Facebook Twitter

საქმე ¹ბს-728-720(კ-16) 28 სექტემბერი, 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ა-ი

მესამე პირი - სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია

დავის საგანი - ქმედების განხორციელება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2016წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-მა 09.07.2008წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ მოპასუხის მიერ გაცემული წერილობითი პასუხის ბათილად ცნობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 777392,6 ლარის ანაზრაურების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2008წ. განჩინებით გ. ა-ს სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი დაკონკრეტებული სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის გამო. მოსარჩელემ 10.09.2008წ. განცხადებით შეავსო ხარვეზი და მოთხოვნად მიუთითა მოპასუხის მხრიდან მისთვის 639757,5 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის თადარიგის პოლკოვნიკი, მსახურობდა სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში. სსრკ-ის დაშლის შემდეგ იმსახურა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო ძალებში და მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ბრძოლებში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სახელფასო დავალიანების დასაფარად გამოუყო 5 მლნ. საბჭოთა მანეთი, საიდანაც 3 010 000 მანეთის ექვივალენტი საქართველოს ბანკებმა საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი მომგებიანი სესხის სახით მისცეს. აღნიშნული სესხის ობლიგაციებს თან ახლავს სახელშეკრულებო პირობები, რომლის თანახმადაც ობლიგაციები 35%-ის დარიცხვით უნდა განაღდებულიყო 2002 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, რაც არ შესრულდა. 15.11.2004წ. მთავრობის მიერ შეიქმნა „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია“, რომელიც უფლემაბოსილია სახელმწიფო საშიანო ვალის პრობლემების, მათ შორის ხსენებული ობლიგაციების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მექანიზმის შესამუშავებლად. მის მიერ სახელმწიფოსათვის გადაცემული თანხა - 3 010 000 მანეთი სარჩელის აღძვრის მომენტისათვის 390 096 ლარს შეადგენდა, რასაც მოგების სახით უნდა დამატებოდა ამ თანხის 35% და სარგებლის სახით 64%. მოსარჩელის მოსაზრებით, ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა უკვე დადგენილი იყო და სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი სამუშაოების ჩატარების და კომისიის მიერ დასკვნის მიღების აუცილებლობა აღარ არსებობდა. სსკ-ის 911.1 მუხლის თანახმად, „თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვო გადახდა დაპირების თანახმად“. აღნიშნული დანაწესისა და სსკ-ის 623-625 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.10.2008წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებმადე, ხოლო 26.03.2015წ. განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.

გ. ა-მა 06.05.2015წ. სასამართლო მთავარ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისაგან 702 992 ლარის ანაზრაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.05.2015წ. საოქმო განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად საქმეში მესამე პირად ჩაერთო სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.2015წ. გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ქმედების განხორციელება სახელმწიფო საშიანო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მიერ დადგენილი სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმის საფუძველზე გ. ა-ისთვის მოთხოვნილი თანხის 702992 ლარის ანაზღაურების თაობაზე მსჯელობა, კანონით დადგენილ ვადაში.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48.1 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება და საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვა უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. N716 და N717 ბრძანებულებების შესაბამისად. ზემოაღნიშნული N716 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 02.07.2001წ. N258 ბრძანებულებით. N717 ბრძანებულებით განიზაღვრა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 02.11.1992წ. N1030 დადგენილებით საქარველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების მოწესრიგების მიზნით შეწყდა აღნიშნული ობლიგაციების მოქმედების ვადა და 1998 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა მათი დაფარვა, დადგინდა აგრეთვე კუპონის ლარზე გადაცვლის კურსი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 15.11.2004წ. N108 დადგენილებით სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, დადგენილებით განისაზღვრა, რომ კომისია შეიმუშავებს საშინაო ვალის ანაზრაურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მათ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.

მმართველობის ორგანოების მიერ პროპორციულობის პრინციპის საფუძველზე მოქმედება სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელისათვის თანხის ანაზრაურების საკითხზე „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.2015წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2016წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.2015წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. დამატებით აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე შეეხება პირის ქონებრივ უფლებებს, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღიარებულია, როგორც ვალი და დადასტურებულია ნება უზრუნველყოს აღიარებული სავალო ვალდებულებების გადახდა. საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ურთიერთობა გაანალიზებული უნდა იყოს სწორედ საკუთრებით-სამართლებრივ ჭრილში. პალატამ მიუთითა ადამინაის უფლებათა ევროპული სასამართლოს საპილოტო გადაწყვეტილებაზე (მანუშაქე რუტო და სხვები ალბანეთის წინააღმდეგ), რომელშიც ევროსასამართლო პრინციპულად მიიჩნევს კომპენსაციის ანაზრაურების ცალკეული ეტაპისათვის რეალისტური ვადების დადგენას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებადი ვერ იქნება “მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ლარის გაშვების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 16.09.1995წ. N363 ბრძანებულება და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 24.03.1993წ. N246 დაგენილება, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა სახელმწიფო ვალის მანეთიდან კუპონზე, ხოლო შემდგომ მისი ლარზე ინდექსირება. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. N716 ბრძანებულებას, რომელიც ითვალისწინებდა თანხის კუპონზე ინდექსაციის შესაძლებლობას, გამოცხადებულია ძალადაკარგულად.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2016წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება გამოსახულ უნდა იქნეს მოქმედ ეროვნულ ვალუტაში. კასატორის აზრით, ვინაიდან 1993 და 1995 წლებში მოხდა ეროვნული ვალუტის შეცვლა, სსკ-ის 389-ე მუხლიდან გამომდინარე, ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოსის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გამოშვების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 24.03.1993წ. დადგენილების მე-2 მუხლით, რომლის თანახმად თანაფარდობა კუპონსა და მანეთს შორის განისაზღვრა 1-1 და ასევე „მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ლარის გაშვების შესახებ“ საქართელოს სახელმწიფო მეთაურის 16.09.1995წ. N363 ბრძანებულების მე-4 მუხლით, რომლის თანახმად, კუპონის ლარზე გადაცვლის კურსი განისაზღვრა შეფარდებით 1 000 000 (ერთი მილიონი) კუპონი: 1 (ერთ) ლართან.

კასატორმა მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.2015წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე და აღნიშნა, რომ გაურკვეველია თუ რა ანაზღაურების მექანიზმის საფუძველზე უნდა იმსჯელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომპენსაციის გაცემისას, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მიერ დადგენილი ანაზღაურების მექანიზმი და კომისიას უფლებამოსილების ვადა აქვს გაგრძელებული. შესაბამისად, გადაწყვეტილება აღუსრულებადია. კასატორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკას.

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 1992 წელს ბანკში ფულის განაღდების დროს გ. ა-ზე გაიცა 3 010 000 რუსული რუბლის ოდენობის საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი ობლიგაციები. აღნიშნული ობლიგაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები საშინაო ვალად იქნა აღიარებული „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოცემული კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა ვალდებულებების დაფარვის წესი, დადგინდა, რომ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვა უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. N716 და N717 ბრძანებულებების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელციო პალატის მიერ, არ პასუხობს პროცესუალური და მატერიალური სამართლის მოთხოვნებს. გადაწყვეტილება არ შეიცავს სასამართლოს დასკვნას სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით (სსკ-ის 249-ე მუხ.), ცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს (სსკ-ის 248-ე მუხ.), საქმეზე არ დგინდება სასარჩელო მოთხოვნის შეცვლა, დაზუსტება ან ტრანსფორმირება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით შესაბამისი ფორმით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ აღძრა მავალებელი სარჩელი, კერძოდ მის მოთხოვნას შეადგენდა ქმედების განხორციელების დავალება (სასკ-ის 24-ე მუხ.) და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (სასკ-ის 23-ე მუხ.). მავალებელი სარჩელის აღძვრისას სარჩელის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება ან ისეთი ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება, რაც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მავალებელ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის წესს, ვინაიდან გადაწყვეტილებით დადგინდა არა ქმედების განხორციელების დავალება, არამედ მოპასუხეს დაევალა მსჯელობა მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე. საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს მიკუთვნებითი სარჩელის არსებით გადაწყვეტას, ასეთად ვერ ჩაითვლება მსჯელობის დავალება. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეში სარჩელზე უფლება არ კარგავს დისპოზიციურ ხასიათს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმაზე, რომ სარჩელის სახის შერჩევა მოსარჩელის უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, არ ადასტურებს სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების კანონიერებას. სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე აღძრული მავალებელი სარჩელით მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს არა აქტის გაუქმებას ან გამოცემას, არამედ ქმედების (რეალაქტის) განხორციელებას ან ასეთი ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავებას. სარჩელის აღნიშნული სახეობა შეცილებითი (სასკ-ის 22-ე მუხ.) და მავალებელი (სასკ-ის 23-ე მუხ.) სარჩელებისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს ხელახალი განხილვისთვის საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების ან აღნიშნულის შედეგად საკითხზე მსჯელობის დავალების შესაძლებლობას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე არ ითხოვდა სამართლებრივ მოწესრიგებას, ის მოითხოვდა უბრალოდ ფაქტობრივი მოქმედების განხორციელებას, თანხის გადახდას, ამ მიზნის მიღწევის საპროცესო საშუალებას წარმოადგენს სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის სახე. იმ შემთხვევაში თუ მოქმედი კანონმდებლობით ქმედების განხორციელებამდე აქტი უნდა გამოიცეს, რომლის გამოცემაზეც დაინტერესებულ პირს ეთქვა უარი, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია სასკ-ის 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული კომბინირებული სარჩელის აღძვრა. განსახილველ შემთხვევაში აღძრულია მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელი. მიკუთვნებითი სარჩელის (სასკ-ის 24-ე მუხ.) მიზანია რაიმე ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნა ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების დაველების მოთხოვნა. სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის გადაწყვეტით სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს მოქმედების განხორციელებას ან ამ მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავებას და არა საკითხზე მსჯელობას. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეს ჰქონდა სახელმწიფოს საშინაო ვალის მექანიზმის დადგენის შემოღების დაჩქარების ინტერესი, ხოლო სასამართლო თვლიდა, რომ დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნა საჭიროებდა აგრეთვე დავალიანების ანაზღაურების კონკრეტული წესის შემორებას, უნდა მომხდარიყო სარჩელის დაზუსტება ან ტრანსფორმირება (სასკ-ის 281 მუხ.), რასაც ადგილი არ ჰქონია. სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება, შეცვლა ან დაზუსტება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე მხარე ამგვარ პოზიციას გამოხატავს, რაც არ დასტურდება საქმის მასალებით.

სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საპროცესო ნორმების შესაბამისად ჩამოყალიბებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელსაც აღსრულებადობის თვისება უნდა ჰქონდეს, ანუ სასამართლო აქტი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ შესაძლებელი იყოს მისი აღსრულება. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არის იმდენად ბუნდოვანი, რომ მისი ბუნდოვანების აღმოფხვრა განმარტების გზითაც შეუძლებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად (სსკ-ის 262-ე მუხ.), ხოლო სარეზოლუციო ნაწილი არის ბუნდოვანი. პირველი ინსტანციის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილით, რომელიც ძალაში დარჩა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა ქმედების განხორციელება - სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მიერ დადგენილი სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმის საფუძველზე მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე მსჯელობა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ტექსტიდან გაუგებარია სახელმწიფო საშიანო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მიერ საშინაო ვალის ანაზღაურების რა დადგენილ მექანიზმს გულისხმობს სასამართლო მაშინ, როდესაც ასეთი მექანიზმი კომისიას არ შეუმუშავებია. კომისიის მიერ საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროსათვის მსჯელობის დავალება მოკლებულია საკანონმდებლო საფუძველს, რადგან კომისია არ ქმნის ასეთ მექანიზმს. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ არის გაანალიზებული კომისიის უფლებამოსილების საზღვრები, შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების და საქართველოს მთავრობის 15.11.2004წ. N108 დადგენილებით შექმნილი კომისიის კომპეტენციის ურთიერთმიმართება. სააპელაციო პალატა შემოიფარგლა კომისიის მუშაობის ეფექტურობის შეფასებით და არ დაუდგენია გ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების კავშირი სახელმწიფო კომისიის საქმიანობასთან. საქართველოს მთავრობის 15.11.2004წ. N108 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის დებულების“ 2.1 და 4.7 მუხლების თანახმად კომისია შემუშავებულ რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. რაც შეეხება „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დავალიანებას, რომელსაც ემყარება სასარჩელო მოთხოვნა, მისი დაფარვა კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. N717 ბრძანებულების შესაბამისად უნდა მოხდეს, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ 05.03.1998წ. კანონი ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესის შემუშავებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესის მიმართ (48-ე მუხ. მე-4 პუნქტი). ამდენად, დაუსაბუთებელია დასადგენი საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმის საფუძველზე სამინისტროსათვის დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მსჯელობის დაკისრება.

გაურკვეველია კონკრეტულად რა ვადას გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, როდესაც ავალებს მოპასუხეს - საქარველოს ფინანსთა სამინისტროს ანაზღაურების თაობაზე მსჯელობას კანონით დადგენილ ვადაში. საქმეში დაცული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 23.06.2008წ. წერილობითი პასუხით დასტურდება, რომ თანხის ანაზღაურების შესახებ გ. ა-ის მოთხოვნაზე უარი სამინისტრომ დააფუძნა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს მთავრობის 15.11.2004წ. N108 დადგენილებით შექმნილ საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მიერ ვალდებულებების ანაზღაურების მექანიზმის დამტკიცებამდე შეუძლებელი იყო თანხის ანაზღაურება. სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში ყურადღება გამახვილდა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48.1 მუხლით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიის ფუნქციაზე, აღინიშნა, რომ კომისია 2004 წელს შეიქმნა, ზემოაღნიშნული რეკომენდაციები შემუშავებული არ არის. სააპელაციო სასამართლომ კომისიის უმოქმდობაზე ყურადღების გამახვილებით აღნიშნა, რომ კომპენსაციის ცალკეული ეტაპებისათვის რეალისტური ვადები უნდა იქნეს დადგენილი, დროულად უნდა შემუშავდეს ის მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პირის უფლებას რეალობად აქცევს. საკასაციო პალატა იზიარებს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, კონკრეტული ვალდებულების სახელმწიფო ვალად აღიარება საჭიროებს მის დროული და ეფექტური ანაზღაურების მექანიზმის შემუშავებას (საქართველოს მთავრობის 15.11.2004წ. N108 დადგენილებაში 08.12.2017წ. N534 დადგენილებით შეტანილი ცვლილებით გაგრძელდა კომისიის საქმიანობის ვადა), თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ სახელმწიფო ვალის დაფარვის წესის შემუშავება უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ მთელ რიგ პროცედურებს, დიდძალი თანხების მობილიზებას, რომლის არარაციონალურმა დახარჯვამ, ბალანსის დაუცველობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს ფუნქციონირებას, მის ფინანსურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. დასაფარი სახელმწიფო დავალიანების მასშტაბების გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დავალიანების დაფარვის მექანიზმის რაციონალობას, გონივრულობას, დავალიანების პროცესის ორგანიზებულად წარმართვას, დაფარვის მექანიზმის ყველა პრობლემური საკითხის გათვლას და ა.შ. სახელმწიფოს მიერ აღიარებული სავალო ვალდებულების დაფარვის მექანიზმის შესახებ ნორმატიული აქტით მოსაწესრიგებელი საკითხის არაორდინალობის, საბიუჯეტო თანხების უკმარისობის, მოსაწესრიგებელი საკითხის რაციონალური ეკონომიკური მიდგომის აუცილებლობის, ეკონომიკურ-ფინანსური შესაძლებლობების დადგენის, ბიუჯეტის დაბალანსების საჭიროების და რიგი სხვა საკითხების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავალიანების დაფარვის წესის შემუშავება საჭიროებს დავალიანების დაფარვის წესთან დაკავშირებული პრობლემატიკის ზედმიწევნით შესწავლას, სათანადო რესურსების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებას. ასეთი წესის შემუშავება რთულ საფინანსო დაანგარიშებებთან არის დაკავშირებული, რომელზედაც მუშაობს კომისია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 07.02.12წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ო. ლანჩავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 24-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება ხდება სასკ-ის 331 მუხლის მიხედვით. მოთხოვნილი რეალაქტის მატერიალური კანონიერების შემოწმებისათვის მნიშვნელოვანია მისი განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების დადგენა. ამდენად, დავის გადაწყვეტა საჭიროებს სარჩელის საფუძვლიანობის, სადავო სამართალურთერთობის მომწესრიგებელი ნორმების ანალიზს. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ 05.03.1998წ. კანონის 48-ე მუხლის 1-ელ პუნქტში მოცემულია სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებული სავალო ვალდებულებების ჩამონათვალი. მოსარჩელის მოთხოვნა სწორედ 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულებას ემყარება, აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სარჩელი ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ. საქართველოს მთავრობის 15.11.2004წ. N108 დადგენილებით შექმნილ საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშიანო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციის შემუშავება დაევალა, თუმცა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. N716 და N717 ბრძანებულების შესაბამისად. კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საშინაო ვალად, სხვა დავალიანებებთან ერთად, აღიარებულ იქნა: მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების იდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება (48.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.); საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება (48.1. „ე“ ქვ.პ.). ხსენებული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების მიმართ აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ აღნიშნული დავალიანების დაფარვა უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. N716 და N717 ბრძანებულებების შესაბამისად. „მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმებისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. N716 ბრძანებულება, რომელიც მოსახლოეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაფარვას ეხებოდა, საქართველოს პრეზიდენტის 02.07.2001წ. N258 ბრძანებულებით ძალადაკარგულად ჩაითვალა. რაც შეეხება „საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 09.12.1997წ. N717 ბრძანებულებას, აღნიშნული ბრძანებულება არ გაუქმებულა, ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად.

საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. N717 ბრძანებულებით დადგენილია სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების დაფარვის ვადა და წესი. ბრძანებულებით მკაფიოდ განისაზღვრა ობლიგაციების განაღდების მექანიზმი. ხსენებული ბრძანებულება ძალაშია, კანონის 48-ე მუხლი პირდაპირ უთითებს, რომ დავალიანების ანაზღაურება უნდა მოხდეს ამ ბრძანებულების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტით უკვე დადგენილია ობლიგაციების განაღდების მექანიზმი, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მოცემულ სადავო სამართალურთიერთობაზე რა გავლენას მოახდენდა სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მიერ სამომავლოდ შესამუშავებელი რეკომენდაციები. მართალია, საქართველოს მთავრობის 15.11.2004წ. N108 დადგენილების თანახმად, კომისია შეიქმნა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48.1 მუხლით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციების დადგენის მიზნით, თუმცა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბლანკეტური ნორმა ადგენს საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვის სპეციალურ დანაწესს. ხსენებული ნორმის თანახმად, სახელმწიფოს ვალდებულებები ფინანსთა სამინისტრომ უნდა დაფაროს არა მის მიერ შემუშავებული წესებისა და რეკომენდაციების, არამედ საქართველოს პრეზიდენტის კონკრეტული ბრძანებულებების შესაბამისად. სააპელაციო პალატამ ხსენებული კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის ნორმატიული დანაწესის შედარების, ხსენებული ნორმის უარსაყოფად რაიმე არგუმენტის მოყვანის გარეშე დააკმაყოფილა ნაწილობრივ სარჩელი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი მითითება „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის დებულებებზე, კერძოდ ნორმატიული აქტის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედების, საკანონმდებლო აქტების უპირატესი ძალის, ნორმატიული აქტების იერარქიის, საკანონმდებლო აქტის პირდაპირი მოქმედების ძალის შესახებ სწორედ, რომ მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოს ადასტურებენ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეესაბამება გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოტივაციას.

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 02.11.1992წ. N1030 დადგენილებით დამტკიცებული 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობების მე-8 პუნქტის თანახმად, მოგებახვედრილი და ასევე მოუგებელი ობლიგაციები, ექვემდებარებოდნენ შესყიდვას ნომინალური ღირებულებით და ექვემდებარებოდნენ გასანაღდებლად წარდგენას 2004 წლის 1 იანვრამდე, ამ ვადის გასვლის შემდეგ ისინი კარგავდნენ ძალას და გასანაღდებელად არ მიიღებოდნენ. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 09.12.1997წ. N717 ბრძანებულების 1-ლი მუხლით დადგინდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 02.11.1992წ. N1030 დადგენილებით გამოშვებული სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების მოქმედების ვადა შეწყდა და განისაზღვრა მისი დაფარვა 1998 წლის 1 სექტემბრამდე. განისაზღვრა აგრეთვე, ობლიგაციების დაფარვის კონკრეტული ზღვრული ვადა, ობლიგაციების დაფარვა 1998 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მომხდარიყო. საქმეზე არ არის დადგენილი ამ ვადამდე მოსარჩელის მიმართვა, სასამართლოს მიერ არ დადგენილა საქართველოს პრეზიდენტის 09.12.1997წ. N717 ბრძანებულებით განსაზღვრული წესის შეუსრულებლობა(წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაევალებინა მოპასუხისათვის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით დავალიანების ანაზღაურება, რასაც ადგილი არ ჰქონია), ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა აშკარად სცდება 09.12.1997წ. N717 ბრძანებულებით განსაზღვრულ რეგულაციას, კერძოდ 09.12.1997წ. N717 ბრძანებულებით განსაზღვრულ სპეციალურ კურსს აშკარად აღემატება ის თანხა, რომელსაც ითხოვს მოსარჩელე და რომლის ანაზღაურების (702 992ლ.) თაობაზე მსჯელობასაც ავალებს სამინისტროს სასამართლო.

საქმის მასალებით არ დასტუდება საქართველოს პრეზიდენტის 09.12.1997წ. N717 ბრძანებულების საფუძველზე დანაწესის შესრულებაზე უარი, საქმის მასალებით იკვეთება არა იმდენად ობლიგაციის დაფარვის და ანაზღაურების მიღების, არამედ საკომპენსაციო თანხების მიღების ინტერესი, რომელიც სადღეისოდ კანონმდებლობით დადგენილი არ არის, ხოლო ასეთი საკომპენსაციო თანხის გაცემის შემოღების მოთხოვნა საჭიროებდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მავალებელი და არა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრას. ამდენად გადაწყვეტილების კანონიერებას არ ადასტურებს სააპელაციო პალატის მითითება „მანუშაქე პუტო და სხვები ალბანეთის წინააღმდეგ“(„Manushaqe Puto and Others v.Albania”) ევროპული სასამართლოს 17.12.2012წ. გადაწყვეტილებაზე, რომელიც ქონების რესტიტუციის სანაცვლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილების აღსრულებას ეხება.

საქმეზე დადგენილად არის მიჩნეული, რომ ბანკში ფულის განაღდების დროს 3010000 რუსული რუბლის ოდენობით მისცეს საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი ობლიგაციები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 02.11.1992წ. N1030 დადგენილების მე-5 მუხლი ადგენდა, რომ ობლიგაციების თავისუფალი მიყიდვა ხორციელდებოდა მკაცრ ნებაყოფლობით საფუძველზე იმ საბანკო დაწესებულებების საშუალებით, რომელთაც აქვთ ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების ჩატარების უფლების ლიცენზია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს 1992 წელს გადაეცა 3010000 მანეთის ოდენობის სახელმწიფო ობლიგაციები, რაც სახელმწიფოს მიერ აღიარებულია სახელმწიფო საშიანო ვალად. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი არის ეროვნული ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი, იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასანაზღაურებელი თანხა ეროვნულ ვალუტაში უნდა გამოისახოს. ეროვნული ვალუტის შეცვლა მოხდა 1993წ. და 1995 წ. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის მოცულობა საქსტატიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა. თანხის გადაანგარიშების აღნიშნული წესის გამოყენების მართლზომიერება სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, ქვედა ინსტანციის სასამართლო აქტებში არ არის მოყვანილი რაიმე მოსაზრება საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. N717 ბრძანებულებაში მოცემული ობლიგაციების ნომინალების დაფარვის ნორმატიულად დადგენილ თანაფარდობაზე უარის თქმისა და მსყიდველობისუნარიანობის მიხედვით თანხის ოდენობის დადგენის დასადასტურებლად. სკ-ის 389-ე მუხლის თანახმად, ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ვალდებულებებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის. ამასთანავე, კუპონიდან ლარზე გადაცვლის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კურსი განისაზღვრა „მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის „ლარის“ გაშვების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 16.09.1995წ. N363 ბრძანებულებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 09.12.1997წ. N717 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დადგინდა 1998 წლის 1 სექტემბრამდე დასაფარი ობლიგაციების ნომინალების დაფარვის კურსი, რომელიც განსხვავდებოდა კუპონის ლარზე გადაცვლის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ოფიციალური კურსისგან. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას არ ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 02.02.2010წ. გადაწყვეტილება საქმეზე „კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“, რადგან ხსენებული გადაწყვეტილება ეხება მოცემული საქმისაგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული განუსაზღვრელი დროით გაურკვევლობაში ყოფნას, სახელმწიფოს უმოქმედობას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, კანონით (48.2 მუხ.) ზუსტად არის განსაზღვრული 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურების მექანიზმი, ამასთანავე საკანონმდებლო აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი სსკ-ის მე-6.2 მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 7.3 მუხლის მიხედვით სასამართლოს მიერ არ დასმულა.

უკვე აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. N717 ბრძანებულებით განისაზღვრა ობლიგაციების ანაზღაურების მექანიზმის დაფარვის ვადა და კურსი. აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყვეტილების კანონიერებას არ ადასტურებს აგრეთვე სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ არ მომხდარა სახელმწიფო ვალის კუპონიდან ლარზე ინდექსირება. მსყიდველობით უნარზე უფლების ქონა, რაც უზრუნველყოფს ინფლაციას და სხვა სახის ფინანსური კრიზისისაგან დაცვას, არ არის გარანტირებული კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 07.02.2012წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ო. ლანჩავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ („Lanchava and Others v. Georgia”)). საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. N717 ბრძანებულებით გათვალისწინებული, ოფიციალური კურსისაგან განსხვავებული კურსის შედეგად მიღებული თანხის მსყიდველუნარიანობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 1992 წელს 3010000 მანეთის. ფულის მსყიდველუნარიანობა დამოკიდებულია იმ ეკონომიკურ პროცესებზე, რომლებიც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისათვის. აღნიშნულმა პროცესებმა შეიძლება ფულის გაუფასურება, მისი მსყიდველობითუნარიანობის დაცემა გამოიწვიოს. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს სესხის ობლიგაციების დაფარვის ნორმატიული აქტით მოწესრიგების პირობებში. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სახელმწიფოს მიერ ანაბრების მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებას და მათი ინდექსირების აუცილებლობას არ უკავშირებს კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს (იხ. 29.08.2002წ. გადაწყვეტილება „აპოლონოვი რუსეთის წინააღმდეგ“ („Appolonov v. russia”), 02.07.2002წ. გადაწყვეტილება „გაიდუკი და სხვები უკრაინის წინააღმდეგ“ (“Gayduk and others v. Ukraine”).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოკლებულია პროცესუალურ და სამართლებრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლიტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული თავისმხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საქმე უნდა დაუბრუნდეს ხელახალი განხილვისთვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2016წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი