საქმე Nბს-882(კს-18) 18 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - „ამხანაგობა …“ წევრი დ. ჭ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)
განმცხადებლები: ა. შ-ი, დ. შ-ა, ვ. ფ-ი, ვ. მ-ე, ლ. ე-ა, ლ. ჯ-ა, მ. ი-ი, ნ. პ-ი, ო. ლ-ე, ს. დ-ი, ა. გ-ა, ა. მ-ი, ი. დ-ი, მ. ბ-ი, რ. ბ-ე, რ. ლ-ე, ქ. ჯ-ე
მესამე პირები: შპს „...“, ამხანაგობა „...“, ე. კ-ე, ლ. პ-ი, გ. პ-ი, ე. ტ-ი, ვ. კ-ე, ნ. კ-ე, მ. თ-ე, ტ. თ-ე, შ. პ-ი, თ. გ-ე, ქ. გ-ე, მ. გ-ე, ა. გ-ე, კ. ა-ი, ა. კ-ი, ვ. შ-ე, ნ. ნ-ის მემკვიდრეები ლ. და გ. ც-ი, გ. ქ-ე, დ. გ-ე, ლ. მ-ა, კ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ჭ-მა 2014 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, ამხანაგობა „...“ და შპს „..“ მიმართ ქ. თბილისის მერიის 18.07.2014წ. N1864 განკარგულების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.09.2013წ. N882996 და 13.12.2013წ. N1042235 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.09.2013წ. N882996 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 აგვისტოს განჩინებით დ. ჭ-ის შუამდგომლობა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის N882996 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა დ. ჭ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით დ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აგვისტოს განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“, ხოლო 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინებით - იბა „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ე. კ-ე, ლ. პ-ი, გ. პ-ი, ე. ტ-ი, ვ. კ-ე, ნ. კ-ე, მ. თ-ე, ტ. თ-ე, შ. პ-ი, თ. გ-ე, ქ. გ-ე, მ. გ-ე, ა. გ-ე, კ. ა-ი, ა. კ-ი, ვ. შ-ე, ნ. ნ-ის მემკვიდრეები ლ. და გ. ც-ი, გ. ქ-ე, დ. გ-ე, ლ. მ-ა, კ. კ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით აპელანტის (მოსარჩელის) - დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის - დ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №882996 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 18 ივლისის №1864 განკარგულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულმა მესამე პირებმა - ე. კ-ემ, ე. ტ-მა, მ. თ-ემ და სხვებმა (სულ 16 პირმა).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.2016წ. განჩინებით ე. კ-ის, ე. ტ-ის, მ. თ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი მ. გ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ე. კ-ის, ე. ტ-ის, მ. თ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
ა. შ-ის, დ. შ-ას, ვ. ფ-ის, ვ. მ-ის, ლ. ე-ას, ლ. ჯ-ას, მ. ი-ის, ნ. პ-ის, ო. ლ-ის, ს. დ-ის, ა. გ-ას, ა. მ-ის, ი. დ-ის, მ. ბ-ის, რ. ბ-ის, რ. ლ-ის, ქ. ჯ-ის მიერ 2017 წლის 29 მაისს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
განმცხადებელებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საქმეში არ იყვნენ ჩაბმულნი სავალდებულო მოწვევის მესამე პირების სტატუსით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-4321-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია.
განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ჩაბმის კლასიკური მაგალითია სასამართლოში სარჩელის განხილვა ორმაგი ზემოქმედების ძალის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. კერძოდ, როდესაც ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადრესატისთვის აღმჭურველია, ხოლო მესამე პირისათვის შემზღუდველი ხასიათის. ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხება მესამე პირის ინტერესსაც და მის მიმართაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, რაც ქმნის საფუძველს სავალდებულო ფორმით ადმიისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ჩაბმისა. განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამგვარ გარემოებას აქვს ადგილი განსახილველ შემთხვევაში. სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ პროცესში ჩართული მესამე პირების გარდა არსებობდნენ სახვა მესაკუთრეები, რომელთა საქმის მიმართ კანონიერი ინტერესის არსებობაც ეჭვგარეშეა. თუ კი სასამართლომ მესაკუთრე ჭიოტაშვილს მიანიჭა გადამწყვეტი ხმის უფლება და შედეგად გააუქმა ის აღმჭურველი აქტები, რომელთა მიმართაც კანონიერი ნდობა გააჩნდათ განმცხადებლებს, რატომ არ ჩააბა ისინი განსახილველ საქმეში მესამე პირების სტატუსით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით ა. შ-ის, დ. შ-ას, ვ. ფ-ის, ვ. მ-ის, ლ. ე-ას, ლ. ჯ-ას, მ. ი-ის, ნ. პ-ის, ო. ლ-ის, ს. დ-ის, ა. გ-ას, ა. მ-ის, ი. დ-ის, მ. ბ-ის, რ. ბ-ის, რ. ლ-ის, ქ. ჯ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და №3ბ/984-15 ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა წარმოება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინამძღვრები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მულის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №882996 ბრძანებითა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანებით ამხანაგობა „...“ მოიპოვა სამშენებლო ნებართვა, რომლის თანახმად არსებულ 7 სართულს უნდა დაშენებოდა 3 სართული. აღნიშნული სამუშაოების შესრულება ნარდობის ხელშეკრულებით იკისრა შპს „...“ და სამუშაოები დაასრულა მშენებლობის ნებართვით მითითებულ ვადაში. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას დაეთანხმა უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრე, გარდა ერთისა - მოსარჩელე დ. ჭ-ისა, რომლის სარჩელიც დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში მესამე პირებად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩართო ამხანაგობა „...“ მხოლოდ დამფუძნებელი წევრები, ვინაიდან მიიჩნია, რომ ისინი იყვნენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს შეეძლო საერთო გადაწყვეტილების გამოტანა, მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ამხანაგობის წევრები იყვნენ სხვებიც, მათ შორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ავტორებიც (17 პირი), რომლებსაც ანალოგიურად შეეხებოდათ სადავო საკითხი და რომლებიც საქმეში მე-3 პირებად არ ყოფილან მოწვეულნი. განმცხადებელებმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება სწორედ ამ საფუძვლით მოითხოვეს.
დასახელებული გარემოებებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რადგან ცალსახაა, რომ საქმის განხილვაზე არ იყვნენ მოწვეული ის პირები, რომელთა უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ამხანაგობა „…“ წევრმა დ. ჭ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპლაციო სასამართლოს მსჯელობა საქმის წარმოების განახლების საფუძვლიანობის თაობაზე არასწორია ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „თუ სამართალურთიერთობაში მონაწილეობს 10 პირზე მეტი მაშინ სასამართლო საქმეში ჩააბამს, მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ“, განმცხადებლებს სურვილი არ გამოუთქვამთ, რომ ჩართულიყვნენ სამართალურთიერთობაში. ამასთან, ამხანაგობა „...“ იმ წევრებიდან რამდენიმე მათგანი, რომლებიც საქმის მათი მოწვევის გარეშე განხილვის გამო ითხოვენ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას ესწრებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომებს და ინფორმირებული იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საქმის მიმდინარეობის შესახებ. თუმცა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-21 ნაწილის შესაბამისად არასდროს გამოუთქვამთ სურვილი საქმეში ჩართულიყვნენ მესამე პირებად.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ზემოაღნიშნული განმცხადებლები, რომც დასწრებოდნენ სასამართლოს მთავარ სხდომას, სააპელაციო სასამართლო მაინც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა. რამდენადაც, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, იმ საფუძვლით, რომ დ. ჭ-ს არ განუცხადებია თანხმობა ამ სახის სამშენებლო ღონისძიებების განხორციელებაზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეებისა და მესამე პირების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სახლის პროექტის კორექტირებისათვის არ არის საჭირო ერთ-ერთი მესაკუთრის დ. ჭ-ის თანხმობა და აღნიშნულ მუხლებთან ერთად მოიშველია საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ მე-10 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ განმარტა რა შემთხვევაში შეიძლებოდა ეთქვა უარი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე, რომ სახეზე უნდა ყოფილიყო ორი წინაპირობა ერთდროულად: 1) დაინტერესებულ მხარეს უნდა გააჩნდეს კანონიერი ნდობა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის მიმართ, 2) უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი არსებითად არ უნდა არღვევდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო აქტების გამოცემას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის უკანონო მოქმედება. ამიტომ, დ. ჭ-ის მოსაზრებით სხდომაზე მოუწვეველი ამხანაგობა „...“ წევრების სასამართლოს სხდომაზე დასწრება ან დაუსწრებლობა ვერ შეცვლიდა იმ ფაქტებს, რომ აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით იქნა მომზადებული და გამოცემული. ამდენად, მათი დასწრება ვერც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქონიებდა გავლენას.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ამხანაგობა „...“ წარმომადგენელი - მ. ს-ა იცავდა, არა მხოლოდ სხდომაზე მოწვეული ამხანაგობის წევრების ინტერესებს, არამედ მთლიანად ამხანაგობა „...“ უკლებლივ ყველა - 47 წევრის ინტერესებს, რაც არაერთგზის აღნიშნა სხდომაზე (აღნიშნული გარემოება დასტურდება სასამართლო სხდომების აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით დ. ჭ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და კერძო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამხანაგობა „...“ წევრი დ. ჭ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
მითითებული საფუძვლებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის სწორად გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების შემოწმებას, მოხდა თუ არა საქმის არსებითი განხილვა მხარის მოწვევის გარეშე, რითიც შეიზღუდა მისი უფლება, მოეხდინა საკუთარი საპროცესო უფლებების სრული რეალიზება. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ყველა პირი იყო მოწვეული რომელთა უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს იმ გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც განმცხადებლები მოითხოვენ კანონიერ ძალაში შეული გადაწყვეტილების გაუქმებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის მიზნით საქმისწარმოების პროცესს, რომელიც მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების რეალიზების პროცესუალური საშუალებაა.
ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმა უზრუნველყოფს ამ პირის სამართლებრივი (სამართლის ნორმებით დაცული) ინტერესებისა და უფლებების დაცვას, საქმის ყოველმხრივ განხილვას, პროცესის ეკონომიურობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას. საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება მისი როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივი დაინტერესებით საქმის მსვლელობისადმი. მესამე პირთა ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვან ინსტიტუტს განეკუთვნება, შესაძლებლობას ანიჭებს საქმეში ამ სტატუსით მონაწილე პირებს მოახდინონ თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირთა ინსტიტუტი მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის მხარეებს, მაგრამ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირთა ორ კატეგორიას - მარტივ და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს.
ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირთა მარტივი მოწვევა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულო მოწვევა - სასამართლოს ვალდებულებას.
როგორც აღინიშნა, მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამავე დროს, მე-21 ნაწილის თანახმად, ყოველ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართლოს სასამართლოს განცხადებით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.
განმცხადებლები არიან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ წევრები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს განსაზღვრავს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა – მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა (ამხანაგობის წევრთა) გაერთიანებაა. კონონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე გამოდის სასამართლოში ან სხვა ორგანოებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით.
მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობა „...“ სასარჩელო განცხადებაშივე იყო მითითებული მოპასუხედ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინებით. ამდენად, ქ. თბილისში, ... ქუჩის №34-36-ში მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეები (ამხანაგობის წევრები) სარჩელის აღძვრის მომენტიდან, თავიდანვე ჩაბმულნი იყვნენ პროცესში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამხანაგობა „...“ 2012 წლის 20 დეკემბრის საერთო კრების ოქმის თანახმად, თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზ. ლ-ე. ზ. ლ-ის მიერ 2015 წლის 21 იანვარს გაცემული მინდობილობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამხანაგობის წარმომადგენელის მითითების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირებად განმეორებით ჩაბმულ იქნენ ე. კ-ე, ლ. პ-ი, გ. პ-ი, ე. ტ-ი, ვ. კ-ე, ნ. კ-ე, მ. თ-ე, ტ. თ-ე, შ. პ-ი, თ. გ-ე, ქ. გ-ე, მ. გ-ე, ა. გ-ე, კ. ა-ი, ა. კ-ი, ვ. შ-ე, ნ. ნ-ის მემკვიდრეები ლ. და გ. ც-ი, გ. ქ-ე, დ. გ-ე, ლ. მ-ა, კ. კ-ე. საოქმო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს დათქმას ამხანაგობა „...“ სამართალწარმოებიდან ამორიცხვის შესახებ. ამდენად, გარდა იმისა, რომ სამართალწარმოებაში საპროცესო სუბიექტის - მე-3 პირის სტატუსი მიენიჭათ ამხანაგობის წარმომადგენლის მიერ მითითებულ წევრებს, ამხანაგობის სხვა წევრების ინტერესს წარმოადგენდა ამხანაგობა „...“, რომელიც საქმეში სამართალწარმოების ყველა ეტაპზე მონაწილეობდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ავტორთა მიმართ სამართლის ნორმებით დაცული - სამართლებრივი ინტერესის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რამდენადაც ისინი წარმოადგენდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეებს (ამხანაგობის წევრებს) და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაბმული ამხანაგობა „...“ სახით პროცესში მოაწილეობდნენ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით არასწორად იქნა დადგენილი, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამავე პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამხანაგობა „...“ წევრის დ. ჭ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ამხანაგობა „...“ წევრის დ. ჭ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინება;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე