საქმე Nბს-531-528(კ-17) 27 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - გ. ც-ის უფლებამონაცვლე დ. ც-ე, ნ. გ-ა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური; ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია; მ. ჩ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბერი განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ც-ემ და ნ. გ-ამ 2016 წლის 11 იანვარს სარჩელი აღძრეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ჩ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 16 ნოემბრის №882015547984-06 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 28 დეკემბრის №311204 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 9 ნოემბრის №882011536958-03 გადაწყვეტილებისა და 2012 წლის 20 მაისის №N882011536958-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით გ. ც-ის და ნ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ც-მ და ნ. გ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით გ. ც-ისა და ნ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ც-ემ და ნ. გ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამარტლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სანამ სახელმწიფო თავის საკუთრებაში აღრიცხავდა უძრავ ქონებას, ე.ი განხორციელდებოდა ყოფილი წყალკანალის სამმართველოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების 480.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობების უფლების პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, სახელმწიფოს დაკვეთით შპს „...“ მოამზადა ხსენებულ უძრავ ქონებაზე საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც საჯარო რეესტრს წარედგინა 2011 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 23 სექტემბრის №ტ-1/177 მიმართვასთან ერთად, აღნიშნული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე კი, მარეგისტრირებელმა ორგანომ 2011 წლის 3 ოქტომბერს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და დასახელებული უძრავი ქონება აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებაში ს/კ ..., რის შემდეგაც იგი გადავიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ხოლო საბოლოოდ, მოპასუხე მ. ჩ-ის საკუთრებაში.
კასატორები აღნიშნავენ, რომ 2014 წელს სადავო გახდა მოსარჩელე მხარის მხრიდან ზედდების ნაწილში რეგისტრაცია, როდესაც მოპასუხე მ. ჩ-მა დაიწო შენობის დემონტაჟი. მოპასუხემ შენობის დემონტაჟით მოახდინა საზღვრის გადატანა ზედდების ნაწილში მოსარჩელეთა თვითნებურად დაკავებული ფართების სიღრმეში. გამომდინარე აქედან, სადავო გახდა მარეგისტრირებელი ორგანოს 2011 წლის 3 ოქტომბრისა და შემდგომი გადაწყვეტილებები ზედდების ნაწილში. ამ დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 24 ნოემბერს მიიღო განჩინება, რომლითაც გაუქმდა გასაჩივრებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე მარეგისტრირებელი ორგანოს 2011 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება ზედდების ნაწილში და დაევალა ამავე სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით და იგი შევიდა კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ის ფაქტობრივი გარემოებანი, რომ მოსარჩელეები ფლობენ და სარგებლობენ სადავო მიწის ნაკვეთს ზედდების ნაწილში, რაზედაც გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები და სამეურნეო დანიშნულების კაპიტალური შენობა-ნაგებობანი, რა გარემოებამაც შესძინა მათ დაინტერესებული მხარის სტატუსი სადავო ფართთან დაკავშირებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესების შესაბამისად ამ კანონის ამოქმედების დროიდან, ანუ 2007 წლიდან.
ასევე, ამავე სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი ის გარემოებაც, რომ სასამართლო ექსპერტიზის 2014 წლის 17 ივლისის დასკვნის საფუძველზე დღეის მდგომარეობით მ. ჩ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, ს/კ ... საკადასტრო მონაცემები უფლების პირველადი რეგისტრაციისას არასწორად იქნა რეგისტრირებული ერთიან გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში არასწორი საკადასტრო აზომვითი ნახაზის გამო, რის მიხედვითაც მოხდა უფლების პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, კერძოდ სადავო მიწის ნაკვეთზე დატანილი შენობის ჩრდილო აღმოსავლეთ კედლის კოორდინატები არ შეესაბამება ადგილზე დაფიქსირებულ, დემონტირებული შენობის დარჩენილი ნაწილის ადგილზე არსებულ რეალურ კოორდინატებს და საკადასტრო მონაცემები ზედდების ნაწილში იჭრება მოსარჩელეთა თვითნებურად დაკავებული ნაკვეთის საზღვრებში, რაც გარდა ამ ექსპერტიზის დასკვნისა დასტურდება, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს, ასევე თავად საკადასტრო აზომვითი ნახაზის შემადგენელი შპს „...“ წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით გ. ც-ისა და ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე #ბს-531-528(კ-17) კასატორის - გ. ც-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება და გ. ც-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება დ. ც-ე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ასა და გ. ც-ის უფლებამონაცვლე დ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, რამდენადაც, მოსარჩელეები საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკუთრების უფლებას უპირისპირებენ, მათ მიერ სავარაუდოდ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, მომავალში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საკუთრების უფლების შესაძლო აღიარებას, რაც არ იძლევა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, რამდენადაც სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 9 ნოემბრის №... გადაწყვეტილებისა და 2012 წლის 20 მაისის №... გადაწყვეტილების მიღებისას არ არსებობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული - სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, 22-ე მუხლით გათვალისწინებული - სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტისა და 23-ე მუხლით გათვალისწინებული - რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, სააგენტოს მიერ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-18 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღების დროს არ დგინდებოდა მესამე პირის უფლებებსა და კანონიერი ინტერესების არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ასა და გ. ც-ის უფლებამონაცვლე დ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება;
3. კასატორს - ნ. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 21.06.2017წ. საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე