Facebook Twitter

საქმე №ბს-295-295(კ-18) 12 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია (მოპასუხე)

მესამე პირი - რ. შ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-ემ 2016 წლის 4 ივლისს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხის - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 22 აპრილის სხდომის ოქმის N13ა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილების (გ. კ-ის საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ) ბათილად ცნობა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა რ. შ-ი.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის მიერ სადაოდ ქცეული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 22 აპრილის სხდომის ოქმი N13ა და 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე და დაევალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შექმნილ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი სადაც კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწვეულ იქნება დაინტერესებულ მხარე გ. კ-ე. მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას მოსარჩელე გ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი ხარჯის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით გ. კ-ეს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რადგან სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად სცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამ გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის, ამასთანავე, ზემოაღნიშნული მუხლის მიხედვით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას.

ამასთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეებს შესთავაზოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს დასაბუთებულ მითითებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ გარემოებებზე, შესაბამისად სადავო აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალება არ არის დასაბუთებული, რადგან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად საჭირო კონკრეტულად დასადგენი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მითითების გარეშე დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხზე ახალი აქტის გამოცემა.

კასატორი, ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით გ. კ-ეს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. კ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ რ. შ-ის განცხადების განხილვა განხორციელდა დაინტერესებული პირის - გ. კ-ის მონაწილეობის გარეშე, კერძოდ 2016 წლის 22 აპრილის კომისიის სხდომის შესახებ მოსარჩელე გ. კ-ეს შეტყობინება გაეგზავნა 2016 წლის 14 აპრილს, რომელიც მას ჩაბარდა 2016 წლის 23 აპრილს, კომისიამ კი 22 აპრილს გამართულ სხდომაზე საკუთრების მოწმობა ბათილად ცნო. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება. აღნიშნული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება და სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან მისი დადგენა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უნდა მოხდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ხოლო ამის შემდგომ სასამართლოს მიერ მათი სწორი სამართლებრივი შეფასება და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმება, რისი უფლებამოსილებაც უპირობოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს უნდა განეხილა საკითხი და დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რადგან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2016 წლის 22 აპრილის აქტი, გ. კ-ის საკუთრების უფლების ბათილად ცნობის თაობაზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, საქმეში დაინტერესებული პირის მონაწილეობსა და აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მხულის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც აღიარების კომისიის მიერ არ იქნა განხორციელებული, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიას, რ. შ-ისა და გ. კ-ის საკუთრებაში გადაცემულ ქონებათა არაიდნტურობის შესახებ, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ გარემოებებზე, რაზედაც არ ყოფილა მითითებული ქვედა ინსტანციის სასამართლოებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს - გ. კ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს 13.03.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით გ. ს-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22 მიმღების ანგარიშის №200122900 სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე