Facebook Twitter

Nბს-221-221(გ-18) 01 აგვისტო , 2018წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ნ. წ-ას სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

27.02.2014წ. ნ. წ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა ნ. წ-ას სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 25.12.2013წ. N42/კ ბრძანების ბათილად ცნობა, საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის თანამდებობაზე აღდგენა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2012 წლის 15 აგვისტოდან მუშაობდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლად, კეთილსინდისიერად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს, თუმცა 25.12.2013წ. განთავისუფლდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რაც სრულიად დაუსაბუთებელია, რადგან მისი კვალიფიკაცია და გამოცდილება შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას. მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებამდე - 05.11.2013წ. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადდა კონკურსი საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად, რომელშიც ნ. წ-ამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსი ჩატარდა სამ ეტაპად: პირველი ეტაპი იყო განაცხადების განხილვა, მეორე ეტაპი - ტესტირება, ხოლო მესამე ეტაპი - გასაუბრება. ნ. წ-ამ გადალახა 2 ეტაპი, ტესტირებაზე მაქსიმალური 30 ქულიდან მიიღო - 29 და გადავიდა გასაუბრების ეტაპზე, თუმცა გასაუბრებაზე დაესვა შეკითხვები, რომელიც არ უკავშირდებოდა მის სამსახურებრივ მოვალეობებს და ვაკანტურ თანამდებობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონკურსი ჩატარდა კანონდარღვევით, არ შექმნილა საპრეტენზიო კომისია, არ განსაზღვრულა შემდგომ ეტაპზე გადასასვლელი მინიმალური ქულების ოდენობა.

27.10.2014წ. ნ. წ-ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 25.12.2013წ. N42/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 03.04.2013წ. N102 ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 16.12.2013წ. N37 სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობა, რომელთა მიხედვით ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩა და დაინიშნა ს. ჯ-ე, ხოლო ნ. წ-ა გათავისუფლდა საქმისწარმოების და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან. ნ. წ-ამ ასევე მოითხოვა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 28.07.2015წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სამსახურში აღდგენის შესახებ მოთხოვნა და მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის საქმისწარმოებისა და მომსახურების კოორდინატორის თანამდებობაზე ნ. წ-ას აღდგენის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.04.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. წ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.12.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. წ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.04.2016წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. წ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატენსტაციო კომისიის 16.12.2013წ. სხდომის N37 ოქმის საფუძველზე დადგენილი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმის წარმოების და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩა და დაინიშნა ს. ჯ-ე, ხოლო ნ. წ-ა გათავისუფლდა საქმისწარმოების და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 25.12.2013წ. N42/კ ბრძანება ნ. წ-ას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმისწარმოების და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ნ. წ-ა აღდგენილ იქნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმისწარმოებისა და მომსახურების კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ნ. წ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 01 მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 1100 ლარის (დარიცხული) ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.2017წ. განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.12.2016წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ სახეზე იყო სსკ-ის 393-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი - არაკანონიერი შემადგენლობით საქმის განხილვა. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ დავის საგანს წარმოადგენს სსიპ-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, ასევე კანდიდატის შერჩევის კანონიერება და ამ საკითხების თაობაზე მიღებული აქტების მართლზომიერება, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება საჯარო სამართლის ნორმებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები ეფუძნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111 მუხლის თანახმად, ამ კანონის 29-32-ე მუხლები ვრცელდება აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. სასკ-ის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სასკ-ის მე-2, 26-ე მუხლები, ასევე სსკ-ის მე-11 მუხლი და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საქმის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.11.2017წ. განჩინებით ნ. წ-ას სააპელაციო საჩივარი განსჯადობის შესაბამისად განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დავაზე განსახილველ საკითხებს წარმოადგენს განთავისუფლების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების, დირექტორის ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.09.2010წ. N89/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, იგი შექმნილია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს და ქმნის საკონკურსო კომისიას. ამდენად, ცენტრი არის საჯარო უფლებამოსილებების განმახორციელებელი ორგანო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად, რადგან მათი გამოცემა მოხდა ადმინისტრაიცული ორგანოს მიერ, საჯარო-ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად კანონის 29-ე - 32-ე მუხლების (თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა; თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა; კონკურსის გამოცხადება) მოქმედება ვრცელდებოდა საჯარო სამსართლის იურიდიულ პირებზე (111 მუხ.). საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლებისათვის კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფდა ამავე სსიპ-ში შექმნილი საკონკურსო-საატენსტაციო კომისია, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას შრომის კოდექსის გამოყენება არ იქნება მართებული, რადგან შრომის კოდექსის 1.1 მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით. განსახილველ შემთხვევაში სსიპ-ის თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების პროცედურა მოწესირებულია სპეციალური - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2018წ. განჩინებით ნ. წ-ას სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის მოსარჩელის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს, მოსარჩელის მიერ მითითებული უფლებების დარღვევა თავისი არსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.09.2010წ. N89/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ პირველ და მე-5 მუხლებზე, სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 25.12.2013 წ. N42/კ ბრძანების, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 03.04.2013 წ. N102 ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 16.12.2013წ. N37 სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების საკანონმდებლო საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ-ში თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება და ჩატარება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მაინც ვერ მიიჩნევა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სუბიექტად და სადავო სამართალურთიერთობები კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების სავალდებულო პირობაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ნ. წ-ას სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. წ-ამ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: მისი გათავისუფლების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 25.12.2013წ. N42/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 03.04.2013წ. N102 ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 16.12.2013წ. N37 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობა, რომელთა მიხედვით ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩა და დაინიშნა ს. ჯ-ე, ხოლო ნ. წ-ა გათავისუფლდა საქმისწარმოების და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის საქმისწარმოებისა და მომსახურების კოორდინატორის თანამდებობაზე მისი აღდგენის დავალება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტები გამოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 30.10.1997წ. კანონის (ძალადაკარგულია 2017 წლის 01 ივლისიდან საქართველოს 27.10.2015წ. N4346 კანონით) მოქმედების პერიოდში - 2013წელს, შესაბამისად სწორედ ამ პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტების რედაქციებით უნდა იხელმძღვანელოს დავის განმხილველმა სასამართლომ სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისას. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობების წარმოშობის პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო სივრცის საფუძველზე უნდა გადაწყდეს აგრეთვე დავის სასამართლო განსჯადობის საკითხიც.

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად, განათლების ხარისხის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი (3.1 მუხ.), რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია (3.2 მუხ.) და არის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (4.1 მუხ.), თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრი ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას, ახდენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას და სხვ. (მე-5 მუხ.). ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს ცენტრის მიმართ წარმოებული ყველა დავის ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების განმხილველი სასამართლოსადმი განსჯადობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (ტაქსაცია). კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (ენუმერაცია). სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს, სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში (იხ. სუს 11.09.2014წ. Nბს-350-316(გ-14) განჩინება). ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახეზე იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად (იხ. სუს დიდი პალატის 10.07.2007წ. Nბს-132-123(კ-07) განჩინება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 14.08.2012წ. №98/კ ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.09.2010 წ. №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ნ. წ-ა 2012 წლის 14 აგვისტოდან დაინიშნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულების თანამდებობაზე, მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ცენტრის საშტატო განრიგის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, ბრძანების გამოცემის მთავარ საფუძველზე - შრომის კოდექსის 6.3 მუხლზე, რომლის თანახმად პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. სწორედ ხსენებული ნორმა წარმოადგენდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულების თანამდებობაზე ნ. წ-ას დანიშვნის ძირითად საფუძველს, რაც ადასტურებს ნ.წ-ასა და დამსაქმებელს შორის კერძო-სამართლებრივი შრომითი ურთიერთობის არსებობას. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის გამომრიცხავ გარემოებას არ ქმნის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმის საფუძველზე ნ. წ-ას მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, აღნიშნული მიანიშნებს შრომითი ხელშეკრულების გარკვეული ვადით გაფორმებაზე და არ ასაბუთებს დასაქმებულის საჯარო მოხელედ მიჩნევას. შრომითი ხელშეკრულების არსებობას ადასტურებს აგრეთვე დანიშვნის საფუძვლად დამატებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.09.2010 წ. №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მითითება, რომლის თანახმად, ცენტრის დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს. ამდენად, აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლები არ ასაბუთებს დანიშვნის შესახებ ბრძანების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად მიჩნევას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ-ში დასაქმებული პირი არ მიიჩნეოდა საჯარო მოხელედ. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 30.10.1997წ. კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო სამსახური იყო საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში (1.1 მუხ.), სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება იყო სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება (2.1 მუხ.). ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას (2.1 მუხ.). სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტო შექმნილია ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.09.2010წ. №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების შესაბამისად, ცენტრი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 30.10.1997წ. კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცავდა სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებშიც საქმიანობა საჯარო სამსახურად ითვლებოდა, ჩამონათვალი არ შეიცავდა მითითებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშაკი არ მიიჩნეოდა საჯარო მოსამსახურედ, გარდა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული წესით დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა, რომლის დანიშვნა და გათავისუფლება ხდებოდა უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ნ. წ-ას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 25.12.2013წ. N42/კ ბრძანებაში გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლი, 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.09.2010 წ. №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სსსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ 5.1 მუხლისს ,,ბ“ ქვეპუნქტის მითითება არ ადასტურებს დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას, ვინაიდან ხსენებულ ნორმაში მითითებულია დირექტორის უფლებამოსილება დანიშნოს და გაათავისუფლოს ცენტრის თანამშრომელი, გააფორმოს მათთან შრომითი ხელშეკრულება. ამდენად, მოსარჩელის შრომითი საქმიანობის დაწყების და შეწყვეტის ძირითადი საფუძველი არის შრომითი ხელშეკრულების დადება (შრომის კოდექსის 6.3 მუხ.) და შეწყვეტა (შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ვ“ ქვ.პ.). გასათვალისწინებელია, რომ ნ.წ-ას გათავისუფლების დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 30.10.1997წ. კანონის რედაქცია ადგენდა პირის გათავისუფლების შესაძლებლობას მისი დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო (98.1 მუხ.), თუმცა ნ. წ-ა გათავისუფლდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დასაქმებული კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან) და არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოხელის გათავისუფლებისათვის დადგენილი წესის გათვალისწინებით, რაც დამატებით ადასტურებს ნ.წ-ასთან კერძო-სამართლებრივი შრომითი ურთიერთობის არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. წ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 25.12.2013წ. N42/კ ბრძანება ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რადგან იგი გამოცემულია კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე. მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური რეკვიზიტების ქონა და დასახელება, სათანადო შინაარსობრივი დატვირთვის გარეშე, დოკუმენტს ვერ აქცევს ადმინისტრაციულ აქტად. დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ბრძანების ფორმით გამოცემული ყველა გადაწყვეტილება ავტომატურად არ უნდა გაუთანაბრდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მსგავს შემთხვევებში ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლებს, მის შინაარსს (იხ. სუსგ 21.09.2017წ. Nბს-893-885(გ-16)). განსახილველ საქმეში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 25.12.2013წ. N42/კ ბრძანებაში ასახულია ორგანოს ნება კერძო-სამართლებრივი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რაც გადაწყვეტილებას, მხოლოდ ბრძანების ფორმით გამოცემის გამო, ვერ აქცევს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. აღნიშნულიდან გამომდინარე ნ. წ-ას გათავისუფლების კანონიერება უნდა შემოწმდეს სამოქალაქო სასამართლო წარმოების ფარგლებში.

სამოქალაქო პალატის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს საჯარო საქმიანობას, არ ცვლის განსჯადობის წესს, ვინაიდან მოცემული დავა უკავშირდება არა სსიპ-ის საქმიანობას, არამედ მისი მუშაკის შრომით ურთიერთობას. საჯარო ფუნქციების დელეგირება შესაძლებელია არა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, არამედ აგრეთვე ფიზიკურ პირზე და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზეც, რაც ცხადია არ აქცევს მისი მუშაკის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ დავას ადმინისტრაციული კატეგორიის საქმედ. ამდენად, განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს არა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს, არამედ დავის საგნის შემხებლობას სამოხელეო სამართალურთიერთობასთან. საფუძველს მოკლებულია ასევე სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრება, რომ საკონკურსო კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნა განაპირობებს დავის ადმინისტრაციულ ხასიათს. დავის საგანს არ შეადგენს საკონკურსო კომისიის შექმნის ან კონკურსის გამოცხადების შესახებ აქტების ბათილად ცნობის საკითხი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 03.04.13წ. N102, 29.10.13წ. N364 და 13.12.2013წ. N455 ბრძანებები ცენტრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა, მოსარჩელე ითხოვს კონკურსის შედეგების და მისი გათავისუფლების შესახებ აქტის გაუქმებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 24.3 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში აღჭურვილია სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით, თუმცა მისი შექმნისა და საქმიანობის რეგულირება ხდება სპეციაური ნორმატიული აქტის საფუძველზე. შრომის კოდექსის 1.1 მუხლის თანახმად, კანონი აწესრიგებს შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. ის გარემოება, რომ თავისი ამოცანების განხორციელების პროცესში სსიპ-ის მიერ გამოსაყენებელ ნორმათა სპექტრი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამოქალაქო კანონმდებლობით და მოცემულ შემთხვევაში სსიპ-ში კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით სადავო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებს შორის გასათვალისწინებელია აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111 მუხლი, 29-32-ე მუხლები, არ ცვლის დავის სასამართლო განსჯადობის საკითხს. თანამშრომლის შესარჩევად კონკურსის ჩატარება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე იმთავითვე არ აქცევს დავას ადმისტრაციულ-სამართლებრივად. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 30.10.1997წ. კანონს 29.06.2011წ. №6611 კანონით დაემატა 111 მუხლი და დადგინდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-32-ე მუხლების მოქმედების გავრცელება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზეც, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 30.10.1997წ. კანონის 29-32-ე მუხლებით ხდებოდა კონკურსის გამოცხადების, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენისა და თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის რეგულაცია. ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იმ პოზიციის დასაკავებლად, რომელზეც ნ. წ-ა მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული, უნდა ჩატარებულიყო კონკურსი სწორედ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, თუმცა აღნიშნული არ ცვლის განსჯადობის წესს, ნ. წ-ას გათავისუფლების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 25.12.2013წ. N42/კ ბრძანების კონკურსის შედეგების საფუძველზე გამოცემა არ აქცევს განსახილველ დავას ადმინისტრაციულ-სამართლებრივად, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აწესრიგებდა სსიპ-ში კონკურსის ჩატარების ფორმალურ მხარეს, რაც არ ცვლის კონკურსის შედეგის შინაარსობრივ დატვირთვას, სსიპ-ში დასაქმებულ პირთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის კერძო-სამართლებრივ ხასიათს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ფლობს კანონით ზუსტად განსაზღვრულ უფლებამოსილებას, შებოჭილია კანონიერების პრინციპისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საჭიროებით, აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი ფუნქციები, რის გამოც კანონმდებელმა მიზანშეწონილად ჩათვალა სსიპ-ის თანამშრომლების სამსახურში მიღებისათვის სპეციალური, კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან განსხვავებული, პროცედურული წესების შემოღება. ამდენად, „საჯარო სამსაურის შესახებ“ კანონისათვის 111 მუხლის დამატების მიზანი იყო არა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლებისათვის საჯარო მოხელის სტატუსის მინიჭება, მათი უფლებრივი მდგომარეობის შეცვლა, არამედ სსიპ-ში თანამდებობათა კვალიფიციური კადრებით შევსების, ვაკანსიათა თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამსახურში მიღებისას არსებითი სუბიექტური ფაქტორების გამორიცხვა, საკვალფიკაციო მოთხოვნებისა და სამსახურში მიღების პროცედურების ზუსტი რეგლამენტირება. სსიპ-ის თანამშრომელთა საჯარო მოხელეებად მიჩნევის, მათზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სრული მოცულობით გავრცელების მიზნის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებელი ნორმატიულ აქტში სათანადო დათქმას გააკეთებდა, ასეთ დათქმას „საჯარო სამსახურის შესახებ“ 30.10.1997წ. კანონი არ შეიცავდა. აღნიშნული ნორმატიული დათქმის არარსებობა ადასტურებს კანონმდებლის მიერ სსიპ-ის თანამშრომლების სამოხელეო-სამართლებრივი ურთიერთობის სფეროდან გამოყვანას და კერძო, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში მოქცევას. სსიპ-ის მიერ თანამშრომელთა მიღებისას კონკურსის ჩატარების ფორმალური წესების დაცვის საჭიროების დადგენით, განსახილველ შემთხვევაში არ იცვლება კონკურსის შედეგად დასაქმებული პირის შრომით-სამართლებრივი სტატუსი, რადგან კონკრეტული პროცედურების განხორციელებისას საჯარო კანონმდებლობის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ აქცევს ურთიერთობას საჯარო-სამართლებრივად, ისევე როგორც - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმიანობისას სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ გამორიცხავს ქმედების საჯარო-სამართლებრივ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს დავის არსი, ქმედებათა შინაარსი, ურთიერთობის მახასიათებლები და სხვ.. სწორედ აღნიშნული გარემოებების, არსებული ნორმატიული მოწესრიგების, საკანონმდებლო რეგულაციის მიზნის ერთობლივი შეფასების შედეგად არის შესაძლებელი ურთიერთობის საჯარო თუ კერძო სამართლისათვის მიკუთვნება. განსახილველ შემთხვევაში ნ. წ-ას სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი იყო შრომის კოდექსი. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 30.10.1997წ. კანონი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ავრცელებდა მხოლოდ 29-ე - 32-ე მუხლებს, რომლებიც კონკურსის წესით თანამშრომელთა მიღებას აწესრიგებდნენ, კანონი არ ახდენდა დათქმას საჯარო მოხელეთა გათავისუფლებისათვის დადგენილი წესის სსიპ-ის თანამშრომლებზე გავრცელების შესახებ. მხოლოდ ის, რომ კონკურსის ჩატარების ფორმალური წესები საჯარო-სამართლებრივ აქტებშია ასახული, არ ცვლის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსობრივ დატვირთვას. ანალოგიური წარმატებით კონკურსის ფორმალური წესების დაცვით თანამშრომელთა სამსახურში მიღება შეიძლება მოახდინოს კერძო სამართლის იურიდიულმა პირმაც (აღნიშნულს კანონი არ კრძალავას), რაც რათქმაუნდა არ აქცევს მასთან დასაქმებულ პირებს საჯარო მოხელეებად და დავას - ადმინისტრაციულ-სამართლებრივად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კომპეტენციის სისრულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია გაერკვეს საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დავის გადაწყვეტისას გამოიყენოს არა მხოლოდ კერძო-სამართლებრივი, არამედ საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობის ნორმები, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც დავა კომპლექსური ხასიათისაა და კერძო-სამართლებრივ საკითხებთან ერთად შეიცავს საჯარო-სამართლებრივი რეგულაციის ელემენტებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო და კერძო სამართალს შორის მკვეთრი საზღვრის არარსებობის გამო დავის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს ნახევარტონალობებს, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი სასამართლოები არ ქმნიან ერთმანეთისგან იზოლირებულ, ცალკე სასამართლო სისტემებს. მართლმსაჯულების ნებისმიერი განშტოების სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს ნებისმიერი ნორმატიული, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან კერძო-სამართლებრივი აქტი, მათი რეგულირების საგნის და გამომცემი ორგანოს მიუხედავად. მთავარი საკითხის გადამწყვეტ მოსამართლეს აქვს უფლება გადაწყვიტოს განსახილველ დავასთან დაკავშირებულ საკითხთა მთელი ერთობლიობა. ამდენად, სადავო აქტში ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმების მითითება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით კონკურსის ჩატარება არ გამორიცხავს დავის სამოქალაქო სასამართლო წარმოების წესით განხილვას, რადგან სსიპ-სა და მის თანამშრომელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა სადავო აქტების გამოცემის მომენტისათვის კერძო-სამართლებრივი იყო.

დაუსაბუთებელია მოსაზრება განსჯადობის წესების დარღვევის გამო სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის არსებობის შესახებ, ვინაიდან სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობა არის ამ შემადგენლობის შინაგანი თვისება, იგი ასეთად რჩება მიუხედავად იმისა განიხილავს საქმეებს განსჯადობისა და საქვეუწყვებო წესის დაცვით თუ დარღვევით, საქმის განხილვა არაკანონიერი შემადგენლობის მიერ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ და გადაწყვეტილების გაუქმების სრულიად დამოუკიდებელ, უდავო და საკმარის საფუძველს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სამოქალაქო სამართალწარმოების თანახმად, სასამართლოს შეუძლია სსკ-ის 187-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ მიიღოს სარჩელი წარმოებაში თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. სსკ-ის 187-ე მუხლის თანახმად, არაგანსჯადობის გამო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს განჩინება და მიუთითოს განსჯადი სასამართლო. უწყებრივი ქვემდებარეობისაგან განსხვავებით, რომელსაც სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სამოქალაქო საქმეების განმხილველი სააპელაციო სასამართლოს პალატა სსკ-ის 377-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განსჯადობის საკითხს ამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ამდენად, განსჯადობაზე დავას, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, სამოქალაქო სამართლაწარმოებაში აქვს არა იმპერატიული, არამედ უმეტესად დისპოზიციური ხასიათი. საქმის განსჯადობის საკითხის სადავოდ გახდომა სამოქალაქო კატეგორიის საქმეთა განმხილველ სასამართლოს თავისი ინიციატივით შეუძლია აგრეთვე ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის განმხილველი სასამართლოდან საქმის განსჯადობით განსახილველად გადაგზავნის შემთხვევაში, უკეთუ სამოქალაქო კატეგორიის საქმეების განმხილველი სასამართლო არ ეთანხმება მისთვის განსახილველად გადმოგზავნილი საქმის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას, ასეთ შემთხვევაში სასკ-ის 26-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია სადავოდ გახადოს განსჯადობა და განსჯადობის შესახებ დავა გადასაწყვეტად გადაუგზავნოს საკასაციო სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოებაში მიღებისას, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას განსჯადობის საკითხი სასამართლოების მიერ არ დასმულა. დავის განმხილველი სასამართლოს განსჯადობის საკითხი არც მხარეებს დაუყენებიათ ეჭვქვეშ. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მოთხოვნის საფუძვლად უთითებს კერძო-სამართლებრივ კანომდებლობას (შკ-ის 6, 7, 37, 44 მუხ., სკ-ის 408-ე მუხ.). მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შესაგებლის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი (ტ.1, ს.ფ. 59-73). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ნ. წ-ასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და 26.04.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარში ნ. წ-ას განსჯადობის საკითხი არ დაუსვია, განსჯადობის საკითხი არც მოპასუხეს დაუსვამს, სააპელაციო საჩივარზე შეტანილ შესაგებელში მოპასუხე ეთანხმებოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასაბუთებდა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.12.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. წ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები და ნ. წ-ა აღდგენილ იქნა სამსახურში კონკურსის წესით კანდიდატის შერჩევამდე, ცენტრს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარში კასატორი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას. კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ ცენტრის მიერ გამოსაყენებელ ნორმათა სპექტრი სამოქალაქო კანონმდებლობით არ შემოიფარგლება, თუმცა კასატორს არ დაუსვია სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საქმის განსჯადობის წესების დარღვევით გადაწყვეტის საკითხი. სსკ-ის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს საკასაციო სასამართლოს ვალდებულებას შეამოწმოს უწყებრივი ქვემდებარებოს საკითხი და მის უფლებას პირველი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიული და საგნობრივი განსჯადობის შემოწმებაზე მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წამოყენებული სააპელაციო სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოებაში მიღებისას, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას განსჯადობის საკითხი არ დასმულა, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეს განსჯადობის საკითხი არ დაუსვამს, შესაბამისად შესაძლებელი იყო საგნობრივი განსჯადობის საკითხის დასმის გარეშე დავის გადაწყვეტა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას, აღნიშნულ საკითხზე უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუს 15.09.2015წ. Nბს-447-440(გ-15) განჩინება) და მიიჩნევს, რომ დავა განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა პალატის ქვემდებარეა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. წ-ას სარჩელი მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი