Facebook Twitter

საქმე Nბს-494-494(კ-18) 17 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ. კ-ა (მოსარჩელე)

მესამე პირები - ლ. ჯ-ი, ნ. ჯ-ი, ნა. ჯ-ი, პ. ჯ-ი;

გასაჩივრებული განჩიენება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. კ-ამ 2016 წლის 5 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 08 იანვრის №285 ბრძანების ბათილად ცნობა - შ. კ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება შ. კ-ას დევნილი ოჯახის, როგორც ქ. თბილისში, სასტუმრო „აეროპორტში“ მცხოვრები ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. ჯ-ი, ნ. ჯ-ი, ნა. ჯ-ი და პ. ჯ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 08 იანვრის №285 ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ. კ-ას დევნილი ოჯახის, როგორც ქ. თბილისში, სასტუმრო „აეროპორტში“ მცხოვრები ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული მასალებით დადგინდა, რომ მოსარჩელე 2009 წლიდან ფაქტიურად არ ცხოვრობდა რეგისტრაციის ადგილას, სასტუმრო აეროპორტს ტერიტორიაზე, მის ფაქტიურ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, დასახლება აეროპორტი, სახლი N..., ბინა N15. საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ზემოაღნიშნული ბინა 2009 წლიდან წარმოადგენდა შ. კ-ას საკუთრებას, რომელიც 2015 წლის 08 აგვისტოს (საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვისას) გაასხვისა ფ. ქ-აზე (ბიძაშვილი). მოსარჩელის მიერ იქნა ასევე დადასტურებული, რომ ფართის სიმცირის გამო, ის და მისი ოჯაიხს წევრები ძირითადად ცხოვრობენ იქვე დასახლებაში მდებარე ფ. ქ-ას საკუთრებაში, რომელიც იყო მის სახელზე გაფორმებული და ახლახანს გადაუფორმა მის რეალურ მესაკუთრეს, ხოლო სასტუმროში მიდიან ძირითადად მხოლოდ შაბათ-კვირას, რაც ასევე ადასტურებს, რომ შ. კ-ას ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა სასტუმრო „აეროპორტი“.

კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის დედამთილს - ნა. ჯ-ს, ასევე გააჩნდა საკუთრება მისამართზე ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება, სახლი N..., ბინა N8, რომელიც გაასხვისა 2015 წლის 08 აგვისტოს, რაც იმ მიზანს ემსახურებოდა (ისევე როგორც შ. კ-ას შემთხვევაში), რომ შეცდომაში შეეყვანა ადმინისტრაციული ორაგნო, თითქოს საკუთრებაში არ გააჩნდა უძრავი ქონება და ამ გზით, სახელმწიფოსაგან მიეღო საცხოვრებელი ფართი.

კასატორის განმარებით, როგორც სამინისტროს მიერ ადგილზე განხორციელებული მოკვლევის შედეგად, ასევე თავად შ. კ-ას განმარტებით დგინდება, რომ იგი ფაქტობრივად არ სარგებლობდა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფართით. ამასთან, 2015 წლის აგვიტომდე, (საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვისას) რეესტრის მონაცემების მიხედვით, უფიქსირდებოდა საკუთრება და შემდგომშიც არ შეუწყვიტავს მისი გამოყენება. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, სხვა დევნილი ოჯახებისაგან განსხვავებით, სასიცოცხლოდ აუცილებელი არ იყო და კონკრეტულ ეტაპზე ვერ მიენიჭებოდა პრიორიტეტი. საქმეზე წარმოდგენილი იქნა სასტუმრო აეროპორტის აღწერის მასალა, სადაც შ. კ-ას ოჯახი, როგორც ზემოაღნიშნულ მისამართზე მცხოვრები, არ ფიქსირდება, რაც საფუძვლად დაედო სადავო ინდიბიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი) პირველი პუნქტით დამტკიცებული იქნა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ზემოაღნუშნულ ბრძანებაში 2017 წლის 14 თებერვალს განხორციელდა ცვლილება და ანალოგიურად დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას დადგენილი კრიტერიუმების გარეშე ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას ითვალისწინებს მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „აეროპორტი“ წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, ხდება აღნიშნული ობიექტიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს შ. კ-ას და მისი ოჯახის ფაქტობრივად ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში, სასტუმრო „აეროპოტრის“ შენობაში რეგისტრაციისა და ცხოვრების ფაქტი და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინაარმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ იქნა წარმოდგენილი კასატორის მიერ, სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მართებულად დაევალა გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში შ. კ-ას და მისი ოჯახის, როგორც ნგრევად ობიექტში (ქ. თბილისი, სამგორი, აეროპორტის დასახლება, სასტუმრო „აეროპორტი“) მცხოვრები ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე