საქმე №ბს-415-415 (კ-18) 10 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ს. პ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. პ-ემ 2017 წლის 7 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ და მოითხოვა ს. პ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 4400 ლარის და მორალური ზიანის 6000 ლარის მოპასუხეებსისათვის სოლიდარულად დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. პ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით ს. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. პ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უკვე მრავალი წელია ხდება მისი კანონიერი უფლებების შელახვა, რაც უდავოდ და უტყუარად დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული, მათ შორის უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით. მიუხედავად ამისა სასამართლო უთუთებს მტკიცების ტვირთზე, რომ მოთხოვნილი თანხის დაკისრებისათვის წარდგენი უნდა იქნეს შესაბამისი ხარჯის გაწევის ქვითრები, რასაც არ იზიარებს კასატორი და აღნიშნავს, რომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, აქვს კანონიერი ნდობა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო მითუმეტეს სოციალური სამსახური, რომელიც უნდა იცავდეს მოქალაქის უფლებებს და არ მოქმედებდეს მისი ინტერესების საზიანოდ. თუმცა, წლების მანძილზე უკანონოდ ხდება სოციალური დახმარების შეწყვეტა.
კასატორი მიიჩნევს, რომ 7 წელზე მეტია იმყოფება სოციალური სამსახურის მხრიდან მორალური და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, უწევს მუდმივად თავდაცვითი პოზიციაში ყოფნა, მუდმივი საჩივრები და სასამართლო პროცედურები, რაც უარყოფითად მოქმედებს მის იმიჯზე საზოგადოებაში. მუდმივმა სტრესმა დაუზიანა ჯანრთელობა, რასაც ადასტურებს სასამართლოში წარდგენილი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა 100/ა.
კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისი საყოველთაოდ აღიარებული სოციალური უფლებების დარვევის თაობაზე, კერძოდ მიიჩნევს, რომ მოპასუხე ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლის დარღვევას, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით. დარღვეულია ასევე ,,ევროპის სოციალური ქარტიით“ საყოველთაოდ აღიარებული და დაცული სოციალური უფლებები და 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლი, რომელიც ყოველ ადამიანს, „როგორც საზოგადოების წევრს“, სოციალური უზრუნველყოფის უფლებას ჰპირდება. გარდა ამისა, 25(1) მუხლში ჩამოთვლილია სოციალური უზრუნველყოფის სხვადასხვა ფორმები. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ავტორებს არ განუსაზღვრავთ ის ძირითადი მინიმალური სოციალური და ეკონომიკური უფლებები, რომელიც ადამიანის ღირსების დაცვისა და პირადი განვითარებისთვისაა აუცილებელი, ეს ადგილობრივმა კანონმდებლომამ უნდა მოაწესრიგოს. კასატორი აღნიშნავს, რომ სოციალური სამსახურის მხრიდან ადგილი აქვს მისი უფლებების უკანონო ხელყოფას, შესაბამისად სასამართლო ვალდებულია განიხილოს დააკმაყოფილოს მისი კანონიერი მოთხოვნები, რათა არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს გარანტირებული უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით ს. პ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას, იმ შემთხვევაში თუ ზიანი მიყენებულია განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით და ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის არსებობს პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებდა ჯანმრთელობის დაზიანებას, რომელიც გამოწვეული იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონო ქმედებებით, რაც გამოიხატა სოციალური დახმარების არაერთგზის უკანონო შეწყვეტით, მოპასუხეთა უკანონო ქმედებებით განცდილმა სტრესმა კი გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ს. პ-ემ განსახილველ საქმეზე ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ ვერ იქნა დადატურებული შეძენილი სამედიცინო მედიკამენტების და ტრანსპორტის ხარჯებისათვის ხარჯის გაწევის ფაქტი, ასევე ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოპასუხეთა ქმედებების გარეშე ჯანმრთელობის პრობლემებს არ ექნებოდა ადგილი. საქმეში არ არის მტკიცებულება რომლითაც დადასტურდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტი, რამდენადაც საქმის მასალებით დგინდება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის და 2016 წლის გადაწყვეტილებები, რომლითაც ს. პ-ეს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი და ს. პ-ის სასარგებლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრა თანხის გადახდა, ხოლო აღნიშნულ პერიოდამდე, არსებული სოციალური სააგენტოს გადაწყვეტილებები რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ს. პ-ის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა, რაც გამორიხავ მისი უკანონოდ მიჩნევის შესაძლებლობას, შესაბამისად გამორიცავს ზიანის მიყენების ფაქტს.
ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც წარმოიშობა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ს. პ-ის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, იმდენად რამდენადაც ვერ იქნა დადასტურებული მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი და ასევე ვერ იქნა დადგენილი მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანებას შორის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე