფასების შესაძლებლობის თაობაზე, უფრო მეტიც, აღნიშნული კანონი განსაზღვრავს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და იმ ნორმატიულ საფუძველს, რომლის შესაბამისადაც უნდა განხორციელდეს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებაზე კონტროლი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე